ჩინურ ახალ წელს მსოფლიოს არაერთ ქალაქში მასშტაბურად აღნიშნავენ.
არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესის ჩინურ უბანში დღესასწაულზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ჩინური ზოდიაქოს მიხედვით, წელს ცეცხლოვანი ცხენის წელია.
ქალაქში დაგეგმილია მრავალდღიანი ღონისძიებები, კულტურული წარმოდგენები, კონცერტები და გასტრონომიული ფესტივალები. საზეიმო პროგრამა დრაკონისა და ლომის ცეკვებით გაიხსნა, მაყურებელს საბრძოლო ხელოვნების ნიმუშები შესთავაზეს. ისმოდა მუსიკა ცოცხალი შესრულებით. ღონისძიებაში ჩინურ თემთან დაკავშირებული ასობით ბიზნესი და ორგანიზაციაა ჩართული.

არგენტინაში ჩინური თემი ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ მიგრანტულ საზოგადოებად ითვლება. დღეს ქვეყანაში 180 ათასზე მეტი ჩინელი ცხოვრობს. ახალგაზრდა თაობა სულ უფრო მეტად სცილდება ტრადიციულ საოჯახო ბიზნესებს.
ჩინური ახალი წელი ტრადიციულად აღინიშნა ტაივანშიც, სადაც ისტორიულ ტაძარში ზარი 108-ჯერ ჩამოჰკრეს. ეს რიცხვი ჩინურ კულტურაში წარმატებისა და კეთილდღეობის სიმბოლოა.

სადღესასწაულო განწყობა იგრძნობა მოსკოვშიც. რუსეთის დედაქალაქში ჩინურ ახალ წელს ორი კვირის განმავლობაში აღნიშნავენ. ქუჩები წითელი ფარნებითა და დრაკონის ფიგურებით მოირთო, სტუმრებს ჩინური სამზარეულოს დაგემოვნებისა და ფოლკლორული წარმოდგენების ნახვის შესაძლებლობა აქვთ.

დღესასწაული ფართოდ აღინიშნა ჰონგ კონგშიც, სადაც მოქალაქეები ტაძრებში სურნელოვან საკმეველს ანთებენ. ჩინური ახალი წელი, რომელიც ჩინეთში ასევე გაზაფხულის ფესტივალად არის ცნობილი, წლის უმნიშვნელოვანეს დღესასწაულად ითვლება და ოჯახურ ერთიანობასა და კეთილდღეობასთან ასოცირდება.

