16 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაზვერვისგან მიიღო ინფორმაცია, რომ რუსეთი ენერგეტიკულ ობიექტებზე ახალი მასშტაბური დარტყმებისთვის ემზადება.
უკრაინის ლიდერმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რაკეტებისა და სისტემებისა მიწოდების შეფერხებაზე ისაუბრა და დასძინა, რომ ყოველი ასეთი დაგვიანება კიდევ უფრო მეტ ზიანს გამოიწვევს.
მან პარტნიორებს აუხსნა, რომ, რაც უფრო მეტი ბოროტება წამოვა რუსეთიდან, მით უფრო რთული იქნება მათთან რაიმე შეთანხმების მიღწევა, მისი თქმით, ეს, პირველ რიგში, შეერთებულ შტატებს ეხება.
„დაზვერვის ცნობით, რუსები ენერგოობიექტებზე ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებენ. საჰაერო თავდაცვა სათანადოდ უნდა იყოს მომზადებული. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი თავდასხმებს მუდმივად ხვეწს. ბოროტებაც ვითარდება. სამწუხაროდ. ეს არის კომბინირებული დარტყმები. ამის გამო პარტნიორებისგან დაცვა და შესაბამისი მხარდაჭერა გვჭირდება. საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდების ნებისმიერი შეფერხება, დაგვიანება დარტყმებით მიყენებული ზიანის მასშტაბურობას ზრდის.
ამჟამად ყველა სამმხრივი შეხვედრების გაგრძელებას ელოდება. ჩვენი დელეგაცია უკვე ჟენევაშია და მოლაპარაკებებისთვის ემზადება. რუსეთი ზამთრის ბოლო ცივი დღეებით სარგებლობს, ვერ უძლებს ცდუნებას. მას სურს, უკრაინელებს მტკივნეული დარტყმა მიაყენოს. რაც უფრო მეტი ბოროტება წამოვა რუსეთიდან, მით უფრო რთული იქნება მათთან რაიმე შეთანხმების მიღწევა. პარტნიორებმა ეს უნდა გაიგონ. უპირველეს ყოვლისა, ეს შეერთებულ შტატებს ეხება“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინის დელეგაცია აშშ-ის შუამავლობით დაგეგმილი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის უკვე ჟენევაშია. ისინი რუსეთის ოფიციალურ პირებს უნდა შეხვდნენ.
17 და 18 თებერვლის შეხვედრებზე ომის დასრულების საკითხში რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესის მოლოდინი არ არის, რადგან ორივე მხარე, როგორც ჩანს, თავის პოზიციაზე მყარად დგას, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა შეთანხმების მისაღწევად ბოლო ვადა ივნისი დააწესა.
მოლაპარაკების მთავარი თემაა უკრაინის იმ ტერიტორიების საკითხი, რომლებიც რუსეთს უკვე ოკუპირებული აქვს ან სურს, რომ დაიკავოს.

