მოსკოვი და კიევი ხანგრძლივი საუბრისთვის ემზადებიან, მათ შორის — ენერგეტიკაზე მორატორიუმის შესახებ. კიევი თანახმაა, მოსკოვი პასუხს არ ჩქარობს. დელეგაციები უკვე შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში იმყოფებიან, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებების ფართო სპექტრი იქნება განხილული — ამჯერად არა მხოლოდ უსაფრთხოება, პოლიტიკა თუ ჰუმანიტარული მიმართულება, არამედ მთავარი საკითხი — მიწა და ტერიტორიები, რაც მოლაპარაკებების მიმართ ინტერესს კიდევ უფრო ზრდის.
სწორედ აქედან გამომდინარე, არ გამოირიცხება იმის შესაძლებლობაც, რომ ამჯერად შედგეს უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი კონტაქტიც, თუმცა მეტწილად საუბრები სამმხრივ ფორმატში წარიმართება. ამჯერადაც მხარეებს შორის მედიატორის ფუნქციას სტივენ უიტკოფი და ჯარეტ კუშნერი ითავსებენ — დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, რომლებმაც მხარეებს აბუ-დაბიშიც უშუამდგომლეს მოლაპარაკებების პირველ და მეორე რაუნდებზე.
„წინ მართლაც დიდი საუბრები გველის. ვფიქრობ, ის მარტივად ჩაივლის. უკრაინისთვის უმჯობესია, თუ მოლაპარაკებების მაგიდას სწრაფად მიუჯდება — მხოლოდ ამას ვიტყოდი. ჩვენ ვართ იმ პოზიციაში, რომ მათ ამისკენ მოვუწოდოთ“, — უპასუხა ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. წინა შეხვედრისგან მას არა მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობა, არამედ დელეგაციების შემადგენლობაც განასხვავებს. რუსეთმა საკუთარი მომლაპარაკებლების გუნდის ხელმძღვანელი შეცვალა — მთავარი სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის, იგორ კოსტიუკოვის, ნაცვლად მას ამჯერად ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს. კრემლში ეს განსახილველ საკითხებთან შესაბამისობით ახსნეს. მედინსკი დელეგაციას სტამბოლში მიმდინარე მოლაპარაკებებშიც ხელმძღვანელობდა 2025 წლის მაისში. უკვე დღეს გამთენიისას ის შეცვლილ გუნდთან ერთად ჟენევაში ჩაფრინდა.
სასტუმრო „ინტერკონტინენტალში“ საუბრებისთვის მზადაა კიევიც. ამ მხრივ უკრაინის დელეგაციის შემადგენლობა უცვლელია: ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი; პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი და მისი პირველი მოადგილე სერგეი კისლიცა; ასევე ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი უმაღლეს რადაში — დავით არახამია. დელეგაციის წევრია ასევე სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე ვადიმ სკიბიცკი.
„დღის წესრიგი განსაზღვრულია. ჩვენი გუნდი მუშაობისთვის მზადაა. ველით კონსტრუქციულ სამუშაოს და საგნობრივ შეხვედრებს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების ირგვლივ, რათა წინ წავიწიოთ ღირსეული და მდგრადი მშვიდობის მიღწევის გზაზე“, — დაწერა პლატფორმა X-ზე უკრაინული დელეგაციის თავმჯდომარემ, რუსტემ უმეროვმა.
ჟენევაში მხარეების საუბრები ფრონტის ხაზზე ცეცხლის გაცვლის ფონზე მიმდინარეობს. მეზობელი უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესია გრძელდება, ამჯერად — კამიკაძე დრონების მეშვეობით. კიევში თებერვლის დასაწყისში განხორციელებული დარტყმის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
დედაქალაქის მარცხენა სანაპიროზე 1 110 სახლი თითქმის ორი კვირაა ენერგიის გარეშეა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მიმდინარე კვირას რამშტაინის ფორმატში ევროპელებთან შეხვედრა სწორედ ენერგეტიკის მიმართულებით დააანონსა. მასში დიდი შვიდეულის, სამხრეთ ევროპის და ბალტიის ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას. განისაზღვრება ის კონკრეტული საჭიროებები, რომლებიც ამ ეტაპზე ქვეყანას აქვს.
თავად ჟენევაში კი მოლაპარაკებები მედიის მონაწილეობის გარეშე, დახურულ კარს მიღმა ჩაივლის. შესაბამისად, მისი შედეგების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ოფიციალური განცხადებების სახით გავრცელდება.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმაც მიანიშნა, რომ საუბრების შესახებ დეტალები მანამ არ გახდება საჯარო, ვიდრე 1945 წლის შემდეგ ევროპის მიწაზე მიმდინარე ყველაზე დიდ ომში მთავარი პოლიტიკური გარღვევა არ მოხდება — შეთანხმება ტერიტორიებსა და ცეცხლის შეწყვეტაზე.

