„რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ეკვადორული ბაყაყის შხამით მოწამლეს“ — აცხადებს ხუთი ევროპული ქვეყანა საერთაშორისო გამოძიებაზე დაყრდნობით. დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, შვედეთისა და ნიდერლანდების მთავრობები დარწმუნებულნი არიან, რომ რუსი დისიდენტი ციმბირის კოლონიაში კრემლის ბრძანებით მოკლეს.
რამდენიმე ევროპულ ლაბორატორიაში ჩატარებული ბიოლოგიური მასალის კვლევისას გამოვლენილი იქნა ნივთიერება სახელწოდებით „ეპიბატიდინი“, რომელიც სამხრეთამერიკული ამფიბიის კანისგან მიიღება. რუსეთის ციხეში გარდაცვლილი ოპოზიციონერის ბიოლოგიური მასალის ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანა მარტივი ამოცანა არ ყოფილა, თუმცა ნავალნის ოჯახმა ეს მოახერხა.
„ეს ნივთიერება იწვევს ადამიანის პარალიზებას, მოკლე დროში თიშავს ნერვულ რეცეპტორებს და ადამიანი კვდება. ეს შხამი შესაძლოა მიღებულ იქნას თავად ბაყაყისგან და შესაძლოა მისი სინთეზირებაც. რუსეთში კი არსებობს დაწესებულება, სადაც ლაბორატორიულ პირობებში მას ამზადებენ. ეს აკრძალული ქიმიური იარაღია — მას ვერ იყიდი მეზობელ მაღაზიაში და ვერც სამზარეულოში მოამზადებ. ის ვერც შემთხვევით აღმოჩნდებოდა ხარპის კოლონიის სადამსჯელო საკანში. ის იქ მიიტანეს, რათა ალექსეი მოეკლათ. მე პირობა დავდე, რომ ამ ბრძოლას გავაგრძელებდი და ყველაფერს გავაკეთებ, რომ პუტინმა და მისმა თანამზრახველებმა პასუხი აგონ. ჩვენ ვიცოდით, რომ ვლადიმერ პუტინი მკვლელია — ეს კი ამის კიდევ ერთი დასტურია,“ — აღნიშნა ალექსეი ნავალნის ცოლმა, იულია ნავალნაიამ.
პუტინის მთავრობასთან და ქვეყანაში გამეფებულ კორუფციასთან წინააღმდეგობის მთავარ სახედ მიჩნეული ალექსეი ნავალნის მკვლელობიდან ზუსტად ორი წელი გავიდა. 2024 წლის 16 თებერვალს პოლიტიკური პატიმარი ციმბირის ციხეში, გაურკვეველ გარემოებებში გარდაიცვალა. კრემლმა ოფიციალურ მიზეზად ჯანმრთელობის კომბინირებული პრობლემების შედეგად დამდგარი ბუნებრივი სიკვდილი დაასახელა. თუმცა ორი წლის თავზე მსოფლიომ ალტერნატიული ახსნაც იხილა.
დიდ ბრიტანეთში რუსეთის მხრიდან აკრძალული ქიმიური ნივთიერებების გამოყენება გასაკვირი არ არის, განსაკუთრებით ქალაქ სოლსბერიში სკრიპალების ე.წ. „ნოვიჩოკით“ მოწამვლის შემდეგ. ლონდონი გამოძიებას გამოეხმაურა.
„მას შემდეგ, რაც ორი წლის წინ ალექსეი ნავალნი მოკლეს, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, მხარი დაგვეჭირა მისი ქვრივისთვის, იულიასთვის, სიმართლის ძიების საქმეში. დიდმა ბრიტანეთმა ევროპელ პარტნიორებთან ერთად დაადასტურა, რომ ალექსეი ნავალნის ორგანიზმში აღმოჩენილი იქნა ლეტალური ტოქსინი. მხოლოდ რუსეთის ხელისუფლებას ჰქონდა მიზეზი, მოტივი და შესაძლებლობა ეს გაეკეთებინა მაშინ, როდესაც ნავალნი ციხეში იმყოფებოდა. ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვააშკარავებთ კრემლის ბარბაროსობას, რადგან რუსეთის მთავრობა შეეცადა ამ გზით გაეჩუმებინა ოპონენტი. ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს, თუ როგორ უპატივცემულოდ ექცევა რუსეთი საკუთარ მოქალაქეებს. არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რაც ალექსეი ნავალნიმ თქვა — უნდა გავაკეთოთ ის, რისიც რუსეთის მთავრობას ყველაზე მეტად ეშინია: უნდა ვთქვათ სიმართლე. ეს კი ყველაზე საშიში იარაღია“, — განაცხადა ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანმა, ივეტ კუპერმა.
რუსი ოპოზიციონერის ოჯახის ინფორმაციით, საერთო დასკვნა ორმა ევროპულმა ლაბორატორიამ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მიიღო, რამაც მოწამვლის ვერსია კიდევ უფრო გაამყარა. მით უმეტეს, რომ სხვა რუსი დისიდენტების მსგავსად, ალექსეი ნავალნი მანამდეც გამხდარა მოწამვლის ობიექტი. 2020 წლის აგვისტოში მისი მოკვლა ე.წ. „ნოვიჩოკით“ თვითმფრინავში სცადეს. მაშინ ის გადარჩა და საზღვრებს გარეთ ხანგრძლივი მკურნალობაც დასჭირდა. 2021 წლის 17 იანვარს ნავალნი სამშობლოში დაბრუნდა, სადაც აეროპორტშივე დააკავეს და ციმბირში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაგზავნეს. ის მოსკოვში ბერლინიდან ჩაფრინდა — სწორედ გერმანიამ გაუწია მას დახმარება, სადაც რუსული ხელწერა კარგად ესმით.
„ორი წლის წინ შევიტყვეთ ამბავი, რომ ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა. დღეს უკვე ნათელია, რომ ის რუსეთში პატიმრობისას მოწამლეს — მის ბიოლოგიურ მასალაში ძლიერი ნეიროტოქსინი აღმოჩნდა. ეპიბატიდინი 200-ჯერ ძლიერია, ვიდრე მორფინი; ის იწვევს კუნთების პარალიზებას და მსხვერპლი აგონიაში ვარდება. პუტინის გარემოცვის გარდა არავინ იცის, რა მოხდა 2024 წლის 15 თებერვალს რუსეთის სადამსჯელო კოლონიაში. ნათელია, რომ რუსეთის ხელისუფლებას ჰქონდა მიზეზი და მოტივი ნავალნი მოეწამლა. სწორედ ამის უნდა ეშინოდეს პუტინს — რომ მსგავსი საქმეები გამოაშკარავდება და დღის სინათლეს იხილავს; რომ არსებობენ სახელმწიფოები, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, ნიდერლანდები, საფრანგეთი და გერმანია, რომლებიც ამას საჯაროდ იტყვიან. მოგვიწოდებენ, ბოლოს და ბოლოს, რუსეთს დაველაპარაკოთ — ჩვენ ამისთვის ვემზადებით, თუმცა აქ რუსეთმა თავისი მახინჯი სახე აჩვენა. ეს უნდა იცოდეს ყველამ, ვინც ფიქრობს, რომ დიალოგის მეორე მხარეს მშვიდობით დაინტერესებული, ხელშეკრულებებსა და ადამიანურ ღირებულებებზე მზრუნველი მხარე ზის. ასე არ არის“, — აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა.
ნივთიერება, რომლითაც რუსი ოპოზიციის ლიდერი მოკლეს, ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ იწვევს არტერიული წნევის მატებას, სასუნთქი გზების დაბლოკვას, კრუნჩხვებსა და კომას, საბოლოოდ კი — სიკვდილს. რუსეთში საერთაშორისო გამოძიების შედეგებს „ნეკროპროპაგანდას“ უწოდებენ. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნივთიერების ფორმულა და ანალიზის შედეგები მოითხოვა, ვიდრე კომენტარს გააკეთებენ. მანამდე მოსმენილს დასავლეთის მხრიდან ყურადღების გადატანის მცდელობად აფასებენ.
„ეს ძალიან ნეგატიურია. ბუნებრივია, ჩვენთვის მიუღებელია მსგავსი ბრალდებები. ჩვენ მათ არ ვეთანხმებით, მიკერძოებულად და უსაფუძვლოდ მივიჩნევთ და შესაბამისად, მტკიცედ უარვყოფთ“, — აღნიშნა კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.
ალექსეი ნავალნის გარდაცვალებიდან ორი წლის თავზე რუსი ოპოზიციონერი მოსკოვში გაიხსენეს. მოსახლეობამ მის საფლავზე სიმბოლურად მიიტანა ყვავილები, რითაც პატივისცემა გამოხატა ოპოზიციონერი ფიგურის მიმართ, რომელიც რუსეთში ცვლილებებისთვის იბრძოდა.

