უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები მორიგ სამშვიდობო მოლაპარაკებებს 17–18 თებერვალს გამართავენ, ამჯერად შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში.
რუსულ დელეგაციას ვლადიმერ პუტინის მარჯვენა ხელი, ვლადიმირ მედინსკი უხელმძღვანელებს, რამაც ექსპერტებს კონკრეტული დასკვნების გამოტანის საშუალება მისცა. კერძოდ, იმის, რომ შესაძლოა მედინსკის მოლაპარაკებებში დაბრუნება იმის მანიშნებელი იყოს, რომ საუბრებში უსაფრთხოების მიღმა არსებული საკითხებიც გამოჩნდა. ნებისმიერ შემთხვევაში, უკრაინა მზადაა საუბრებისთვის. დელეგაციას პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, კირილო ბუდანოვი უხელმძღვანელებს.
„ამ სამმხრივ შეხვედრაზე უკრაინულ დელეგაციას აქვს ყველა საჭირო ჩარჩო დისკუსიისთვის. ჩვენ გვქონდა კოორდინაცია სტივენ უიტკოფთან და ჯარეტ კუშნერთან. უკრაინა ყოველთვის იქნება კონსტრუქციული და ეს ამერიკულმა მხარემ იცის. ამასთან, უკრაინამ უნდა იხილოს კონკრეტული პროგრესი უსაფრთხოების ნაწილში, რათა არსებობდეს ნდობა დიპლომატიისა და შესაძლო შედეგების მიმართ. სწორედ უსაფრთხოების საკითხია საკვანძო ამ ომის დასრულებაში. უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები — ეს მთავარი პრიორიტეტია. კიდევ რამდენიმე ცივი დღე გველის წინ; ყველამ იხილა, როგორ იყენებს ამას რუსეთი. გთხოვთ, გაუფრთხილდით თავს, ყურადღება მიაქციეთ განგაშის სიგნალებს. გვაქვს კონტაქტი პარტნიორებთან და ხაზს ვუსვამთ, რომ ასეთი რისკი მხოლოდ აუარესებს ომის დასრულების შესაძლებლობას“, — აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მედინსკის მონაწილეობა წინა საუბრებში უკრაინულ მხარეს არ მოეწონა, რადგან თქვეს, რომ მოლაპარაკებებზე მეტად ის ისტორიის გაკვეთილის ჩატარებით იყო დაკავებული. მის გარეშე წარიმართა ბოლო კვირების შეხვედრები აბუ-დაბიში, სადაც მხარეებმა მხოლოდ პატიმრების გაცვლა შეათანხმეს.
„მინდა გაგახსენოთ პუტინის განცხადება, რომ რუსეთის მომლაპარაკებელთა დელეგაციის ხელმძღვანელი არის მედინსკი. ეს განცხადება გაკეთდა აბუ-დაბიმდეც და შემდეგაც, ამიტომ მედინსკი ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელად რჩებოდა. რატომ არ მონაწილეობდა ის აბუ-დაბიში? ეს იმიტომ, რომ მაშინ საკითხი ვიწროდ სამხედროებს ეხებოდა — შესაბამისად, კასტიუკოვის ხელმძღვანელობით ჯგუფიც სამხედრო იყო. ამჯერად განხილული იქნება საკითხების უფრო ფართო სპექტრი: მთავარი საკითხები, რომლებიც ეხება ტერიტორიებსა და სხვა დანარჩენს, იმ მოთხოვნებს, რომლებიც გაგვაჩნია. აქ უკვე აუცილებელია მთავარი მომლაპარაკებლის მონაწილეობა, ამჯერად დელეგაციაც გაფართოებული იქნება. პრეზიდენტი მუდმივ კონტაქტზეა ჩვენს მომლაპარაკებლებთან და გაფრენამდე ისინი მუდამ იღებენ მისგან რეკომენდაციებს“, — აღნიშნა კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა. ახალი მოლაპარაკებების მოლოდინის ფონზე გრძელდება სამხედრო მოქმედებები ფრონტის ხაზზე. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ანექსირებულ ყირიმში რუსეთის ნავთობტერმინალს დაარტყეს. ინტენსიური რჩება მოსკოვის იერიშები დრონებით უკრაინულ ქალაქებზე. რუსეთის შეიარაღებული ძალები 12 ახალი დასახლების დაკავების შესახებ იუწყებიან.
„სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება. თებერვლის თვეში დაჯგუფება „აღმოსავლეთის“ პასუხისმგებლობის ზონაში ჩვენს კონტროლქვეშ გადმოვიდა დასახლებული პუნქტები: სტარო უკრაინკა, პრიდაროჟნოე, ზალიზნიჩნოე და ცვეტკოვო“, — ამბობს რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი, ვალერი გერასიმოვი.
მძიმე იყო რუსეთის ბოლო იერიში ოდესაზე — დაიღუპა ერთი, დაიჭრა ექვსი ადამიანი. მოსახლეობას ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია და წყალი. მედიაში წერენ, რომ შესაძლოა მოლაპარაკებებზე ახალი მორატორიუმის საკითხიც განიხილონ, რომელიც ელექტროენერგიაზე დარტყმებს შეეხება.

