უნგრეთის ოპოზიციის ლიდერმა პეტერ მადიარმა ბუდაპეშტში საკუთარი პარტიის „ტისას“ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნა. მან პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანა დასავლურ კურსს დაუბრუნდება და ევროკავშირისა და ნატოს პარტნიორებთან ურთიერთობებს აღადგენს.
მადიარი პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობას კორუფციაში, ეკონომიკის არასწორ მართვასა და უნგრეთის საერთაშორისო იზოლაციაში ადანაშაულებს. მისი თქმით, „ტისას“ გამარჯვება ქვეყანას უსაფრთხოებასა და სტაბილურობას დაუბრუნებს.
გამოკითხვების მიხედვით, არჩევნების წინ „ტისა“ ლიდერობს და ორბანის პარტიას ბოლო 16 წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას უქმნის.
„უნგრეთის ეკონომიკა და შრომის პროდუქტიულობა მიწასთან არის გასწორებული. ვიქტორ ორბანის მთავრობა ვერ ახერხებს იმ ევროკავშირის ფონდების მოზიდვას, რომლებიც ქვეყანას ეკუთვნის. თუ ვიქტორ ორბანი დარჩება ხელისუფლებაში, გაგრძელდება მუდმივი საგანგებო მდგომარეობა, გამჭვირვალობის ნაკლებობა, არაპროგნოზირებადი გადაწყვეტილებები, ღამით გამოცემული სამთავრობო დადგენილებები, ევროკავშირისგან შორს ყოფნა და ქაოსი, სადაც ყველაფერს ერთი, ძალაუფლებით შეპყრობილი ადამიანის ნება მართავს. ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ უსაფრთხოება, სტაბილურობა და სიმშვიდე ამ ქვეყანაში მაშინ იქნება, როცა ხელისუფლებას „ტისა“ ჩამოაყალიბებს.
ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას და ამავე დროს ვიბრუნებთ ყველაფერს, რასაც ეს ლამაზი ქვეყანა ბოლო 16 წლის განმავლობაში მოწყვეტილი იყო. ვითარება ნათელია. უნგრეთის ადგილი ევროპაშია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ უნგრეთს სჭირდება ევროპა, არამედ იმიტომაც, რომ ევროპას სჭირდება უნგრეთი“.
ძვირფასო მეგობრებო, დროა, კორუფციას თავისი ნამდვილი სახელი დავარქვათ – ეს არის ქურდობა. ორბანის მთავრობამ მოჰპარა ფული ექთნებს, სოციალურ მუშაკებს, მან მოიპარა პაციენტებისთვის განკუთვნილი მედიკამენტები. უნგრელი პენსიონერების ჯიბეებიდან ათასობით მილიარდი ფორინტი გაქრა. ჩვენ კარგად ვიცით, სად არის ეს ფული – სასახლეებში, იახტებში, კერძო თვითმფრინავებში, კერძო საინვესტიციო ფონდებსა და ყოველდღიურ ფუფუნებაში. აქედან ვეუბნებით მას, რომ დავიბრუნებთ იმას, რაც უნგრელ ხალხს ეკუთვნის.
ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, დავრჩებით შიშის, სიძულვილისა და ქურდობის სისტემაში თუ საბოლოოდ დავიბრუნებთ ჩვენს მომავალს. 56 დღეში გადაწყდება, შევძლებთ თუ არა, ჩვენს ქვეყანას ახალი მიმართულება მივცეთ და ავაშენოთ წარმატებული, მშვიდობიანი, ფუნქციონირებადი და ჰუმანური უნგრეთი“ – განაცხადა უნგრეთის ოპოზიციის ლიდერმა პეტერ მადიარმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ქვეყნისთვის მთავარი საფრთხე არა რუსეთი, არამედ ევროკავშირია. ბუდაპეშტში მხარდამჭერებთან გამოსვლისას მან ბრიუსელი საბჭოთა რეჟიმს შეადარა და ევროკავშირის ლიდერების პოზიცია რუსეთის საფრთხის შესახებ არასერიოზულად შეაფასა.
არჩევნებამდე რვა კვირით ადრე ორბანი და მისი პარტია „ფიდესი“, გამოკითხვების მიხედვით, ჩამორჩებიან ოპოზიციურ პარტია „ტისასა“ და მის ლიდერს პეტერ მადიარს. ორბანი ევროკავშირსა და დასავლელ პარტნიორებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, ფინანსური სარგებლის მიღებასა და მის წინააღმდეგ პოლიტიკური შეთქმულების მოწყობაში ადანაშაულებს.
პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ მისი ოპონენტები უნგრეთის დასუსტებას ცდილობენ, ხოლო „ფიდესის“ მიზანი ქვეყნის დიდ და მდიდარ სახელმწიფოდ ქცევაა.
„უნდა შევეჩვიოთ იმ აზრს, რომ თავისუფლების მოყვარულებს არ უნდა ეშინოდეთ აღმოსავლეთის, არამედ ბრიუსელის და მშფოთვარე მზერა სწორედ ბრიუსელისკენ უნდა მივმართოთ. პუტინის გამო შიშის დათესვა პრიმიტიული და არასერიოზულია. ბრიუსელი კი ხელშესახები რეალობაა, ის საფრთხის წყაროა. ამას ოცი წლის წინ ვერასდროს წარმოვიდგენდით. მაგრამ ეს მწარე სიმართლეა და ამას ვერ შევეგუებით“.
აშშ-ის ახალი პრეზიდენტი დაუპირისპირდა ლიბერალთა გლობალურ ქსელს ბიზნესში, მედიასა და პოლიტიკაში, რითაც ჩვენი შანსები გააუმჯობესა. ახლა უკვე ჩვენც შეგვიძლია, უნგრეთში დიდი ნაბიჯები გადავდგათ და განვდევნოთ უცხოური გავლენა, რომელიც ჩვენს სუვერენიტეტს ზღუდავს, მათ აგენტებთან ერთად. ომის ერთ-ერთმა მთავარმა გამარჯვებულმა, კომპანია „შელმა“ რუსეთის ომისა და სანქციების შედეგად ათეულობით მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. მათი მიზანია, მოგვწყვიტონ რუსულ ნავთობსა და გაზს, გაზარდონ ფასები და უნგრეთში საკუთარ მოგებაზე იყვნენ ორიენტირებული. მათ არ ადარდებთ, რომ ეს უნგრულ ოჯახებსა და ბიზნესს დააზარალებს“.
ქალბატონებო და ბატონებო, საერთაშორისო ბანკებიც ომით სარგებლობენ, როგორც ყოველთვის. ბრიუსელი უკრაინას მხარს უჭერს, მაგრამ ფული არ აქვს, ამიტომ ბანკებისგან სესხულობს, რომლის დაბრუნებაც შემდეგ წევრ ქვეყნებს უწევთ. უბედურ ევროპელებს არწმუნებენ, თითქოს მათი ფული კეთილ საქმეს ხმარდება. სინამდვილეში კი ის მხოლოდ დასავლური მულტინაციონალური კორპორაციების საცავებს ავსებს“.
ჩვენს ოპონენტებს სურდათ, უნგრეთი პატარა და ღარიბი ყოფილიყო. ათწლეულების განმავლობაში გვასწავლიდნენ, რომ სუსტები და წაგებულები ვიყავით და ჩვენს ბედს უნდა შევგუებოდით. მაგრამ არა. ჩვენ აქ ვართ და ყველას მოვუწოდებთ, უნგრეთი კვლავ დიდ და მდიდარ ქვეყნად ვაქციოთ. ბევრი ვიმუშავეთ და წინსვლასაც მივაღწიეთ, მაგრამ საქმე ჯერ დასრულებული არ არის. ამიტომ აპრილში არჩევნები აუცილებლად უნდა მოვიგოთ. 2026 გამარჯვების წელი იქნება ოჯახებისთვის, მემარჯვენეებისთვის, „ფიდესისთვის“. ეს იქნება გამარჯვების წელი უნგრეთისთვის“ – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა.
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 2026 წლის 12 აპრილს არის დაგეგმილი.

