ამერიკის შეერთებული შტატები და ირანი არაპირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდს გამართავენ. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ირანის დედაქალაქ თეირანიდან შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც ბირთვულ საკითხებზე აშშ-ის წარმომადგენლებთან გამართავს მოლაპარაკებებს. წინა რაუნდის მსგავსად, ამჯერადაც მხარეებს შუამდგომლობას ომანი გაუწევს.
ჟენევაში მოლაპარაკებებს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი გამართავენ. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ირანთან ბირთვულ საკითხებზე შეთანხმებას მიაღწევს. თუმცა, მხარეებს შორის არსებობს სადავო საკითხებიც. აშშ აცხადებს, რომ ირანმა ურანის გამდიდრება ვერ უნდა შეძლოს, რასაც თეირანი არ ეთანხმება. ირანი კვლავ ამტკიცებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. ამავდროულად, ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად იმუქრებიან ბირთვული იარაღის შექმნით. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს იმედი აქვს, თეარანთან არსებული უთანხმოება დიპლომატიური გზით მოგვარდება.
„ირანზე თავდასხმებსა ან მსგავს თემებზე საუბარს არ ვაპირებ, რადგან პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ის უპირატესობას ანიჭებს დიპლომატიას და მოლაპარაკებების შედეგად მიღებულ შეთანხმებას. ახლა ჩვენ საქმე გვაქვს რადიკალ შიიტ სასულიერო პირებთან, იმ ადამიანებთან, რომლებიც პოლიტიკურ, გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებებს წმინდა თეოლოგიის საფუძველზე იღებენ. ეს კი რთული საკითხია. იმას ვგულისხმობ, რომ ირანთან წარმატებული გარიგება არავის არასდროს მოუხერხებია. მაგრამ ჩვენ შევეცდებით.
ჩვენ რეგიონში ერთი მარტივი მიზეზის გამო ვართ. გვესმის, რომ რეგიონში ჩვენი ძალების წინააღმდეგ საფრთხეები არსებობს. ვიცით, ადრე როგორ გვემუქრებოდნენ. ამიტომ, გვინდა დარწმუნდეთ, რომ მათ დასაცავად ჩვენ რეგიონში საკმარისი შესაძლებლობა გვაქვს“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებისას მისი პრიორიტეტი ირანისთვის ბირთვული პროგრამის შემცირებაა. ირანული მხარის ინფორმაციით კი, მოლაპარაკებები მხოლოდ ბირთვულ პროგრამას უნდა შეეხოს. ამ მიდგომას არ ეთანხმება ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელიც გასულ კვირას ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას, დონალდ ტრამპს შეხვდდა. ირანში ბირთვული პროგრამების სრუალად გაუქმებასთან ერთად, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ასევე ითხოვს, განეიტრალდეს ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამა და ირანმა შეწყვიტოს ისეთი მარიონეტული დაჯგუფებების დაფინანსება, როგორებიც არიან „ჰამასი“ ღაზას სექტორში და „ჰეზბოლა“ ლიბანში.
„თუ შეთანხმება შედგება, ის უნდა შეიცავდეს რამდენიმე კომპონენტს, რომლებიც, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ისრაელის, არამედ შეერთებული შტატების, რეგიონისა და მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის. პირველი არის ის, რომ გამდიდრებული ურანი ირანიდან სრულად უნდა გავიდეს. მეორე, არ უნდა არსებობდეს გამდიდრების შესაძლებლობა. გამდიდრების პროცესი უბრალოდ კი არ უნდა შეჩერდეს, სრულად უნდა დაიშალოს ის აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა, რომლებიც ურანის გამდიდრების საშუალებას იძლევა. მესამე – საჭიროა ბალისტიკური რაკეტების საკითხების განხილვა. არსებობს სარაკეტო ტექნოლოგიების კონტროლის რეჟიმი – 300-კილომეტრიანი შეზღუდვა და ირანმა უნდა დაიცვას ის“, – ამბობს ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ.
ამერიკული მედიასაშუალება CBS News-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ თუ ვაშინგტონი და თეირანი შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, პრეზიდენტი ისრაელის მხრიდან ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზე იერიშის მიტანას მხარს დაუჭერს. პარალერულად აშშ ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ ავიამზიდს გზავნის. მსოფლიოში ორი ყველაზე დიდი ავიამზიდის რეგიონში განთავსებით, დონალდ ტრამპის მიზანია ირანი აიძულოს, დასთანხმდეს ბირთული პროგრამის ხელშეკრულებას.

