მთავარიევროპაგერმანიაგზავნილები მიუნხენის კონფერენციიდან - ტრანსატლანტიკური ურთიერთობა ყურადღების ცენტრში

გზავნილები მიუნხენის კონფერენციიდან – ტრანსატლანტიკური ურთიერთობა ყურადღების ცენტრში

სამდღიანი განხილვები, მნიშვნელოვანი გზავნილები და ტრანსატლანტიკური ურთიერთობები ყურადღების ცენტრში — მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამ უმაღლესი რანგის დელეგაციებს თავი კიდევ ერთხელ მოუყარა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, ევროპას მოუწოდა, დასავლეთის, როგორც საერთო ცივილიზაციის, გადარჩენაში წვლილი შეიტანოს. მანვე თქვა ისიც, რომ შტატები და ევროპა ერთად უნდა იყვნენ, თუმცა ვაშინგტონს მოკავშირეების „მომვლელის“ როლში ყოფნის ინტერესი არ აქვს.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა კი განაცხადა, რომ ევროკავშირს გადარჩენა არ სჭირდება.

„ჩვენ გულწრფელად ვზრუნავთ თქვენს და ჩვენს მომავალზე. და თუ ზოგჯერ უთანხმოება გვაქვს, ეს გამომდინარეობს ჩვენი ღრმა პასუხისმგებლობიდან იმ ევროპის მიმართ, რომელთანაც დაკავშირებული ვართ არა მხოლოდ ეკონომიკურად, არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ სულიერად და კულტურულადაც. ჩვენ გვინდა, რომ ევროპა ძლიერი იყოს. გვჯერა, რომ ევროპა უნდა გადარჩეს, რადგან გასული საუკუნის ორი დიდი ომი ჩვენთვის იმის მუდმივი შეხსენებაა, რომ საბოლოოდ ჩვენი ბედი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და ეს ყოველთვის ასე იქნება.

გამარჯვების ეიფორიამ მიგვიყვანა სახიფათო ილუზიამდე, თითქოს „ისტორიის დასასრულს“ მივაღწიეთ — რომ ყველა ქვეყანა ლიბერალური დემოკრატია გახდებოდა, რომ მხოლოდ ვაჭრობით შექმნილი კავშირები ეროვნულობას ჩაანაცვლებდა, რომ წესებზე დაფუძნებული გლობალური წესრიგი ეროვნულ ინტერესებს ჩაანაცვლებდა და რომ ვიცხოვრებდით სამყაროში, სადაც საზღვრები არ არსებობს და ყველა მსოფლიოს მოქალაქეა.

ეს უგუნური იდეა იყო და იგი უგულებელყოფდა როგორც ადამიანის ბუნებას, ისე 5 000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაგროვილ ისტორიულ გაკვეთილებს. ამას კი ძვირი ფასი დავუკარით.

ეს შეცდომები ერთად დავუშვით და ახლა ჩვენი ხალხის წინაშე ერთად ვართ ვალდებულები, რომ ფაქტებს თვალი გავუსწოროთ, წინ წავიდეთ და დანგრეული აღვადგინოთ. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ საკუთარ თავზე აიღებს განახლებისა და აღდგენის ამოცანას. ამას ამოძრავებს მომავლის ხედვა, რომელიც ისეთივე ამაყი, სუვერენული და სიცოცხლით სავსე იქნება, როგორც ჩვენი ცივილიზაციის წარსული. და მიუხედავად იმისა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ ეს მარტო გავაკეთოთ, ჩვენი სურვილი და იმედი არის, რომ ამას თქვენთან — ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად გავაკეთებთ, რადგან შეერთებული შტატები და ევროპა ერთად უნდა იყვნენ“, — განაცხადა მარკო რუბიომ.

სახელმწიფო მდივნის ტონი გასულ წელს მიუნხენში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის, გამოსვლასთან შედარებით რბილი იყო, თუმცა გზავნილი მსგავსად ჟღერდა: დასავლეთი ცივილიზაციური დაღმასვლის წინაშე დგას და ეს არასწორი მიდგომების — „კლიმატის კულტისა“ და მასობრივი მიგრაციის — შედეგია.

„ის ჩვენი კარგი მეგობარია — ნამდვილად ძლიერი მოკავშირე“, — ასე გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის გზავნილებს. მან მარკო რუბიოს სიტყვა მოიწონა და განაცხადა, რომ ევროპის გაძლიერებისთვის, ანუ იმისთვის, რასაც ვაშინგტონი მოკავშირისგან ითხოვს, ევროკავშირი ინტენსიურად მუშაობს.

„სახელმწიფო მდივნის გამოსვლამ დიდწილად დამამშვიდა. ჩვენ მას ვიცნობთ. ის ჩვენი კარგი მეგობარია — ნამდვილად ძლიერი მოკავშირე. ჩემთვის მისი მოსმენა ძალიან იმედისმომცემი იყო. ვიცით, რომ ადმინისტრაციაში ზოგი ამ საკითხებზე უფრო მკაცრი ტონით საუბრობს, თუმცა სახელმწიფო მდივანი ძალიან მკაფიო იყო. მან თქვა, რომ ალიანსის ფარგლებში ძლიერი ევროპა სურს. ამისთვის ევროკავშირში ინტენსიურად ვმუშაობთ. ჩვენ უნდა ვიყოთ დამოუკიდებელი ევროპა და არა ისეთი, რომელიც ვინმეს ეყრდნობა“, — განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ტრანსატლანტიკური ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა გერმანიის კანცლერმაც და განაცხადა, რომ იგი მნიშვნელოვანი და ღირებულია არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ ორივე მხარისთვის.

„ჩინეთი გლობალურ ლიდერობაზე აცხადებს პრეტენზიას. მან ამის საფუძველი მრავალი წლის განმავლობაში სტრატეგიული მოთმინებით ჩაყარა. ახლო მომავალში პეკინი შესაძლოა სამხედრო თვალსაზრისით შეერთებული შტატების დონეს გაუტოლდეს. ჩინეთი სისტემატურად იყენებს სხვების დამოკიდებულებებს საკუთარი სარგებლისთვის, მათ შორის — საერთაშორისო წესრიგსაც. თუ ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ ისტორიაში ერთპოლუსიანი მომენტი არსებობდა, ის დიდი ხანია დასრულდა. ნებისმიერ შემთხვევაში, შეერთებული შტატების პრეტენზია ლიდერობაზე გამოწვევის წინაშე დგას და შესაძლოა უკვე გაფლანგულიც იყოს.

ნება მომეცით, ეს ჩვენი ამერიკელი მეგობრებისთვის ინგლისურად შევაჯამო. სამი თაობის განმავლობაში ნდობამ მოკავშირეებს, პარტნიორებსა და მეგობრებს შორის ნატო ისტორიაში ყველაზე ძლიერ ალიანსად აქცია. ევროპამ კარგად იცის, რამდენად ფასეულია ეს. დიდი ძალების კონკურენციის ეპოქაში თვით შეერთებული შტატებიც კი არ იქნება საკმარისად ძლიერი, რომ ყველაფერი მარტომ გააკეთოს. ძვირფასო მეგობრებო, ნატოს წევრობა მხოლოდ ევროპის კონკურენტული უპირატესობა არ არის — ეს შეერთებული შტატების კონკურენტული უპირატესობაცაა“, — თქვა ფრიდრიხ მერცმა.

გერმანიის კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ ტრანსატლანტიკური ნდობის აღდგენის საქმეში ევროპა საკუთარ წილს ასრულებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend