მთავარიკულტურაბერლინალე ავღანელი რეჟისორის ფილმით „არც ერთი კარგი კაცი” გაიხსნა

ბერლინალე ავღანელი რეჟისორის ფილმით „არც ერთი კარგი კაცი” გაიხსნა

ბერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გახსნა ავღანელი ქალი კინორეჟისორის, შარბანუ სადატის ფილმმა „არც ერთი კარგი კაცი“. ფილმის სცენარისტი, რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი თავად შარბანუ სადატია.

პოლიტიკურ-რომანტიკულ კომედიაში მოქმედება ავღანეთში თალიბანის აღზევებისა და ქვეყნის გარდამავალ პერიოდში ვითარდება და პირადი დრამის ისტორიებს ქვეყანაში არსებულ საფრთხეებთან აერთიანებს. ფილმის რეჟისორის თქმით, ბერლინალეზე ფილმის ჩვენება შესანიშნავი შესაძლებლობაა არა მხოლოდ მისთვის, არამედ ზოგადად ავღანური კინოსთვის.

„მე ავღანეთი მიყვარს, მაგრამ არ შემიძლია თვალები დავხუჭო პატრიარქატზე, სექსიზმსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე და ავღანეთზე მხოლოდ დადებითად ვისაუბრო. ამით ჩემს ხალხს იმედებს ვუცრუებ. მაგრამ მეორეს მხრივ, ევროპის ფულით ფილმებს ვიღებ და ავღანურ ისტორიებს ვქმნი. არსებობს დიდი მოლოდინი, რომ ვიყო პოლიტიკური კინორეჟისორი, ფემინისტი კინორეჟისორი და ომზე ფილმები გადავიღო“, — ამბობს ფილმის რეჟისორი.

ფილმი ოპერატორი ქალის, ნაურუს, შესახებ მოგვითხრობს, რომელიც კარიერის, რომანტიკული ურთიერთობებისა და შვილის დაბალანსებას ცდილობს. რეჟისორი ამბობს, რომ კოცნის სცენის გამო მთავარი როლის შემსრულებელმა მსახიობმა გადაღებების დაწყებამდე სამი კვირით ადრე დატოვა პროექტი. შესაბამისად, შარბანუ სადატი იძულებული გახდა მთავარი როლი თავად შეესრულებინა.

„სახალისო ის იყო, რომ ყველას, ვისაც ნაურუს როლის შესრულება სურდა, არ უნდოდა კოცნის სცენის გადაღება. მე პირიქით, მინდოდა კოცნა, მაგრამ ფილმის დანარჩენი ნაწილის გადაღება არ მინდოდა. მათ კი, ვისაც ყველა სცენის შესრულების სურვილი ჰქონდათ, ევროპაში ან დასავლეთში მცხოვრები მეორე ან მესამე თაობის ავღანელი ქალები წარმოადგენდნენ. თუმცა მათ როლის შესრულება არ შეეძლოთ. ისინი ამ როლს ვერ გაითავისებდნენ, რადგან არ ჰქონდათ ავღანელი ქალის ცხოვრებისეული გამოცდილება. მათ არ იცოდნენ, როგორია ამ ქალის ცხოვრება — ამ ქალაქში, ამ სისტემაში ცხოვრება“, — ამბობს შარბანუ სადატი.

ბერლინის 76-ე კინოფესტივალზე ცხოვრებისეული მიღწევისთვის სპეციალური „ოქროს დათვი“ ცნობილ მსახიობს, მიშელ იეოს, გადაეცემა.

„ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდი ჯილდოა, რადგან ის მხოლოდ ერთი ფილმისთვის არ გერგება — ის თითქმის მთელ ჩემს 40-წლიან კარიერას ეხება. თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს ერთადერთი მიღწევა არ იქნება. იმედი მაქვს, წინ გრძელი გზა მელის. ეს კარგი შეხსენებაა, რომ გავაგრძელო სწავლა, გავაგრძელო უკეთესობისკენ სწრაფვა და გავაგრძელო ყველასთვის მეტი ფილმისა და სერიალის გადაღება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წითელ ხალიჩაზე უფრო მეტი ადამიანი ვიხილოთ, ვინც ჩემნაირად გამოიყურება. კამერის წინ და მის უკანაც იმდენი წარმოუდგენლად კარგი აზიელი კინორეჟისორია… და ისინი დაფასებას ბევრად უფრო იმსახურებენ, ვიდრე მე“, — ამბობს მიშელ იეო.

ბერლინის კინოფესტივალის წითელი ხალიჩის გახსნის ცერემონია პოლიტიკური აქტივიზმის გარეშე არ ჩაუვლია. ფესტივალის მონაწილეები წითელ ხალიჩაზე ირანის, უკრაინისა და პალესტინის მხარდამჭერი ბანერებით გამოვიდნენ. ბერლინალეს ჟიურის პრეზიდენტი, ვიმ ვენდერსი, ამბობს, რომ „ფილმებს შეუძლიათ სამყაროს შეცვლა“, თუმცა მათ მთავრობების გადაწყვეტილებებსა და პოლიტიკოსების ქმედებებზე გავლენა ვერ ექნებათ.

„ფილმებს შეუძლიათ სამყაროს შეცვლა — არა პოლიტიკური თვალსაზრისით. არც ერთ ფილმს პოლიტიკოსის ხედვა რეალურად არ შეუცვლია, თუმცა ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ადამიანების ხედვა, თუ როგორ უნდა იცხოვრონ. იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება სურთ, და მთავრობებს შორის, რომლებსაც სხვა იდეები აქვთ, დიდი შეუსაბამობაა. ვფიქრობ, რომ ფილმები ამ შეუსაბამობას აშკარავებენ. როდესაც ახალ ამბებს უყურებ, ვერაფერს იგებ, მაგრამ ბევრად მეტს იგებ, როდესაც კინოდან გამოდიხარ. პერსონაჟის მდგომარეობაში შედიხარ, მის ტანჯვას ხედავ და ხედავ, როგორ სურდა მას ცხოვრება. ფილმს თანაგრძნობისა და ემპათიის გამოხატვის მხრივ წარმოუდგენელი ძალა აქვს. ახალი ამბები არ არის ემპათიური. პოლიტიკა არ არის ემპათიური, მაგრამ ფილმები არის — და სწორედ ეს არის ჩვენი მოვალეობა“, — ამბობს ვიმ ვენდერსი.

წელს ბერლინალეზე ფესტივალის მთავარი პრიზისთვის — „ოქროს დათვისთვის“ — 22 ფილმი იბრძოლებს. მათ შორის 20 მხატვრული ფილმია, ერთი დოკუმენტური და ერთი — ანიმაციური. ბერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 22 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend