მთავარისპორტიხელოვნური ინტელექტი, ღრუბელზე დაფუძნებული სისტემები - ახალი ტექნოლოგიები ოლიმპიური თამაშების ტრანსლაციის გზებს...

ხელოვნური ინტელექტი, ღრუბელზე დაფუძნებული სისტემები – ახალი ტექნოლოგიები ოლიმპიური თამაშების ტრანსლაციის გზებს ცვლიან

ხელოვნური ინტელექტი, ღრუბელზე დაფუძნებული სისტემები და ახალი ტექნოლოგიები ოლიმპიური თამაშების ტრანსლაციის გზებს ცვლიან.

ოლიმპიური მაუწყებლობის სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის, იანის ეგზარქოსის თქმით, ახალი ტექნოლოგიები ხელს უწყობს სხვადასხვა ტიპის მასალის შექმნასა და მის აუდიტორიამდე მარტივად მიწოდებას.

მისი თქმით, ცვლილება განპირობებულია იმით, თუ როგორ იყენებენ ადამიანები მედიასაშუალებებს. გულშემატკივრები ოლიმპიურ თამაშებს ახლა ხშირ შემთხვევაში ტელეფონით ადევნებენ თვალს.

ახლა ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენებით გამარტივდა კადრების გაანალიზება. ეს სისტემები უზრუნველყოფს სტრობოსკოპიულ შენელებულ რეპორტაჟს — მაგალითად, შესაძლებელია სნოუბორდერის მოძრაობა შეჩერდეს და კადრებად დაიყოს, რითაც 360-გრადუსიანი კადრის შექმნა ხდება. თუმცა, როგორც ოლიმპიური მაუწყებლობის სერვისების აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, ხელოვნური ინტელექტის მასშტაბურად გამოყენების მიუხედავად, საბოლოოდ მასალაზე პასუხისმგებელი მაინც ადამიანია.

„როდესაც ამდენ მასალასთან გიწევს გამკლავება, შეუძლებელია ამის სწრაფად გაკეთება მხოლოდ ადამიანის ძალისხმევით. ვგულისხმობ, რომ ამისთვის პროდიუსერებისა და რედაქტორების არმიაა საჭირო. საბოლოო ჯამში, ის, რასაც ვაქვეყნებთ, ადამიანების — ჩვენი პროდიუსერების — გადაწყვეტილებაა. ჩვენ გვჯერა, რომ კრეატიულობას, ცოდნასა და გაგებას ადამიანი სჭირდება“, — ამბობს იანის ეგზარქოსი.

ზამთრის მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ასევე შეიცვალა ინფრასტრუქტურა, რომელიც გაშუქებისთვისაა საჭირო. ადრე ამ ადგილას დიდი სამაუწყებლო აპარატურა უნდა დამონტაჟებულიყო. დღეს სამაუწყებლო სატვირთო მანქანებისა და სხვადასხვა სისტემის ნაცვლად, მასალის დისტანციურად დასამუშავებლად და გასავრცელებლად ღრუბელზე დაფუძნებულ სისტემებს იყენებენ. ეს სამაუწყებლო გუნდს საშუალებას აძლევს, სწრაფად გაზარდოს მასალის მოცულობა დარბაზებში დამატებითი აღჭურვილობის მიტანის გარეშე.

მილან-კორტინას თამაშებს იღებდნენ დრონებიც. დრონების საშუალებით გულშემატკივარი შეჯიბრებებს უფრო ახლოდან ადევნებს თვალს. ჩვეულებრივი სამაუწყებლო დრონებისგან განსხვავებით, FPV დრონები, რომლებიც უფრო პატარა და სწრაფია, ასახავს იმას, რასაც სპორტსმენი ხედავს. ვიდეოსათვალეებით აღჭურვილი პილოტების საშუალებით დრონები ძალიან მაღალი სიჩქარითა და სიზუსტით დაფრინავენ.

„დრონები ჩვენთვის შესანიშნავი ინსტრუმენტია. შეგვიძლია ძალიან ახლოდან ვაჩვენოთ, რას ხედავს სპორტსმენი და რას ნიშნავს ასპარეზობა. როგორია ამ მთებში დაღმართზე საათში 100 კილომეტრის სიჩქარით სრიალი? რას გრძნობს სპორტსმენი ციგურებით სრიალისას? რას გრძნობ, როდესაც ბობსლეით საათში 160 კილომეტრის სიჩქარით მიდიხარ? ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა თამაშების ყურებისას ეს ყველაფერი შეიგრძნოს“, — ამბობს იანის ეგზარქოსი.

იანის ეგზარქოსი ამბობს, რომ ტექნოლოგიური განვითარებების მიუხედავად, მათთვის მთავარი მაინც თავად სპორტსმენები არიან, ასევე მათი ისტორიები და ოლიმპიური თამაშების სულისკვეთება.

„ჩვენ უნდა შევქმნათ მასალა სპორტსმენებზე, ადამიანებსა და მათ ემოციებზე. ამიტომ ჩემთვის ტექნოლოგია საინტერესოა, როგორც ხელსაწყო, რომელიც თხრობას გვიადვილებს. ხალხს ამბების მოყოლა სურს და ისინი ამბის მთხრობელები არიან. ათასობით წელია ასე ვართ. ამბის თხობა ჩვენს გენებში, ჩვენს ტვინშია ჩაბეჭდილი. ეს არის გზა, რომლითაც ადამიანები წყვეტენ პრობლემებს, ურთიერთობენ და ავითარებენ ცივილიზაციებს. სწორედ ეს არის ჩემთვის მთავარი, ყველა იმ ფანტასტიკურ ახალ სიკეთესთან დაკავშირებით, რომელიც ტექნოლოგიას მოაქვს. ჩვენ ყველა ახალ ტექნოლოგიას გამოვცდით და შევამოწმებთ და მხოლოდ იმას მივიღებთ, რაც ოლიმპიური თამაშებისას დაგვეხმარება უნიკალური, ადამიანური და ძალიან ღრმა ემოციური ამბის გადმოცემაში“, — ამბობს იანის ეგზარქოსი.

მილან-კორტინა 2026-ზე მასპინძელი მაუწყებელი დაახლოებით 6500 საათის მასალას შექმნის, რაც თავად თამაშების ხანგრძლივობაზე ექვსჯერ მეტია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend