მიუნხენი უსაფრთხოების კონფერენციის გახსნის ცერემონიისთვის ემზადება, რომელიც 13–15 თებერვალს გაიმართება. გერმანიის ამ ქალაქში მთავარი ღონისძიებისთვის ტრადიციული სიფრთხილით მოემზადნენ, რადგან წელსაც სტუმრების რიცხვი დიდია — დაახლოებით 100 000 ადამიანი.
ქვეყნის სხვადასხვა წერტილიდან 5 000 პოლიციის ოფიცერი უკვე ადგილზეა მობილიზებული, ისევე როგორც საჭიროების შემთხვევაში გამოყოფილი საპოლიციო ჯგუფები ავსტრიიდან, შვეიცარიიდან, საფრანგეთიდან და ნიდერლანდებიდან. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ მსოფლიო ლიდერებს შორის მთავარ გეოპოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობას ხელი არაფერმა შეუშალოს. ასეთი საკითხები კი იმაზე მეტია, ვიდრე ოდესმე.
„მიუნხენში დიდი რაოდენობით მაღალი რანგის პირები და ლიდერები მოიყრიან თავს. ადგილზე იქნებიან სამხედრო მაღალჩინოსნებიც და პოლიტიკური ფიგურებიც. გარდა მთავარი ღონისძიებისა, არაერთი შეხვედრა შედგება ოფიციალურ პირებს შორის. შესაბამისად, მიუნხენის პოლიციას სერიოზული მისია აკისრია, რომლის დაგეგმვაც გასულ წელსვე დავიწყეთ“, — აღნიშნეს მიუნხენის პოლიციის ხელმძღვანელობაში.
მსოფლიო ლიდერებთან შესახვედრად წლევანდელ კონფერენციაზე წასვლის გადაწყვეტილების მიღებას უკრაინის პრეზიდენტი არ ჩქარობს. ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციას ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ევროპის ყოველწლიური კონფერენციისთვის ამერიკის კონტინენტი უკვე დატოვა მარკო რუბიომ. სახელმწიფო მდივანი დიპლომატიური განხილვების მოლოდინშია, საკითხები კი აშშ-ისთვის მრავლადაა: მოლაპარაკებები ირანთან, გრენლანდია, ტრანსატლანტიკური კავშირები და, რაც მთავარია, უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების ბედი.
„100 პროცენტით დარწმუნებული არ ვარ, თუმცა ვფიქრობ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა ჩემს განრიგში წერია. მგონია, რომ ის იქ იქნება და შესაბამისად მექნება შანსი, მას გავესაუბრო. რაც შეეხება რუსეთის იერიშებს, ეს საშინელებაა — წარმოუდგენელი ტანჯვაა წლის ყველაზე ცივ პერიოდში. ეს ომია და ამიტომაც გვსურს, ის მალე დასრულდეს. დარწმუნებული ვარ, ვინმე გრენლანდიის თემაზეც მოისურვებს საუბარს. ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ და კარგადაც ვართ განწყობილნი. მსოფლიო ჩვენს თვალწინ სწრაფად იცვლება — ეს აღარაა ის მსოფლიო, სადაც გავიზარდეთ. ჩვენ გეოპოლიტიკის ახალ ეპოქაში ვცხოვრობთ და ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა იმის გადააზრებაში, თუ რას ემსგავსება მსოფლიო და რა როლი გვაქვს მასში. ამაზე საუბრები პირადად გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან და ეს საუბრები უნდა გავაგრძელოთ. იმედია, სწორედ ამ მიმართულებით წარიმართება დისკუსიები. ჩვენ ევროპასთან ახლო და ღრმა კავშირები გვაქვს, ჩვენი მომავალიც გადაჯაჭვულია და ვისაუბრებთ იმაზეც, როგორი იქნება ეს კავშირები მომავალში“, — თქვა ევროპაში გაფრენამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.
ეს გზავნილი ბევრისთვის დამაიმედებელია იმ წინააღმდეგობის ფონზე, რომელიც ტრანსატლანტიკურ კავშირებში თეთრი სახლის ახალმა მიდგომებმა გამოიწვია. ევროპასა და აშშ-ს შორის რთული ურთიერთობების ფონზე ამაზე აქტიური საუბრები მიმდინარეობს. გასულ წელს სწორედ მიუნხენში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის, გზავნილებიც ერთგვარი დასაწყისი იყო. წლის დასაწყისში ევროპამ კარგად გაიაზრა, რომ სტრატეგიულ ავტონომიაზე ზრუნვა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში მეტი ძალისხმევის გარეშე ვერ გამოვა და კონტინენტი სწორედ ამ გზაზე დგას.
„არსებობს პრობლემები და გამოწვევები მთავარ გეოპოლიტიკურ საკითხებზე. ევროპის გადასაწყვეტია, რა იქნება მისი როლი — ვფიქრობ, ეს იქნება დომინანტი საკითხი კონფერენციაზე. ბუნებრივია, უმნიშვნელოვანესია თავად უკრაინის საკითხი: ომი გრძელდება და როგორიაც არ უნდა იყოს მისი დასასრული, სწორედ ეს იქნება საკვანძო ევროპული უსაფრთხოებისთვის. არის ბევრი რეგიონალური კრიზისი, ტექნოლოგიური საკითხები — დრონები თუ ხელოვნური ინტელექტი. ამ საკითხებს ღია დიალოგი დაეთმობა. ეს ტრანსატლანტიკური შეკრებაა უსაფრთხოებაზე სასაუბროდ“, — აღნიშნავს პოლიტიკური ანალიტიკოსი ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტიდან მორიც ვისი.
მიუნხენში განსახილველი საკითხები შეეხება თავდაცვას, უსაფრთხოებას, გლობალურ წესრიგს, ადამიანების უსაფრთხოებას, მდგრადობას, ტექნოლოგიებსა და სხვა წამყვან თემებს. მთავარი დისკუსია შაბათს არის ჩანიშნული.

