ამერიკის შეერთებულ შტატებთან უთანხმოების, ჩინეთის ეკონომიკური ტაქტიკებისა და რუსეთიდან მომავალი ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე ევროკავშირის ლიდერები ბლოკის ეკონომიკურ გარდაქმნაზე შეთანხმდნენ.
ბელგიის ერთ-ერთ ციხესიმაგრეში გამართულ შეხვედრაზე ლიდერებმა ეკონომიკური რეფორმებისთვის „სამოქმედო გეგმა“ დაამტკიცეს, თანაც მკაცრი ვადებით. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, „წნეხი და შეგრძნება, რომ ეს აუცილებელი და გადაუდებელია, უზარმაზარია“.
მისი თქმით, გეგმა, რომელიც ოფიციალურად მარტში იქნება წარმოდგენილი, მოიცავს ენერგეტიკული ქსელების განახლებასთან დაკავშირებულ ზომებს, ფინანსური ინტეგრაციის გაღრმავებასა და შერწყმის რეგულაციების შერბილებას, რათა ევროპული კომპანიების კონკურენტუნარიანობა გაიზარდოს.
„წნეხი და შეგრძნება, რომ ეს აუცილებელი და გადაუდებელია, უზარმაზარია. და მას მთების დაძვრაც შეუძლია. ძალიან მკაფიო იყო, რომ ლიდერებს სურთ, აქტიურად იყვნენ ჩართული გადაწყვეტილებების სწრაფად აღსრულებაში. მე ვთქვი, რომ ჩემი მიზანია, მარტში გვქონდეს საგზაო რუკა, რომელსაც ხელს მოვაწერთ“, — განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
შეხვედრას გარდამტეხი უწოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ. მანვე განაცხადა, რომ გადაწყვეტილება, რომელიც ლიდერებმა მიიღეს, ძალიან ამბიციურია და უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა მიზანი დასახულია — ეს 2027 წლის ბოლომდე ერთი ბაზრის შექმნაა ერთი ევროპისთვის.
„ეს ნამდვილად გადამწყვეტი მომენტია. ეს შეკრება, ეს ნაბიჯი მართლაც გარდამტეხი აღმოჩნდა, რადგან ყველა ლიდერმა მიიღო ის გამოწვევა, რომელიც ენრიკო ლეტამ წარმოადგინა — გადავიდეთ არასრულფასოვანი ერთიანი ბაზრიდან ერთ ბაზარზე ერთი ევროპისათვის. 1992 წელს ჩვენ საერთო ბაზრიდან ერთიან ბაზარზე გადავედით. ახლა კი ერთიანი ბაზრიდან ერთ ბაზარზე გადავდივართ. ეს ამბიციური გადაწყვეტილებაა და ძალიან ბევრ სამუშაოს ნიშნავს — პირველ რიგში ევროკომისიისთვის, შემდეგ კი საბჭოსა და ლიდერებისთვის. მაგრამ ჩვენ ეს გამოწვევა მივიღეთ და ძალიან ამბიციური მიზანი დავისახეთ — ერთი ბაზრის შექმნა 2027 წლის ბოლომდე უნდა დავასრულოთ“, — განაცხადა ანტონიო კოშტამ.
მიუხედავად იმისა, რომ მანამდე საფრანგეთმა და გერმანიამ განსხვავებული სტრატეგიული პოზიციების შესახებ საჯაროდ ისაუბრეს, შეხვედრა ევროკავშირის ორ ძალაუფლების ცენტრს შორის ერთიანობის დემონსტრირებით დაიწყო.
ორი ქვეყნის ლიდერები — პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და კანცლერი ფრიდრიხ მერცი — არაფორმალურ სამიტზე ერთად მივიდნენ.
თუმცა ჰარმონია დიდხანს არ გაგრძელებულა.
„გვჭირდება მეტი დავხარჯოთ. ეს თანხა შეიძლება ბიუჯეტიდან წამოვიდეს, მაგრამ ასევე შეიძლება წამოვიდეს ინოვაციური დაფინანსებიდანაც — ბაზრიდან, როგორც ეს ბოლო თვეებში გავაკეთეთ. რადგან ამ საკითხზე ტაბუ არ არსებობს, მინდა ეს მკაფიოდ გითხრათ: დეკემბერში ჩვენ უკრაინისთვის ერთგვარი ევრობონდების გამოყოფა გადავწყვიტეთ — ეს 90 მილიარდი ევროს ევრობონდებია. ე.წ. SAFE-ის (Security Action For Europe — „უსაფრთხოების მოქმედება ევროპისთვის“) შემთხვევაშიც ეს ევრობონდის ტიპია. ჩვენ გადავწყვიტეთ, ჩვენი პრიორიტეტების დასაფინანსებლად ბაზარზე საერთო გარანტიებით გავსულიყავით. ამიტომ მოდი, ამ საკითხზე მშვიდად ვიყოთ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ევრობონდების „ქორეოგრაფია“. სხვებიც სწრაფად ერთვებიან ამ იდეაში. ნათელია, რომ მეტი ინოვაცია გვჭირდება. ინოვაციისთვის კი საჭიროა ინვესტიცია, ამიტომ ეს უნდა დაფინანსდეს. ნაწილი საჯარო სახსრებით დაფინანსდება — ეს ტექნიკური საკითხია. ჩემი მიზანია კონკურენტუნარიანობის ზრდის ყოვლისმომცველი დღის წესრიგი ძალიან სწრაფად მივიყვანო შედეგამდე“, — თქვა ემანუელ მაკრონმა.
ფრიდრიხ მერცმა ამ ვარიანტზე მკაფიო უარი განაცხადა. მან თქვა, რომ ევრობონდების გამოყენებას არ ემხრობა და რომ, რომც ემხრობოდეს, გერმანიის მთავრობის მიერ ამ ნაბიჯის გადადგმას ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლო მკაცრად ზღუდავს.
„მოკლედ შევეხები ამ ევროპული პროექტების დაფინანსების საკითხს. დღეს დილით ძალიან მკაფიოდ განვაცხადე: მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამ საკითხზე განსხვავებული აზრები არსებობდეს, მე ევრობონდების იდეას მხარს არ დავუჭერ. ამის გაკეთება არ მსურს. მაგრამ, რომც ვემხრობოდე, ვერ შევძლებდი, რადგან ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობის მოქმედებების ზღვარი ამ მიმართულებით მკაცრად არის განსაზღვრული. ჩვენ ევროპული სესხი ავიღეთ, მაგრამ ეს საგანგებო ვითარებაში მოხდა და დასაშვები იყო. ახლა ისეთ დროში ვცხოვრობთ, როცა გამონაკლისი თითქოს წესად, ახალ ნორმად იქცევა. ის ფული უნდა გამოვიყენოთ, რომელიც გვაქვს“, — განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
ფრიდრიხ მერცი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯი

