მოსკოვის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა იმ ორ პირს, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან 6 თებერვალს მოსკოვში, საცხოვრებელ სახლთან, რუსი გენერლის მკვლელობის მცდელობისას ბრალდებულისთვის დახმარებაში.
გამოძიების ვერსიით, მამა-შვილი ვიქტორ და პაველ ვასინები მას ეხმარებოდნენ თავდასხმის ორგანიზებაში, ტრანსპორტითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფაში. ორივე მათგანმა საქმეში ბრალეულობა აღიარა.
რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს ხელმძღვანელის, ვლადიმერ ალექსეევის მკვლელობის მცდელობაში კრემლი უკრაინული სპეცსამსახურების კვალს ხედავს და მომხდარში კიევთან ერთად ვარშავასაც ადანაშაულებს.
მოსკოვის ვერსიით, გენერალ-ლეიტენანტ ალექსეევის მკვლელობისთვის დაწესებული ჯილდო 30 000 აშშ დოლარი იყო. უკრაინული მხარე ბრალდებებს უარყოფს და მათ უსაფუძვლოს უწოდებს.
ბოლო მსგავსი შემთხვევების გათვალისწინებით, როდესაც რუსი სამხედრო მაღალჩინოსნები მოკლეს ან მათზე თავდასხმა სცადეს, ჩანს, რომ მოსკოვი უკრაინის ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომელსაც თავად „კიევის რეჟიმს“ უწოდებს.
რუსული სახელმწიფო მედიის თანახმად, 10 თებერვალს ქვეყნის სპეცსამსახურებმა დუბაიში დააკავეს ვლადიმერ ალექსეევის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული. მათვე გაავრცელეს ვიდეომასალა, რომელიც, კრემლის მედიის მიხედვით, ბრალდებულის მოსკოვში ჩაყვანის კადრებს ასახავს.
გენერალი, რომელსაც 6 თებერვალს მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთში ესროლეს, 2011 წლიდან არის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რიგებში.
ის მონაწილეობდა სირიაში მოსკოვის მიერ წარმოებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაშიც, რომლის მიზანი ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა და ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის შენარჩუნება იყო.
ვლადიმერ ალექსეევი ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებული კიდევ ერთი რუსი მაღალჩინოსანია. ევრობლოკმა და ლონდონმა ის დაადანაშაულეს 2018 წელს სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის „ნოვიჩოკით“ მოწამვლის ორგანიზებაში.
მის წინააღმდეგ ფინანსური და სავიზო შეზღუდვები აქვს დაწესებული ვაშინგტონსაც. ამ შემთხვევაში საქმე ეხება აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კიბერთავდასხმების ორგანიზებას, რაშიც ვლადიმერ ალექსეევია მხილებული.
დასავლური სახელმწიფოებისგან განსხვავებით, მოსკოვისთვის ვლადიმერ ალექსეევი ამ საქმეში ეჭვმიტანილად მიჩნეული არ არის და კრემლმა მას 2019 წელს „სახელმწიფოს გმირის“ წოდება მიანიჭა.

