მთავარიმსოფლიოანკარა და ათენი სადავო საკითხების დიპლომატიური გზით გადაჭრაზე თანხმდებიან

ანკარა და ათენი სადავო საკითხების დიპლომატიური გზით გადაჭრაზე თანხმდებიან

ნატოს ორ წევრ სახელმწიფოს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე, თურქეთის პრეზიდენტმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს ანკარაში უმასპინძლა.

კირიაკოს მიცოტაკისი მეზობელი ქვეყნის დედაქალაქს რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შესახვედრად და ორი ქვეყნის დიპლომატიურ უთანხმოებასა და არსებულ სადავო საკითხებზე სასაუბროდ ეწვია.

თურქეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ სადავო საკითხების მოგვარება დიპლომატიით არის შესაძლებელი. რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამ განცხადებას აკეთებს იმ ფონზე, როდესაც ანკარა და ათენი ბოლო რამდენიმე წელიწადში არაერთხელ აღმოჩნდნენ საომარი მოქმედებების დაწყების საფრთხის წინაშე.

„ჩვენ კვლავ ვიმეორებთ, რომ, მიუხედავად არსებული პრობლემების სირთულისა, საერთაშორისო სამართლის ნორმების ფარგლებში, ისინი არ არის გადაუჭრელი. ყველაფერი, რაც ამისთვის არის საჭირო, კეთილსინდისიერება, კონსტრუქციული დიალოგი და გამოსავლის ძიებაა.

თურქეთი და საბერძნეთი, როგორც NATO-ს ორი მოკავშირე სახელმწიფო, მრავალ მოვლენას უძლებენ, რომლებიც პირდაპირ ემუქრება ჩვენს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ევროპის მიერ წამოწყებულ ერთიან თავდაცვის ინიციატივებში მონაწილეობა ჩვენი საერთო ინტერესია…“ — განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის ლიდერის პოზიციას იზიარებს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრიც და ანკარას მოუწოდებს, ომის გაჩაღებასთან დაკავშირებით პერიოდული მუქარის ნაცვლად, მხარეებმა ალიანსის ჩამოყალიბებაზე იმუშაონ.

მანვე თქვა, რომ „უნდა შეინარჩუნონ და დაიცვან ვენიზელოსისა და ათათურქის მემკვიდრეობა“:

„ჩვენ პრაქტიკაში უნდა ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია შევინარჩუნოთ ორმხრივი თანამშრომლობის ფუნქციური ჩარჩო, ამავდროულად ერთობლივად ხელი შევუწყოთ სტაბილურობას უფრო ფართო რეგიონში, რომელიც მრავალ კრიზისულ ვითარებას განიცდის.

რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ მნიშვნელოვანი განსხვავებების არსებობას. თუმცა, საბერძნეთის პოზიცია უცვლელი რჩება: ერთადერთი უთანხმოება, რომლის განხილვაც შესაძლებელია საერთაშორისო სასამართლო ორგანოს წინაშე საერთაშორისო სამართლის, კერძოდ კი ზღვის სამართლის საფუძველზე, არის საზღვაო ზონების, კონტინენტური შელფისა და ეგეოსისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის დემილიტაცია.

ბედმა განსაზღვრა, რომ ჩვენ ერთი და იმავე სამეზობლოს მცხოვრებლები ვართ — ამ გეოგრაფიას ვერ შევცვლით, თუმცა შეგვიძლია, შევქმნათ ალიანსი, რათა გავხდეთ მოკავშირეები. ხვალინდელი დღის, ჩვენი ქვეყნების მშვიდობის, წინსვლისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ელეფთერიოს ვენიზელოსისა და ქემალ ათათურქის მემკვიდრეობა…“ — განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა.

ანკარაში გამართული მოლაპარაკებები არის ნაწილი ე.წ. „მაღალი დონის თანამშრომლობის საბჭოს“ — ინიციატივის, რომლის მიზანია ნატოელ მოკავშირე ორ სახელმწიფოს შორის დაძაბული ურთიერთობების განმუხტვა, მით უმეტეს მაშინ, როცა დიპლომატიური დაძაბულობის სამხედრო კონფლიქტში გადაზრდის საფრთხეები პერიოდულად იზრდება.

დაძაბულობის მიზეზი კი ათენსა და ანკარას წლების განმავლობაში საკმაოდ ბევრი დაუგროვდათ. მხარეები ვერც ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებში წიაღისეულის მოპოვებაზე თანხმდებიან და ვერც საზღვაო საზღვრებზე.

ბოლო კვირების განმავლობაში ბერძენმა ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს საბერძნეთის უფლება ეგეოსის ზღვაში მათი ტერიტორიული წყლების 22.2 კილომეტრით გაფართოებასთან დაკავშირებით.

ამ ნაბიჯმა თურქეთის კრიტიკა დაიმსახურა, რადგან ჯერ კიდევ 1995 წელს ქვეყნის პარლამენტმა მსგავს ქმედებებს „ომის მიზეზი“ უწოდა.

თურქეთ-საბერძნეთის ურთიერთობებში სადავოა არამხოლოდ საზღვაო, არამედ სახმელეთო საკითხებიც, რაც ამ შემთხვევაში კვიპროსს ეხება. კუნძულოვანი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილზე კონტროლი ანკარას აქვს დაწესებული.

მეზობელ სახელმწიფოებს შორის არსებულ ტერიტორიულ უთანხმოებებს ართულებს საგარეო ფაქტორებიც.

თურქეთისგან განსხვავებით, საბერძნეთს შედარებით ზომიერი პოლიტიკური პოზიცია აქვს ახლო აღმოსავლეთში ისრაელის ქმედებებთან დაკავშირებით. ამასთან, ათენი თელ-ავივთან ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასაც ცდილობს, რაც ანკარაში აღიქმება, როგორც რეგიონული პროცესებიდან მისი გამოთიშვის შესაძლებლობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend