„უკრაინა საპრეზიდენტო არჩევნების 24 თებერვალს დანიშვნას არ გეგმავს“, — აცხადებს ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რითაც უარყოფს გამოცემა Financial Times-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კენჭისყრის ომის წლისთავზე დანიშვნის თაობაზე.
მანამდე რედაქცია წერდა, რომ კიევმა არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო, მასთან ერთად კი — სამშვიდობო შეთანხმების ირგვლივ რეფერენდუმისთვისაც. მათი ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კიევს მოსთხოვა, ორივე ღონისძიება 15 მაისამდე ჩაეტარებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში უსაფრთხოების გარანტიებს დაკარგავდა.
„რაც შეეხება არჩევნებს და განზრახვას, რომ ის 24 თებერვალს ჩავნიშნოთ — ამას პირველად ვისმენ და ამაზე მხოლოდ Financial Times-ი საუბრობს. არჩევნები ჩატარდება მაშინ, როდესაც მივიღებთ საჭირო უსაფრთხოების გარანტიებს. ყოველთვის ვამბობდი, რომ არჩევნების საკითხი წამოწიეს უკრაინის პარტნიორებმა, თავად უკრაინას ეს საკითხი არ წამოუწევია. თუმცა არჩევნებისთვის მზად ვართ. ამის მიღწევა მარტივია: უნდა ამოქმედდეს ცეცხლის შეწყვეტის პირობა და არჩევნებიც შედგება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს უსაფრთხოების საკითხია. და თუ ჩვენ წამოვწევთ რეფერენდუმის საკითხს, აქაც საჭირო იქნება ცეცხლის შეწყვეტა, იმიტომ რომ რეფერენდუმსა და არჩევნებს მსგავსი სტრუქტურა აქვთ“, — აღნიშნა სატელეფონო ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
24 თებერვალი კიევისთვის მძიმე თარიღია — ოთხი წლის წინ ამ დღეს მეზობელმა ქვეყანამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება და კრემლის გაორმაგებული ძალისხმევით მიმდინარეობს. ამაღამ რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით პირდაპირ კიევს შეუტია. ადგილობრივი მთავრობა იძულებული გახდა, მოქალაქეებისთვის თავშესაფრებში გადასვლისკენ მოეწოდებინა. „კინჟალის“ ტიპის რაკეტები მოიგერიეს ლვოვში. იყო დარტყმა დნეპრზეც, არიან დაშავებულებიც. ყველაზე მძიმედ კი ღამემ ხარკოვისთვის ჩაიარა — აქ დრონებით თავდასხმამ სრულად გაანადგურა საცხოვრებელი სახლი ქალაქ ბოჰოდუხივში. შედეგად დაიღუპა 2 წლის ტყუპი ბიჭი და მათი 1 წლის და, 34 წლის მამასთან ერთად. გადარჩა მხოლოდ ორსული დედა. მას მძიმე ტრავმები აღენიშნება. ამ ქალაქზე რუსეთის დარტყმები მიმდინარე კვირას ინტენსიური იყო — ოთხი დღის წინ მათ 10 წლის ბიჭი იმსხვერპლეს.
„34 წლის ქალი სასწაულებრივად გადარჩა — დარტყმამ ის სახლიდან გადააგდო. მას პირველი ხარისხის დამწვრობა აქვს, აქვს ჭრილობები მთელ ტანზე. სამი ბავშვი და მისი მეუღლე გარდაცვლილები არიან. ისინი ჭერის ჩამონგრევას ემსხვერპლნენ“, — ყვება ბოჰოდუხივის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანატოლი რისკოვი.
მძიმე ომის ფონზე სულ უფრო ბუნდოვანია პასუხი კითხვაზე, როდის დასრულდება ომი. აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები მეტ-ნაკლები შედეგიანობით ფასდება, თუმცა ჯერ ვერ მიაღწია მთავარს — ცეცხლის შეწყვეტას. რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთით, დონბასის რეგიონს ითხოვს, კიევი არ თმობს. უკრაინას იმედი აქვს, რომ აშშ-ის დახმარებით რუსეთი კომპრომისებზე წავა. ბოლო ინტერვიუში ქვეყნის ლიდერს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა ომის ზაფხულამდე დასრულება.
„ვფიქრობ თუ არა, რომ ომი დასრულდება? ეს დამოკიდებულია არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ შტატებზეც, რომელმაც რუსეთზე ზეწოლა უნდა მოახდინოს. მაპატიეთ, რომ ვამბობ „უნდა“, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს. თუ არსებობს ნება არა მხოლოდ უკრაინისგან, არამედ აგრესორისგანაც, მაშინ ომის დასრულებას შევძლებთ. აქვე გეტყვით, რომ მე მოსკოვში მოლაპარაკებებზე ვერ ჩავალ — პუტინთან შესახვედრად ვერ ჩავალ იმ ქვეყნის დედაქალაქში, რომელიც უდავოდ აგრესორია ამ ომში. ჩვენ მზად ვართ, შევასრულოთ აშშ-ის შეთავაზება და შევხვდეთ რუსეთის წარმომადგენლებს ამერიკაში, ევროპაში, ნეიტრალურ ქვეყანაში — ნებისმიერ სახელმწიფოში, გარდა რუსეთისა და ბელარუსისა. ამასთან, გეტყვით, რომ ჩემი აზრით, ამერიკამ და ევროპამ ერთად უნდა იმუშაონ უკრაინასთან, რადგან ეს საკითხი ჩვენ გვეხება. რუსეთთან მარტო ბრძოლით და ამერიკის ან ევროპის მხრიდან მათთან დამოუკიდებელი საუბრებით მხოლოდ რუსეთი თუ მოიგებს. ერთად უფრო ძლიერები ვართ“, — ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.
რუსეთსა და უკრაინას შორის მორიგი მოლაპარაკებების თარიღად 17-18 თებერვალი დასახელდა, თუმცა რუსეთი ჯერ ამ თარიღებს არ დათანხმებულა. ბოლო მოლაპარაკებებზე, რომლებიც მხარეებს შორის აშშ-ის ჩართულობით აბუ-დაბიში ჩატარდა, ომის პატიმრების გაცვლა შეთანხმდა. ტექნიკური და ჰუმანიტარული შეთანხმებების მიღმა პოლიტიკური გარღვევა ამ დრომდე ვერ ხერხდება, მგრძნობიარე ტერიტორიული საკითხების გამო.

