როგორც ადგილობრივები ამბობენ, ისრაელის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, იერიქონის გარეუბანში, ალ-დიუკ ალ-ტაჰტაში, ადგილობრივმა ისრაელელებმა პალესტინელების ათეულობით სახლი და სხვა ნაგებობა დაანგრიეს.
ალი ალიან კაბნესაც იგივე ბედი ეწია. როგორც თავად ამბობს, ისრაელელებმა მის შვილებსა და ცოლს ქვებიც დაუშინეს. ისრაელის არმია კი მივიდა ადგილზე, თუმცა არაფერი მოუმოქმედია.
„მათ სურთ ტერიტორიის გაკონტროლება და ამ სახლებში ისრაელელების ჩასახლება. ზოგიერთ სახლში თავად სურთ ცხოვრება. ჩვენ ხელს ვუშლით, რადგან აქ ვცხოვრობთ, ამიტომ ჩვენი მოშორება უნდათ. ისრაელელები აქედან მოვიდნენ, მე მაშინვე პოლიციას დავურეკე და ვუთხარი, რომ ჩვენს სახლთან მოსახლეები იმყოფებოდნენ ჯოხებით ხელში. პოლიციამ მითხრა, რომ უკვე გამოსული იყო. რამდენჯერმე გავუმეორე, ისინი კი თავისას იმეორებდნენ, რომ გზაში იყვნენ. უცბად ქვების სროლა დაიწყეს. ბავშვები გაიქცნენ, ერთი ქალიც მიჰყვა მათ. ვიფიქრეთ, რომ ვითარება დამშვიდდა, მაგრამ ასე არ მოხდა. იმ ხესთან მივედით და მოსახლეები ქვებითა და იარაღით გამოგვედევნენ. თუკი ვინმე თავის დაცვას ცდილობდა, იარაღს უშვერდნენ. სამხედროები კი უბრალოდ გვიყურებდნენ. მათ რომ ჩარევა ნდომოდათ, ჩაერეოდნენ კიდეც“, – ამბობს ალ-დიუკ ალ-ტაჰტას მკვიდრი, ალი ალიან კაბნე.
ისრაელის არმიას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
„ისრაელელი მოსახლეები აქ მხოლოდ ხუთი ან ექვსი თვის წინ მოვიდნენ. მანამდე არ მოდიოდნენ. როდესაც არმიისგან დანგრევის ბრძანება გაიცა, სამხედროებმა თავად აღასრულეს ის“. – ამბობს, სახლის მფლობელი აჰმედ აბასი.
ბოლო თვეების განმავლობაში მსგავსი ინციდენტებით გამოწვეულმა დაძაბულობამ პიკს მიაღწია.
ამასთნ, 8 თებერვალს ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა დაამტკიცა ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის კონტროლის გაძლიერებასა და პალესტინის ხელისუფლების ისედაც შეზღუდული უფლებამოსილების შესუსტებას.
ულტრამემარჯვენე ფინანსთა მინისტრის, ბეცალელ სმოტრიჩის ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, ებრაელ მოსახლეებს გაუადვილდებათ, დაათმობინონ პალესტინელებს მიწები. მან ასევე დასძინა, რომ გააგრძელებენ პალესტინის სახელმწიფოს იდეის დასამარებას.
დაახლოებით 500 000 ისრაელელი დასახლდა დასავლეთ სანაპიროზე მას შემდეგ, რაც ისრაელმა 1967 წლის ახლო აღმოსავლეთის ომის დროს ეს ტერიტორია, აღმოსავლეთი იერუსალიმი და ღაზის სექტორი დაიკავა.
საერთაშორისო საზოგადოების უმეტესობა მიიჩნევს, რომ მათი ყოფნა უკანონოა და მშვიდობის უზრუნველყოფას საფრთხეს უქმნის.
პალესტინელები თვლიან, რომ ღაზის სექტორი, დასავლეთი სანაპირო და აღმოსავლეთი იერუსალიმი მათი მომავალი სახელმწიფოს ტერიტორიები უნდა იყოს.

