ევროკავშირის ქვეყნები ახლა შეძლებენ თავშესაფრის მაძიებლები იმ ქვეყნებში გაგზავნონ, სადაც მათ არაფერი აკავშირებთ. ადრე ეს გადაწყვეტილება დიდმა ბრიტანეთმა რუანდასთან დაკავშირებით მიიღო.
საკანონმდებლო ცვლილება ევროპარლამენტმა 396 ხმით დაამტკიცა, 226 წინააღმდეგი იყო, 30-მა კი თავი შეიკავა ხმის მიცემისგან.
„უსაფრთხო მესამე ქვეყნის“ კონცეფცია გზას უხსნის ევროკავშირის სახელმწიფოებსა და სხვა ქვეყნების მთავრობებს შორის შეთანხმების გაფორმებას, რომლის მიხედვითაც, ისინი მიგრანტების მიღებისთვის დაფინანსებას მიიღებენ.
„ამგვარად, ჩვენ ამ ნაბიჯით წევრ სახელმწიფოებს ვაძლევთ შესაძლებლობას, იყონ უფრო მეტად მოქნილი. ეს ხელს შეუწყობს, მოთხოვნები სწრაფად, ეფექტურად შეაფასონ, რათა საბოლოოდ შემსუბუქდეს ეროვნულ შესაძლებლობებზე ზეწოლა.“ – ამბობს ევროპარლამენტარი გერმანიიდან ლენა დუპონი.
თავშესაფრის მაძიებლების გადაყვანა შესაძლებელია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, თუ ეს ქვეყანა უსაფრთხოდ ითვლება.
თავშესაფრის მაძიებელს უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ დაცული იქნება დევნისა და გაძევებისგან.
სოციალ-დემოკრატები, ლიბერალები და მწვანეები ეწინააღმდეგებოდნენ საკანონმდებლო ცვლილებას.
„თქვენ ვერ შეძელით კედლის აგება, მაგრამ ახლა უარესს აკეთებთ და კანონებს კედლად იყენებთ. თქვენ ახლა ევროპაში თავშესაფრის მოთხოვნის უფლების განადგურებას უჭერთ მხარს.“ – ამბობს ამბობს ევროპარლამენტარი იტალიიდან სესილია სტრადა.
ცვლილება არ გავრცელდება თანმხლები პირის გარეშე მყოფ არასრულწლოვანებზე, რომელთა თავშესაფრის განაცხადები კვლავ ევროპის ქვეყნებში უნდა შეფასდეს

