ავსტრალია ისრაელისგან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს 2024 წელს ღაზაში ჰუმანიტარულ კოლონაზე მიტანილი ავიაიერიშის გამო, რომელსაც შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ავსტრალიელი მუშაკისა.
პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანესმა განაცხადა, რომ ეს მოთხოვნა მან კანბერაში ვიზიტით მყოფ ისრაელის პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგს პირადად გადასცა. ავსტრალიური გამოძიების მიხედვით, ისრაელის მხრიდან საჰაერო იერიში სამხედრო შეცდომების შედეგი იყო.

„ბატონო პრეზიდენტო, მადლობას გიხდით სოლიდარობისთვის, რომელიც სიდნეიში ანტისემიტური თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ავსტრალიელ ებრაულ საზოგადოებას გამოუცხადეთ. ამ შეხვედრამ მოგვცა შესაძლებლობა, განგვეხილა ახლო აღმოსავლეთის საკითხებიც. ავსტრალია მხარს უჭერს ისრაელელებისა და პალესტინელების მშვიდობიან თანაცხოვრებას“, — განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანესმა.
„ეს ვიზიტი ჩემთვის ემოციური იყო. როდესაც ებრაელის სიცოცხლეს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში საფრთხე ემუქრება, ეს ისრაელშიც ტკივილს იწვევს. ამავე დროს ეს არის შესაძლებლობა, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ახალ და უკეთეს ეტაპზე გადავიყვანოთ“, — განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა.
„ღაზაში ისრაელის ავიაიერიშის შედეგად დაღუპული ავსტრალიელი მუშაკის, ზომი ფრანკომის ოჯახი კვლავ ელოდება პასუხს: აპირებს თუ არა მთავრობა დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების მოთხოვნას და რა პასუხისმგებლობას აკისრებს ისრაელის პრეზიდენტს?“ — განაცხადა ავსტრალიის პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ზალი სტეგოლმა.

„პრეზიდენტ ჰერცოგთან პირადად დავაყენე ზომი ფრანკომისა და მისი კოლეგების დაღუპვის საკითხი. ეს იყო ტრაგედია და შეურაცხყოფა. ავსტრალია კვლავ მოითხოვს გამოძიების გამჭვირვალობას და სრული პასუხისმგებლობის დაკისრებას, მათ შორის შესაძლო სისხლისსამართლებრივ ზომებს მათთვის, ვინც პასუხისმგებელია ამ ტრაგედიაზე“, — განმარტა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანესმა.
თავის მხრივ, ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ ვიზიტი მისთვის ემოციური იყო და აღნიშნა, რომ ისრაელისა და ავსტრალიის ურთიერთობა მხოლოდ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტზე არ უნდა იყოს დამყარებული და პარტნიორობა უფრო ფართო მიმართულებითაც უნდა განვითარდეს.

