მთავარიევროპარუსეთი„კანონმდებლობის დარღვევისთვის“ რუსეთმა Telegram-ის მუშაობა ნაწილობრივ შეზღუდა

„კანონმდებლობის დარღვევისთვის“ რუსეთმა Telegram-ის მუშაობა ნაწილობრივ შეზღუდა

„ეროვნული კანონმდებლობის დარღვევის“ არგუმენტით, რუსულმა კომუნიკაციების მარეგულირებელმა, „როსკომნადზორმა“ (Roskomnadzor) სოციალური ქსელის, Telegram-ის გამოყენებაზე შეზღუდვები დააწესა.

მომხმარებლებს აპლიკაციის კონკრეტული ინსტრუმენტებით სარგებლობა შეუძლიათ, თუმცა შეუძლებელია აუდიო ან ვიდეო ზარების განხორციელება, მნიშვნელოვნად არის შენელებული შეტყობინებების მიღების სისწრაფე, ასევე ჩათებში მასალების ჩატვირთვის ხანგრძლივობა.

რუსული სახელმწიფო მედიის თანახმად, „როსკომნადზორმა“ არ გამორიცხა, რომ პოპულარული პლატფორმის წინააღმდეგ რეგულაციების დაწესება გაგრძელდეს მის საბოლოო აკრძალვამდე.

ამ ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში, რუს მომხმარებლებს საბოლოოდ მოუწევთ MAX-ის აპლიკაციაზე გადასვლა, რომელიც, უფლებადამცველების განმარტებით, რუსული სპეცსამსახურების მიერ კონტროლდება.

„გოგონა, რომელთანაც ურთიერთობა მაქვს, როგორც წესი, სწრაფად მპასუხობდა შეტყობინებებზე, ახლა კი მიგვიანებს. უცებ მეგონა, რომ დამშორდა და მიმატოვა. ‘ვოთსაფი’ არ მუშაობს, ‘ტელეგრამი’ შენელდა, მაშინ გამოსავალი MAX-ია, რომელიც უკვე გადმოვწერე, თუმცა ჯერ არ ვიყენებ. ვფიქრობ, ერთადერთი მესენჯერი იქნება, რომლითაც კომუნიკაციის შესაძლებლობა გვექნება…“ – თქვა მოსკოვის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

„ყველაფერმა ცუდად დაიწყო მუშაობა: WhatsApp-მა, Telegram-მა, YouTube-მაც. სიგიჟე ხდება. საზღვარგარეთ უამრავი ნაცნობი მყავს და მათთან პრაქტიკულად კავშირი დავკარგე. მეგობრები კვდებიან და ვერც ამის შესახებ ვიგებ…“ – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

ერთ-ერთი გამოკითხული მოქალაქე, რომელიც ონლაინბიზნესის სფეროშია, ფიქრობს, რომ სოციალური ქსელების შეზღუდვა „ძალიან ცუდად აისახება ბიზნესზე, რადგან კომპანიები კლიენტებს ერთი თუ მეორე, უკვე აკრძალული სოციალური ქსელის მეშვეობით იზიდავენ და მნიშვნელოვანია, კომპანიას ჰქონდეს ინსტრუმენტი, რომლითაც მომხმარებელთან ახლოს იქნება“.

მისივე თქმით, რუსეთში არ არის ელექტრონული ფოსტის გამოყენების აშშ-ის მსგავსი პრაქტიკა, ამიტომ მომხმარებლებისთვისაც და ბიზნესისთვისაც უფრო ხელსაყრელია „ტელეგრამის“ მსგავსი პლატფორმების არსებობა.

ცნობილი სოციალური პლატფორმა Telegram-ი ბიზნესმენ პაველ დუროვს ეკუთვნის, რომელსაც ამჟამად საფრანგეთისა და გაერთიანებული საამიროების მოქალაქეობა აქვს.

რუს ბიზნესმენსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის დიდი ხანია კონფლიქტური ვითარებაა, რის გამოც ის იძულებული გახდა ასევე მის მიერ დაფუძნებულ სოციალურ ქსელზე VKontakte (VK) უარი ეთქვა.

2024 წელს პაველ დუროვი ფრანგმა სამართალდამცველებმა პარიზში დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს. გამოძიება მას ჯერ კიდევ ედავება Telegram-ის სავარაუდო დანაშაულებრივ საქმიანობაში ხელშეწყობას.

დეზინფორმაციის გავრცელებაში Telegram-ი თებერვლის დასაწყისში გააკრიტიკა მადრიდმაც, რადგან პლატფორმის მეშვეობით მომხმარებლებს დაეგზავნათ შეტყობინებები, სადაც გაკრიტიკებული იყო პრემიერ პედრო სანჩეზის კანონი არასრულწლოვნებისთვის „სოციალური ქსელების აკრძალვის შესახებ“.

კრემლის ხელისუფლება არაერთხელ დამუქრა უცხოურ ტექნოლოგიურ კომპანიებს მათი სერვისების მუშაობის შენელებით ან აკრძალვით, თუკი ისინი არ დაემორჩილებოდნენ რუსულ კანონმდებლობას.

მოსკოვი მათგან მოითხოვს რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მომხმარებლების პირადი მონაცემების შენახვასა და კონკრეტული ზომების მიღებას იმ მიზნების აღსაკვეთად, რომელსაც კრემლი „დანაშაულებრივსა და ტერორისტულს“ უწოდებს.

გადაწყვეტილების კრიტიკოსები და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ზომები არის ვლადიმერ პუტინის მმართველობის აშკარა მცდელობა, უფრო მეტად ჩაერიოს მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში, გააფართოვოს ტოტალური კონტროლი მათსა და ინტერნეტში განთავსებულ მასალებზე, ასევე გაზარდოს რეპრესიული მექანიზმები უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის ფონზე.

მოსკოვს ექსტრემისტულ ორგანიზაციებად აქვს გამოცხადებული კომპანია Meta და მისი კუთვნილი სოციალური პლატფორმები — Facebook-ი და Instagram-ი, ასევე ნაწილობრივ შეზღუდულია წვდომა YouTube-ზე. თუმცა, დასავლური ცივილიზაციის ციფრულ პროდუქტებზე წვდომის მსურველი რუსი მომხმარებლები, თავიანთი ხელისუფლების რეპრესიებისთვის გვერდის ასავლელად, უკვე მეოთხე წელია VPN-ს მიმართავენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend