მთავარიევროპაუკრაინარუსული ძალები განაგრძობენ უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშების მიტანას

რუსული ძალები განაგრძობენ უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშების მიტანას

დანგრეული ელექტროსადგურის შიგნით, სადაც ერთ დროს სახურავი იყო, თოვლი თხლად გადაეფინა გაღუნულ ლითონის კონსტრუქციებსა და დაზიანებულ დანადგარებს.

სარემონტო ჯგუფები ფრთხილად გადაადგილდებიან ნანგრევებში და მძიმედ დაზიანებულ, უკვე გამოუსადეგარ აღჭურვილობას ხსნიან. შემდუღებლები კი ღია ცის ქვეშ მუშაობენ და ყინვაში ცდილობენ შენობის სტრუქტურული ნაწილების აღდგენას.

ობიექტზე, რომელსაც უკრაინის უდიდესი კერძო ენერგეტიკული კომპანია DTEK მართავს, ცოტა ხნის წინ რუსეთმა საჰაერო იერიში მიიტანა, რაც ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართული ხანგრძლივი კამპანიის ნაწილია.

უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ელექტროსადგურის მდებარეობა, თავდასხმის დრო და მუშაკთა ვინაობა არ გასაჯაროვდება.

„სიტუაცია ძალიან რთული და უკონტროლოა. თავდასხმის დროს ჩვენ საკონტროლო ოთახში ვიყავით, ვასრულებდით ენერგობლოკის რუტინულ ოპერაციებს და ჩვეულ რეჟიმში ვმუშაობდით. ძალიან მიჭირს ამ ამბების გახსენება“, — აცხადებს ტურბინის განყოფილების ხელმძღვანელი, ვოლოდიმირი.

დაზიანება მასშტაბურია. ობიექტის გარკვეული ნაწილები, ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშაა, რაც სარემონტო სამუშაოებს კიდევ უფრო ართულებს. მუშაკებს უჭირთ მუშაობა, რადგან ხშირად ტემპერატურა მინუს 10 გრადუსამდე ეცემა.

„არც კედლებია და არც სახურავი. ამიტომ უმძიმესი ფიზიკური შრომა გვიწევს“, — ამბობს ერთ-ერთი მუშაკი, ევჰენი.

ამ ობიექტზე თავდასხმა რუსული კამპანიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ცივი ზამთრის ფონზე, უკრაინის ენერგომომარაგების შეფერხებას.

მიყენებული ზიანის მიუხედავად, მუშაკებს სამსახურიდან წასვლა და საქმის მიტოვება არც კი უფიქრიათ.

„ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს სხვა არჩევანი, სხვა გზა. როგორ შეიძლება დავნებდეთ და მივატოვოთ ყველაფერი, როდესაც ვიცით, რომ ჩვენი საქმე ჩვენს გამარჯვებას, გადარჩენასა და მომავალს ემსახურება“, — ამბობს ერთ-ერთი მუშაკი, ოლექსანდრი.

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა მხოლოდ 2025 წელს ენერგოინფრასტრუქტურაზე 4 500-ზე მეტი იერიში მიიტანა.

2025–2026 წლების ზამთრის სეზონის დაწყებიდან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურებმა ქვეყნის მასშტაბით ენერგოობიექტებსა და რაიონული გათბობის სისტემებზე 256 საჰაერო თავდასხმა აღრიცხეს.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, დაიბომბა 11 ჰიდროელექტროსადგური, 45 კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური, 49 თბოელექტროსადგური და 151 ქვესადგური.

უკრაინის მთავრობაში ამბობენ, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანმა შემოჭრამ უკრაინის 10 გიგავატის სიმძლავრე გაანადგურა, 18 გიგავატი კი ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზეა, მათ შორისაა ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური ზაპორიჟიაში.

ჯამში უკრაინამ სიმძლავრეების თითქმის 30 გიგავატი დაკარგა, რაც ამ მასშტაბის ხუთ ატომურ ელექტროსადგურს უტოლდება.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, ენერგოობიექტებზე მიტანილი იერიშების შედეგად 75 ენერგეტიკოსი და მაღაროელი დაშავდა, ხოლო 14 სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend