ჩეხეთის რესპუბლიკაში უპრეცედენტო პროექტის ფარგლებში ქალებს ეხმარებიან, რომ დაძლიონ მშობიარობის შემდგომი პრობლემები, იქნება ეს ჩვილის კვება, დეპრესია, ოჯახური ძალადობა თუ სხვა რამ.
ჩეხეთის რესპუბლიკაში უპრეცედენტო პროექტის ფარგლებში ახალბედა დედებს ფსიქოლოგიურ და სოციალურ დახმარებას უწევენ, რათა მათ დაძლიონ მშობიარობის შემდგომი პრობლემები, იქნება ეს ჩვილის კვება, დეპრესია, ოჯახური ძალადობა თუ სხვა რამ. დახმარება ტაბლეტში განთავსებული კითხვარით იწყება, რომელსაც მშობიარობიდან ერთი ან ორი დღის შემდეგ პაციენტს ექთანი გადასცემს. თუ პაციენტს მიაჩნია, რომ ცხოვრების ამ ეტაპის გავლისთვის პროფესიონალების დახმარება სჭირდება, შეუძლია მიიღოს ეს დახმარება.

„ქალებს შესთავაზეს 12-პუნქტიანი კითხვარის შევსება, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელია პაციენტის მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრა,“ – ამბობს ლენკა ცეპკოვა, პრაღის თომაიერის უნივერსიტეტის საავადმყოფოს (Thomayer University Hospital) საექთნო სამსახურის ხელმძღვანელი. „კითხვარის გაგზავნიდან სამი წუთის შემდეგ ბენეფიციარი ელექტრონული ფოსტით მიიღებს შეფასებას. ამავდროულად, მას უგზავნიან ფსიქოლოგის ან ფსიქიატრის ტელეფონის ნომერსა და ელექტრონული ფოსტის მისამართს“.
პრაღის უნივერსიტეტის საავადმყოფოში უკვე ექვსი წელია სამშობიარო პალატებში დედების ფსიქოლოგიური მდგომარეობის მონიტორინგს აწარმოებენ. კითხვარი, რომელიც „ფსიქოლოგიური რისკების მქონე ოჯახების ადრეული დახმარების“ (Early Help for Families with Psychosocial Risks) პროექტის ფარგლებში შეადგინეს, 23 ათასზე მეტმა ქალმა შეავსო, მათ შორის ლუკასის დედამაც, და აქედან 18% დათანხმდა, მიეღო ფსიქოლოგიური ან სოციალური დახმარება.

„კითხვებს მისვამენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვგრძნობ თავს, რა განცდები დამეუფლა მშობიარობის შემდეგ ან თავად მშობიარობის დროს, თავს რამდენად კარგად ვგრძნობ ახლა, რამე პრობლემა ხომ არ მაქვს და ხომ არ მჭირდება რაიმე რჩევა ან დახმარება“, – განმარტავს ლუკასის დედა, რომელიც ამ პროექტის ბენეფიციარია.
ამ პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 97 ათას ევროზე მეტია, რომელიც სრულად დააფინანსეს ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფარგლებში. ჩეხეთის რესპუბლიკაში უკვე 37 პალატაა ჩართული ამ პროგრამაში. ასეთი პროგრამის დაწყების იდეა მენტალური ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში გაჩნდა. მონიტორინგის მსურველ ქალებს ოთხ უფასო კონსულტაციას სთავაზობენ ადელას მსგავს პროფესიონალებთან. მაინც რატომ ითხოვენ ქალები კონსულტაციას?

„როგორც წესი, დახმარება სჭირდებათ ძუძუთი კვების ან მშობიარობის საკითხებზე,“ – გვიხსნის ადელა იანოვსკა, მენტალური ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (ფსიქოსოციალური) კოორდინატორი. „ზოგჯერ ფინანსური პრობლემებიც აქვთ, ზოგჯერ ცხოვრების სტილის შეცვლას ვერ ეგუებიან მშობიარობის შემდგომ პერიოდში. ოჯახური ძალადობის შემთხვევებიც გვქონდა“.
თუ უფრო გრძელვადიანი დახმარებაა საჭირო, კოორდინატორს შეუძლია, ბენეფიციარი ქალები იმავე სფეროს სხვა პროფესიონალებს გადააბაროს.
„სულაც არ ვიყავი კარგად მშობიარობის შემდეგ, ისეთი განცდა მქონდა, რომ ვერ ვუმკლავდებოდი ამ ყველაფერს, ალბათ ამიტომაც შევავსე კითხვარი, ეს ჩემი სამაშველო რგოლი იყო“, – ამბობს პროექტის კიდევ ერთი ბენეფიციარი ნატალია.
ამ პროექტმა REGIOSTARS-ის ჯილდო მიიღო. ეს ევროპული ჯილდოა, რომელსაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ წარმატებულ პროექტებს გადასცემენ.
ავტორი: ავრორა ველესი

