საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროპისთვის საერთო ვალის შესაძლებლობებისა და ევრობონდების შექმნის მოწოდებით გამოდის, ევროპის უსაფრთხოებაში მეტი ინვესტირების მიზნით, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების ინდუსტრიაში მწვანე ტექნოლოგიების დანერგვისთვის.
ემანუელ მაკრონი აფრთხილებს კონტინენტს, რომ საერთო სასესხო შესაძლებლობების გარეშე ბლოკი აშშ-სა და ჩინეთის წინაშე დიდ რისკზე მიდის.
ტექნოლოგიებში ინვესტირების რბოლაში ევროკავშირი ჩინეთთან და აშშ-სთან შედარებით ნაკლები სასესხო რესურსებით სარგებლობს. საფრანგეთის პრეზიდენტი კი მიიჩნევს, რომ ეს დიდი შეცდომაა იმ შესაძლებლობების ფონზე, რომლებიც კონტინენტს გააჩნია. საფრანგეთის ლიდერის გამოთვლებით, ევროკავშირს წლიურად 1,2 ტრილიონი ევრო ესაჭიროება კერძო და საჯარო სექტორებში ინვესტიციებისთვის მწვანე და ციფრული ტექნოლოგიების დასანერგად, მათ შორის თავდაცვის სფეროში.
ევროკავშირმა ერთობლივი ვალის შესაძლებლობა 2020 წელს გამოიყენა, რათა კოვიდ-19-ის პანდემიის შემდგომ ევროპული ეკონომიკა გაეჯანსაღებინა. პარიზი არ აკლებს მცდელობას, ასეთი ინსტრუმენტი მუდმივ მექანიზმად აქციოს, მიუხედავად გერმანიისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების ხისტი წინააღმდეგობისა.
ხუთშაბათს ევროკავშირის ლიდერები ბელგიაში არაფორმალურ შეხვედრას გეგმავენ, სადაც ერთიანი ბაზრის შესაძლებლობებზე მსჯელობას დაუთმობენ დროს. მათ შორის საუბარი შედგება ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებასა და კონკურენტუნარიანობის ზრდაზე.

