ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შტატებთან გარიგება სურს და რომ ამ საკითხზე სხვაგვარი დამოკიდებულება ისლამური რესპუბლიკის მხრიდან „უგუნურება“ იქნებოდა.
„როგორც იცით, ახლა ირანისკენ უზარმაზარი ფლოტილია მიემართება. ვნახოთ, რა მოხდება. მგონია, რომ მათ შეთანხმების დადება სურთ. ვფიქრობ, ასე რომ არ იყოს, ეს მათი მხრიდან უგუნურება იქნებოდა. წინა ჯერზე ბირთვული შესაძლებლობები გავუნადგურეთ. ვნახავთ, კიდევ თუ გავანადგურებთ რამეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მანვე თქვა, რომ არ იცის, არის თუ არა შესაძლებელი ირანის რეჟიმთან იმგვარი შეთანხმების დადება, რომელიც რეალურად შესრულდება და ხანგრძლივი იქნება, თუმცა დარწმუნებულია, რომ ისლამურ რესპუბლიკაში შტატებთან შეთანხმების დადების სურვილი არსებობს.
„მართლა არ ვიცი. თუმცა ვიცი ერთი რამ -მათ შეთანხმების დადება სურთ. სხვას არ ელაპარაკებიან, მაგრამ ჩემთან საუბრობენ. იცით, ეს კარგი კითხვაა. ბევრი ამბობს, რომ არა. მე კი ვიტყოდი, რომ შეთანხმების დადება მირჩევნია. ეს კარგი შეთანხმება უნდა იყოს — არავითარი ბირთვული იარაღი, არავითარი რაკეტები, არც ეს, არც ის. მაგრამ ზოგიერთს ის ადარდებს, რომ ისინი ჩვენს მიმართ წლების განმავლობაში ძალიან არაკეთილსინდისიერები იყვნენ. ხომ ასეა? ძალიან არაკეთილსინდისიერები. რაც ობამამ და ბაიდენმა გააკეთეს – ფაქტობრივად მონსტრის შექმნა – საშინელება იყო. ირანის ბირთვული შეთანხმება ერთ-ერთი ყველაზე სულელური შეთანხმება იყო, რაც კი ოდესმე მინახავს“, – თქვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
პარალელურად თეირანში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნა „ირანელი ერის ინტერესების უზრუნველყოფაა საერთაშორისო ნორმების, გაუვრცელებლობის ხელშეკრულებისა და ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი გამოყენების საფუძველზე“.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ნებისმიერი მხრიდან მომავალი აგრესიის შემთხვევაში „გამანადგურებელ პასუხს“ გასცემენ.
გუშინ გამართულ ბრიფინგზე ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა თქვა ისიც, რომ ომანის დედაქალაქ მასკატში ამერიკის შეერთებულ შტატებთან გამართული მოლაპარაკებები „მეორე მხარის სერიოზულობის შეფასებისა და იმის გარკვევის შესაძლებლობა იყო, თუ როგორ შეიძლება პროცესის გაგრძელება“.
მასკატში გასულ პარასკევს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წარმომადგენლები — სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი — შეხვდნენ.
„მასკატის შეხვედრა, რომელიც ხანგრძლივი არ ყოფილა და ნახევარ დღეს გაგრძელდა, ჩვენთვის მეორე მხარის სერიოზულობის შეფასებისა და იმის გარკვევის შესაძლებლობა იყო, თუ როგორ შეიძლება პროცესის გაგრძელება. ამიტომ, ძირითადად, ზოგად საკითხებზე ვისაუბრეთ. ჩვენი პრინციპები მკაფიოა. ჩვენი მოთხოვნა ირანელი ერის ინტერესების უზრუნველყოფაა საერთაშორისო ნორმების, გაუვრცელებლობის ხელშეკრულებისა და ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი გამოყენების საფუძველზე. რაც შეეხება დეტალებს – უნდა დაველოდოთ შემდეგ ნაბიჯებს და ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ეს დიპლომატიური პროცესი.
თქვენ საუბრობთ ისრაელის მხრიდან ირანზე თავდასხმის თეორიაზე, რომელიც მთლიანად შეცვლიდა სურათს. ირანის ისლამური რესპუბლიკა ნებისმიერი მხრიდან სამხედრო აგრესიას გამანადგურებელ პასუხს გასცემს. ასევე, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ზიონისტური რეჟიმის ქმედება ამერიკასთან თანამშრომლობისა და კოორდინაციის გარეშე, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნებოდა. ასე რომ, თუ ასეთ ბოროტებას ჩაიდენენ, ირანის პასუხი მათ ამას ანანებს.
შეერთებული შტატები ქვეყნებზე ზეწოლის მიზნით ეკონომიკური ინსტრუმენტების გამოყენებას არის მიჩვეული. მაშინ, როცა დიპლომატიასა და დიალოგზე საუბრობს, პარალელურად, მისი აღქმით, ზეწოლის მექანიზმების გაძლიერებას ცდილობს. თუმცა გამოცდილება აჩვენებს, რომ როდესაც საქმე ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეხება, ამ ზეწოლასა და მუქარას არავითარი ეფექტი არ აქვს“, – განაცხადა ისმაილ ბაღაიმ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
ამავდროულად, ირანში საპროტესტო აქციებისას დაკავებული არცერთი პირი არ მოხვდა იმ 2 100-ზე მეტ პატიმარს შორის, ვინც აიათოლა ალი ხამენეიმ გუშინ შეიწყალა.
შეწყალება უკავშირდება ისლამური რევოლუციის წლისთავს.
„ისლამური რევოლუციის ლიდერი დათანხმდა სასამართლოს თავმჯდომარის თხოვნას 2 108 მსჯავრდებულის შეწყალების, სასჯელის შემსუბუქების ან შეცვლის შესახებ“, – ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც ხაზგასმულია ისიც, რომ ეს საპროტესტო აქციებზე დაკავებულ ბრალდებულებსა თუ მსჯავრდებულებს არ ეხებათ.
ირანში მასშტაბური პროტესტი ეროვნული ვალუტის კოლაფსის გამო დეკემბრის ბოლოს დაიწყო და მოგვიანებით ანტისამთავრობო დემონსტრაციებში გადაიზარდა.
ხელისუფლების მიერ აქციების სასტიკ დარბევას ათასობით ადამიანის დაღუპვა და ათიათასობით დაკავება მოჰყვა. ეს ირანში ყველაზე სისხლიანი არეულობაა 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტო (HRANA) 6 964 ადამიანის დაღუპვას ადასტურებს. Euronews-ის წყაროების თანახმად, რეალური რიცხვი შესაძლოა 30 000-საც აღემატებოდეს.

