ჩეხეთი 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას გეგმავს.
ინიციატივის ავტორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ანდრი ბაბიშია, რომელიც მზად არის, მსგავსი შეზღუდვების დამწესებელ სახელმწიფოთა სიას ჩეხეთიც შემატოს. ამ სიაში კი ევროპული ქვეყნებიდან უკვე არიან საფრანგეთი, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო და საბერძნეთი.
არასრულწლოვნებისთვის სოციალური მედიის გამოყენებაზე შეზღუდვების დაწესების მომხრეა ევროკავშირიც, თუმცა პირველმა ეს ნაბიჯი ავსტრალიამ 2025 წლის დეკემბერში გადადგა და „ბავშვებზე მავნე ზეგავლენის მოხდენის“ არგუმენტით სოციალურ ქსელებზე წვდომა შეუზღუდა 16 წელს მიუღწეველ პირებს.
ვიდრე სახელმწიფოთა ნაწილი აწესებს რეგულაციებს ან მსჯელობს, როგორ ებრძოლოს არასრულწლოვნებზე სოციალური მედიის მავნე გავლენებს, ბავშვთა უფლებადამცველი ორგანიზაციები და ტექნოლოგიური კომპანიები, ერთი მხრივ, ქვეყნებს, ხოლო მეორე მხრივ — მომხმარებლებს სთავაზობენ გზებს, როგორ უზრუნველყონ არასრულწლოვანთა უსაფრთხოება დამატებითი შეზღუდვების გარეშე.
ბავშვთა ბულინგთან, სექსუალურ შევიწროებასა და უხამსობის შემცველი კონტენტის გავრცელებასთან დაკავშირებით, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გახმაურებული საქმეების შემდეგ, კიბერუსაფრთხოებაზე ზრუნვა პრიორიტეტად იქცა სახელმწიფოებისა და ტექნოლოგიური გიგანტებისთვის, განსაკუთრებით — 18 წლამდე მიუღწეველი პირების შემთხვევაში.
ისეთი სოციალური პლატფორმები, როგორებიცაა Instagram-ი, TikTok-ი და YouTube-ი, მომხმარებელს „მშობლის კონტროლის“ ფუნქციას სთავაზობენ, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, თავად განუსაზღვრონ შვილებს ინტერნეტში გატარებული დროის მაქსიმალური ხანგრძლივობა.
ამასთან, ზოგიერთ სახელმწიფოში უკვე ამოქმედდა ამ აპლიკაციების (მაგალითად, YouTube-ის) საბავშვო ვერსიები, სადაც მხოლოდ მათზე მორგებული ფოტო-ვიდეოპროდუქტი არის განთავსებული და შინაარსი ადაპტირებულია ბავშვების განვითარებაზე.
ამის მიუხედავად, სოციალური ქსელების მფლობელი კომპანიების ძალისხმევას ევროკომისია არასაკმარისად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მთავარი პრობლემა ძირითადად პლატფორმების მხრიდან კონფიდენციალურობის პირობების დარღვევაა.
განსხვავებული შეხედულება აქვს, მაგალითად, ბრიტანულ უფლებადამცველ ორგანიზაციას სახელწოდებით „დაიცავით ბავშვები“ (Save the Children), სადაც კონფიდენციალურობის დარღვევის მიღმა პრობლემად ოჯახის წევრთა მხრიდან არასრულწლოვნებთან გატარებულ არასაკმარის დროს მიუთითებენ.
ორგანიზაციის განმარტებით, მშობლებმა უნდა უზრუნველყონ ბავშვთა დღის წესრიგის დაგეგმვა იმგვარად, რომ გაჯეტებთან წვდომა სხვა აქტივობებით ჩანაცვლდეს.
ბრიტანული უფლებადამცველი ორგანიზაციის თანახმად, მშობლებმა ასევე უნდა აუხსნან არასრულწლოვნებს სოციალური მედიის ალგორითმების მუშაობის სპეციფიკა, დეზინფორმაციის გარჩევა და ის, როგორ მზადდება ციფრული პროდუქტი, რომელიც მათზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს ისე, რომ თავადაც ვერ იაზრებენ.
ამ მოსაზრებას იზიარებს გაეროს ბავშვთა კომიტეტიც, რომლის თანახმადაც უფროსების ვალდებულებაა, ადრეული ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს გასაგებად აუხსნან, რამდენად აუცილებელია ინტერნეტში განთავსებული არაეთიკური, უხამსი და მავნე შინაარსის ციფრული პროდუქტისგან თავის არიდება.
ამასთან, გამოიყენონ სოციალური პლატფორმების შესაბამისი ფუნქციები, რომლებიც მოიცავს მათთვის საზიანოდ შეფასებული კონტენტის დისტანციურად გასაჩივრების ან დაბლოკვის შესაძლებლობას.
სოციალური მედიის დადებითი მხარეების აღმოსაჩენად და პლატფორმების სწორად გამოსაყენებლად კი ChatGPT-ის შემქმნელი კომპანია OpenAI მომხმარებლებს მოუწოდებს, გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და ინოვაციურ ხელსაწყოს შეხედონ როგორც მეგობარსა და გზამკვლევს ციფრულ სამყაროში.

