მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფო„ეფშტეინის ფაილების“ სკანდალის გამო ბრიტანეთში კირ სტარმერის გადადგომას ითხოვენ

„ეფშტეინის ფაილების“ სკანდალის გამო ბრიტანეთში კირ სტარმერის გადადგომას ითხოვენ

დაუნინგ სტრიტზე დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლები შეიკრიბენენ. ისინი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის პოზიციებს განიხილავენ.  კირ სტარმერის მთავრობაში კრიზისია „ეფშტეინის ფაილების“ გასაჯაროების გამო, რაშიც აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი პიტერ მანდელსონი ფიგურირებს.

ბრიტანეთში პოლიტიკოსების დიდი ნაწილი პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვს. მათ მიაჩნიათ, რომ პიტერ მანდელსონის ამერიკაში ელჩად დანიშვნაზე სრული პასუხისმგებლობა კირ სტარმერმა უნდა აიღოს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პრემიერ-მინისტრს ტყუილში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, პიტერ მანდელსონის ელჩად დანიშვნისას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ინფორმირებული იყო, რომ ბრიტანელ დიპლიმატს ახლო ურთიერთობა ჰქონდა არასრულწლოვანების ტრეფიკინგსა და სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ ჯეფრი ეფშტეინთან. კონსერვატიული პარტიის ლიდერის კემი ბადენოკის განაცხადებით, კირ სტარმერი ერთმანეთზე უფრო ცუდ გადაწყვეტილებას იღებს და ახლაც მისი პოზიცია დაუსაბუთებელი და გაუგებარია.

პიტერ მანდელსონის დანიშვნის გამო კირ სტარმერის გადადგომას ითხოვენ  სტარტმერის პარტიის წევრებიც. მოწოდებებს შეუერთდა შოტლანდიის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, ანას სარვარი. მისი განცხადებით, პარტიამ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, შესაბამისად,  დაუნინგ სტრიტის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს.

„მე უნდა ვიმოქმედო ისე, როგორც ჩემი ქვეყნისთვის, შოტლანდიისთვის, იქნება სწორი. ეს ადვილი ნამდვილად არ არის. ეს მტკივნეულია, რადგან კირ სტარმერთან ნამდვილი მეგობრობა მაკავშირებს. მაგრამ ჩემი პრიორიტეტი ჩემი ქვეყნის მიმართ ერთგულებაა. არ ვარ მზად, შოტლანდიის ეროვნული ჯანდაცვის სისტემა, ჩვენი სკოლები, ჩვენი თემები, ჩვენი ქალაქები, სოფლები და კუნძულები შოტლანდიის ეროვნული პარტიის 30-წლიან მმართველობას შევწირო. ყურადღების მოდუნების დრო აღარაა. ამიტომ დაუნინგ სტრიტის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა შოტლანდიის ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, ანას სარვარმა.

„ეფშტეინის ფაილების“ გასაჯაროების შემდეგ ყოფილი კაბინეტის მინისტრი, ელჩი და ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის პიტერ მანდელსონის წინააღმდეგ ახლა გამოძიება სამსახურეობრივი ძალაუფლების გადაცდომის კუთხით მიმდინარეობს. ფაილების მიხედვით, მან დაახლოებით ათი წლის წინ ჯეფრი ეფშტეინს კონფიდენციალური სამთავრობო ინფორმაცია გადასცა. 2009 წელს პიტერ მანდელსონმა, როდესაც დიდი ბრიტანეთის მთავრობის მდივანი იყო, ჯეფრი ეფშტეინს სამთავრობო ანგარიშები გაუგზავნა, რომლებშიც ის გზები იყო განხილული, რომლებითაც დიდ ბრიტანეთს 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ თანხები უნდა მოეზიდა, მათ შორის საუბარი იყო სამთავრობო აქტივების გაყიდვებზე. ხშირ შემთხვევაში პიტერ მანდელსონი ჯეფრი ეფშტეინს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეილებს მიღებიდან რამდენიმე წუთში უგზავნიდა.

კირ სტარმერმა პიტერ მანდელსენი ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩად 2024 წელს დანიშნა. ამ დროისთვის ის ჯეფრი ეფშტეინთან ახლო ურთიერთობას ინარჩუნებდა, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი ფინანსისტი 2008 წელს არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის გასამართლეს.

მას შემდეგ, რაც მათი მჭირდრო ურთიერთობების დამადასტურებელი წერილები საჯარო გახდა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა პიტერ მანდელსონი 2025 წლის სექტემბერში თანამდებობიდან გაათავისუფლა.

თანამდებობა დატოვა კირ სტარტმერის შტაბის უფროსმა, მორგან მაკსვინიმაც, რომელმაც 2024 წლის არჩევნებისას ლეიბორისტული პარტიის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრს პიტერ მანდელსონის ელჩად დანიშვნა სწორედ მან ურჩია.

თავად პრემიერ-მინისტრმა უფრო მტკიცე მიდგომა აირჩია და განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. როგორც თავად ამბობს,  მზად არ არის, უარი თქვას მანდატზე და ქვეყნის წინაშე აღებულ პასუხისმგებლობაზე. მისივე განცხადებით, ის გამოძიებასთან სრულად ითანამშრომლებს და ყველამ, ვინც სახელმწიფოს უღალატა, შესაბამისი პასუხი უნდა აგოს.

ჯერჯერობით პიტერ მანდელსონი არც დაუკავებიათ და  არც ბრალი წაუყენებიათ. თუმცა გამოძიების ფარგლებში ბრიტანეთის პოლიციამ პიტერ მანდელსონთან დაკავშირებული ორი სახლი გაჩხრიკა. თავად პიტერ მანდელსონი ჯეფრი ეფშტეინთან დაკავშირებულ ნებისმიერ დანაშაულს უარყოფს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში საჯარო მოხელის მიერ უფლებამოსილების გადამეტება სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend