ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ისრაელს ღაზაზე მაინც მიაქვს იერიში. ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის თავდასხმას სამი პალესტინელი ემსხვერპლა, რომელთა შორის ერთი ქალია.
შიფას საავადმყოფოს ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად ღაზის დასავლეთ ნაწილში დაზიანდა საცხოვრებელი ბინა. დაშავებულები სწორედ შიფას სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
პალესტინელებისთვის გლოვა ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. ღაზაში მშვიდობის იმედი თითქმის აღარ აქვთ. ისრაელის საჰაერო თავდასხმამ შესაძლოა ნებისმიერ დროს დაარღვიოს მოჩვენებითი სიმშვიდე, რომელიც თითქოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოჰყვა.
ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ მათ ღაზის სამხრეთ ქალაქ რაფაჰში ისრაელელი სამხედროების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის საპასუხოდ მიიტანეს იერიში. ისრაელის სამხედრო ძალების თქმით, ოპერაციები ცეცხლის შეწყვეტის პირობების დარღვევის გამო „ზუსტი დარტყმების“ პრინციპით მიმდინარეობს.
შეთანხმება ეფუძნებოდა 20-პუნქტიან გეგმას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წარადგინა. გეგმა მიზნად ისახავდა ომის დასრულებას, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმას მოჰყვა.
შეთანხმების ფარგლებში „ჰამასმა“ ისრაელს გადასცა მძევლები, სანაცვლოდ კი ისრაელმა ათასობით პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.
თუმცა შეთანხმებით გათვალისწინებული ძირითადი თემები, მათ შორის ღაზის სექტორის მმართველობის საკითხი, კვლავ გადაუჭრელია. ამასთან, ვაშინგტონს კონფლიქტის პოლიტიკური გზით მოგვარების კონკრეტული ვადა არ დაუდგენია.

