მთავარიმსოფლიოNATOნატო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით არქტიკული მისიის განხორციელებას გეგმავს

ნატო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით არქტიკული მისიის განხორციელებას გეგმავს

ევროპაში ნატოს უმაღლესმა მთავარსარდალმა გენერალმა ალექსუს გრინკევიჩმა ლუქსემბურგში ვიზიტისას განაცხადა, რომ ალიანსი რუსეთისა და ჩინეთის მზარდი აქტივობის ფონზე, უკიდურეს ჩრდილოეთში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, არქტიკული მისიის განხორციელებას გეგმავს.

გრინკევიჩის თქმით, მისია, სახელწოდებით Arctic Sentry, ჯერ არ დაწყებულა და ის დაგეგმვის ბოლო ეტაპზეა.

„ჩვენ ვისაუბრეთ გრენლანდიაზე არქტიკის კონტექსტში, ასევე იმაზე, რომ ალიანსმა ყურადღება უნდა დაუთმოს არქტიკაში უსაფრთხოებას, იმის გათვალისწინებით, რომ იქ აქტიურად არიან ჩართული რუსეთი და ჩინეთი. ვფიქრობ, უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახლა ვაპირებთ ახალი არქტიკული მისიის დაწყებას, სახელწოდებით Arctic Sentry. ის ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ჩვენ ამ მისიის დაგეგმვის საბოლოო ეტაპზე ვართ. დღეს საღამოს ჩემს შტაბ-ბინაში დავბრუნდები და ხვალ ნორფოლკის გაერთიანებული ძალების სარდლობის მეთაურისგან, რომელიც ამ საკითხს ხელმძღვანელობს, მოხსენებას მოვისმენ. თუ ყველაფერი კარგად წარიმართება და ყველა მოთხოვნას დავაკმაყოფილებთ, შესაძლოა, ამ კვირაში გამოვაცხადოთ, რა მიმართულებით მივიწევთ წინ. თუმცა ეს იყო ერთ-ერთი იმ ორი საკითხიდან, რომლებიც ჩვენმა გენერალურმა მდივანმა პრეზიდენტ ტრამპთან დავოსში ყოფნისას განიხილა. ვფიქრობ, ეს არქტიკის უსაფრთხოების წინსვლის მნიშვნელოვანი საყრდენია და მოუთმენლად ველი ამ საქმეში წვლილის შეტანას”, – განაცხადა ნატოს უმაღლესმა მთავარსარდალმა ევროპაში, გენერალმა ალექსუს გრინკევიჩმა.

მან ასევე დასძინა, რომ შეერთებული შტატები და რუსეთი შეთანხმდნენ სამხედროებს შორის საკომუნიკაციო არხის აღდგენაზე, რაც უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„ამგვარად, ჩვენ შევთანხმდით კომუნიკაციის არხის აღდგენაზე. ამჟამად ამ აღდგენის პროცესში ვართ. რუს სამხედროებთან ჩემი კომუნიკაცია ჯერჯერობით იმ მომლაპარაკებლებთან იყო, რომლებიც რუსებმა ჩვენს სამხედრო სამუშაო ჯგუფში გაგზავნეს. გეტყვით, რომ ამ სამუშაო ჯგუფების ფარგლებში ჩვენ კონსტრუქციულ და პროდუქტიულ საუბრებს ვაწარმოებთ იმის შესახებ, როგორ წავალთ წინ უკრაინის სამშვიდობო შეთანხმებაზე. ყველა, ვისაც ვიცნობ, იმედოვნებს, რომ ჩვენ ამას შევძლებთ“, – განაცხადა ნატოს უმაღლესმა მთავარსარდალმა ევროპაში, გენერალმა ალექსუს გრინკევიჩმა.

ლუქსემბურგს, ნატოს წევრობის ფარგლებში, ადრეც მიუღია მონაწილეობა სხვადასხვა მისია-ში. ლუქსემბურგი, ნატოს ქვეყნების უმეტესობის მსგავსად, მხარს უჭერს თავდაცვისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის 5%-იანი ხარჯების ზრდას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend