რუსეთის უშიშროების სამსახურებმა დააკავეს პირი, რომელსაც სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი ხელმძღვანელის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, 6 თებერვალს მოსკოვში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ვლადიმერ ალექსეევს ცეცხლი რუსეთის მოქალაქემ, ლიუბომირ კორბამ გაუხსნა. ე.წ. გრუს ხელმძღვანელის მოადგილე ქირურგიული ჩარევით იხსნა, ხოლო შემსრულებელი, რუსული სამსახურების ცნობით, დუბაიში დააკავეს და მოსკოვში ჩაიყვანეს. ამის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი სახელმწიფო მედიამ გაავრცელა.
„დადგენილია სამი პირის ვინაობა, რომლებიც რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილის წინააღმდეგ თავდასხმაში არიან ეჭვმიტანილნი. მოსკოვში დაკავებულ იქნა დანაშაულში მონაწილე ვიქტორ ვასინი, რომელსაც მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვაში ედება ბრალი. დადგინდა დანაშაულში კიდევ ერთი პირის, ზინაიდა სერებრიცკაიას, მონაწილეობაც, რომელმაც ქვეყანა დატოვა და უკრაინაში იმყოფება. რაც შეეხება თავად შემსრულებელს, ის 1960 წელს დაბადებული ლიუბომირ კორბაა, რომელმაც რუსეთი დანაშაულის ჩადენიდან მალევე დატოვა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაფრინდა. არაბთა გაერთიანებული საამიროების კომპეტენტური პირების დახმარებით ფიგურანტი დაკავებულია და ამჟამად მოსკოვში იმყოფება. ცნობილია, რომ კორბა მოსკოვში გასული წლის დეკემბერში ჩამოვიდა ტერაქტის ჩასადენად“, – განაცხადა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრეს-სპიკერმა, სვეტლანა პეტრენკომ.
მოსკოვი დანაშაულის უკან უკრაინულ დაზვერვის კვალს ხედავს და მას ადანაშაულებს. მათი თქმით, დამნაშავეების რეკრუტირება უკრაინულმა დაზვერვამ მოახდინა ჯერ კიდევ 2025 წელს, ტერნოპილში, დასავლეთ უკრაინაში. მათივე მტკიცებით, წვრთნები მათ უკვე კიევში ჩაუტარდათ. გენერალ-ლეიტენანტი ალექსეევის მკვლელობისთვის ჯილდო 30 000 დოლარი იყო. კიევი ბრალდებებს უარჰყოფს.
ამავდროულად, ეფესბე ამტკიცებს, რომ საქმეში ჩართული იყო პოლონური დაზვერვაც. საკითხს ვარშავა ჯერ არ გამოხმაურებია.
დაკავებული ეჭვმიტანილები, ვიქტორ ვასინი და ლიუბომირ კორბა, უკვე დაკითხეს. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (ეფესბე) ამტკიცებს, რომ მათ ბრალი აღიარეს და საქმეში უკრაინის სპეც-სამსახურების მონაწილეობაც დაადასტურეს.
რუსეთის სპეციალური სამსახურების ვერსიას იზიარებს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. მან კიევი ღიად დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ უკრაინის მიზანი სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესის საბოტაჟი იყო. ე.წ. გრუს ხელმძღვანელობა აბუ-დაბიში უკრაინულ და ამერიკულ მხარეებთან უსაფრთხების საკითხების განხილვაში მონაწილეობდა.

