მთავარიამერიკაჩილეციხის კედლებს მიღმა „დაბადებული“ რაგბი ჩილეში

ციხის კედლებს მიღმა „დაბადებული“ რაგბი ჩილეში

„Rugby Unión Libertad“ – ჩილეში, ვალპარაისოს საპატიმროში 2016 წელს დაარსებული რაგბის გუნდია, რომლის წევრებიც ამავე ციხის პატიმრები არიან. მავთულხლართებს მიღმა მოთამაშე პატიმარი სპორტსმენებით დაკომპლექტებული გუნდი, ჩილეს ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ოფიციალური რაგბის გუნდი, რომელიც პატიმრებისგან ჩამოყალიბდა.

დღეს „Rugby Unión Libertad“-ის ყოველდღიურობა პროფესიონალური ლიგის განრიგს წააგავს: კვირაში სამი დღე მოედანზე წრთვნა, ორი დღე  სპორტდარბაზში ვარჯიში და შაბათ-კვირას მატჩები.

„აქ ძალადობა გავრცელებულია. მისაღებია, რომ ზოგჯერ უნდა იყო უფრო აგრესიული, როცა სხვები ახდენენ ზეწოლას. მაგრამ, დროთა განმავლობაში სწავლობ, როგორ მოაგვარო ეს პრობლემები. როგორც ვთქვი, იწყებ კონფლიქტებიდან დაშორებას, რომ არ გაგრძელდეს იგივე სიტუაცია.  რაგბმა ძალიან ბევრი რამ მასწავლა. განსაკუთრებით კი საკუთარი თავის კონტროლი. მიხარია რომ ამ გუნდის წევრი ვარ.“ – ამბობს პატიმარი რაგბისტი, ხორხე სილვა ენრიკესი.

თუმცა, ეს მხოლოდ სპორტული კლუბი არ არის. იგი 2024 წლის იანვარში ოფიციალურად დარეგისტრირდა მისიით – პატიმრების საზოგადოებაში დაბრუნებისთვის მომზადება სასჯელის მოხდის შემდეგ.

„ამ სპორტისთვის საჭირო ვარჯიშის ჩატარება აქ უკიდურესად რთულია, რადგან ადამიანებს ცუდად სძინავთ, არასათანადოდ იკვებებიან და მიუხედავად ამისა, მაინც აქვთ როგორც ფიზიკური, ისე მენტალური ძალა, რომ გადალახონ ის მრავალი სირთულე, რომელსაც რაგბი მათ წინაშე აყენებს. მათი რეინტეგრაცია დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, არა მხოლოდ ნებისყოფაზე. გარემო გისოსებს გარეთაც მნიშვნელოვანია. ხშირად, ამ ადამიანებს ცვლილების სურვილი აქვთ, მაგრამ რასაც ისინი აწყდებიან, დახურული კარებია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებობს პრობლემა, რომელსაც ჩვენ არ უნდა მივუდგეთ გულგრილად, და ეს არის საზოგადოება და სტიგმა. მათ მეტად სჭირდებათ გვერდში დგომა“, – აცხადებს რაგბის მწრთვნელი, ლეოპოლდო სერდა.

თავდაპირველად, გუნდის ვარჯიშები მარტივი იყო. მათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ ჰქონდათ. თუმცა, ციხის ადმიანისტრაციის განცხადებით, მათ შესაბამისი ხელშეწყობა მოიპოვეს და დღეს „Rugby Unión Libertad“ რაგბის სრულფასოვანი გუნდია.

„რაგბის გუნდის საპატიმროში ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორია, მართლა შესანიშნავი მაგალითია პატიმრების საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობისთვის. ჩვენი ადმინისტრაცია ამაყობს, რომ ეს გამოგვივიდა“, – მიიჩნევს ვალპარაისოს საპატიმრო კომპლექსის დროებით ხელმძღვანელი, აისაკ ფალკონი ესპინასე.

დაარსების წელსვე „Unión Libertad“-მა პირველ ტურნირში მიიღო მონაწილეობა. მაგრამ 2024 წელი გუნდისთვის ისტორიული აღმოჩნდა. მოთამაშეებმა ვალპარაისოს ციხე პირველად დატოვეს და სანტიაგოს ჩრდილოეთით მდებარე სხვა საპატიმროში, ჩილეს ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდნენ — იმავე გუნდს, რომელიც 2027 წლის რაგბის მსოფლიო თასზე ავსტრალიაში იასპარეზებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend