მთავარიამერიკააშშნიუ-იორკში ექთნების გაფიცვა გრძელდება

ნიუ-იორკში ექთნების გაფიცვა გრძელდება

ნიუ-იორკში ექთნებმა და ორმა მსხვილმა სამედიცინო ცენტრმა – მონტეფიორესა და მაუნთ სინაის საავადმყოფოებმა – მიაღწიეს შეთანხმებას, რომ დაასრულებენ თითქმის ერთთვიან გაფიცვას. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები პერსონალის გაზრდას, უსაფრთხოებისა და შრომითი პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ.

წინასწარი შეთანხმება უკვე გამოცხადდა. ამავე დროს, გაფიცვა კვლავ გრძელდება ნიუ-იორკის პრესბიტერიანის საავადმყოფოებში, სადაც მედდებმა 12 იანვრიდან შეაჩერეს მუშაობა.

ნიუ-იორკის პრესბიტერიანის ადმინისტრაციის განცხადებით, მიღწეულ იქნა შეთანხმება შუამავლების მიერ შეთავაზებულ გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს ხელფასების ზრდას, მედდების პენსიით უზრუნველყოფას, სამედიცინო დაზღვევის გაგრძელებასა და პერსონალის რაოდენობის გაზრდას.

თუმცა გაფიცული მედდები აცხადებენ, რომ სამუშაო დატვირთვის შემცირებისა და დასაქმების სტაბილურობის საკითხები სრულად ჯერ არ არის მოგვარებული. პროფკავშირში ამბობენ, რომ ნიუ-იორკის პრესბიტერიანის საავადმყოფოებში გაფიცვა კვლავ ძალაში რჩება.

„სამწუხაროდ, ნიუ-იორკის პრესბიტერიანის საავადმყოფოში ჩვენი ორი მთავარი საკითხი კვლავ დღის წესრიგშია. ეს არის კადრების უზრუნველყოფა. ნიუ-იორკში სწორედ პრესბიტერიანი იყო ერთადერთი საავადმყოფო, საიდანაც გასულ წელს უამრავი თანამშრომელი გაათავისუფლეს, რამაც ხელშეკრულებაში სამუშაო უსაფრთხოებასთან და დათხოვნებთან დაკავშირებული ჩანაწერების საჭიროება შექმნა. ჩვენ სწორედ ამისთვის ვიბრძვით.

ამასთან, გაფიცვის დაწყებისას პრესბიტერიანი ერთადერთი საავადმყოფო იყო, რომელსაც არ ჰქონდა ინდუსტრიის სტანდარტის შესაბამისი კადრების კონტროლის მექანიზმი, მაშინ, როცა მონტეფიორესა და სინაის საავადმყოფოებს ეს უკვე ჰქონდათ. ამიტომ ამ საკითხებისთვის ბრძოლა კვლავ გრძელდება. ცხადია, უკიდურესად გულდასაწყვეტია, რომ სხვა დამსაქმებლები მზად არიან თანამშრომლებს სამართლებრივად გამართული კონტრაქტები შესთავაზონ, მაშინ, როცა ჩვენ ჯერ კიდევ გაურკვეველ ვითარებაში ვართ. მიუხედავად იმედგაცრუებისა, უკან არ ვიხევთ და ვიბრძვით ჩვენი უფლებების დასაცავად“, – ამბობს ექთანი ჯენიფერ ლინჩი.

გაფიცვის პერიოდში, სეზონური გრიპის გავრცელების ფონზე, საავადმყოფოებს სხვა მედდების დროებით დაქირავება მოუწიათ. მხოლოდ მაუნთ სინაის ქსელმა 1 400 თანამშრომელი დროებით აიყვანა.

სამწლიანი ხელშეკრულება, რომელიც პროფკავშირის წევრებმა უნდა დაამტკიცონ, შეეხება დაახლოებით 10 500 მედდას იმ 15 000 თანამშრომლიდან, რომლებიც ნიუ-იორკის უმსხვილეს კერძო არაკომერციულ საავადმყოფოებში გაიფიცნენ.

„იმედიანად ვარ განწყობილი. ნამდვილად ასეა. ჩვენ დიდი ხანია აქ ვიბრძვით. მთავარი, რაც გვინდა, საზოგადოებამ გაიგოს, არის ის, რომ ეს მხოლოდ შემოსავლის გაზრდას არ ეხება. ვიცი, რომ ხშირად ასე წარმოჩენენ, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს არის ჩვენი შესაძლებლობა, პაციენტებზე უსაფრთხოდ და სათანადოდ ვიზრუნოთ“, – ამბობს ექთანი მარია ცოი.

მედდების მოთხოვნები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში განსხვავებულია, თუმცა მთავარ პრობლემად კადრების სიმცირე და გადატვირთული სამუშაო გრაფიკი რჩება. პროფკავშირის განცხადებით, მიღწეული წინასწარი შეთანხმება პერსონალის რაოდენობის გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend