უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების ერთადერთ გზად კრემლში ანკორიჯში მიღწეული ურთიერთგაგების აღსრულებას ასახელებენ, რომელსაც აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა აგვისტოში მიაღწიეს.
კრემლის სპიკერი არ აკონკრეტებს, ზუსტად რა შეთანხმებაზე საუბრობს, თუმცა ფართო გაგებით ე.წ. ანკორიჯის ფორმულა უკრაინის მხრიდან დონეცკისა და ლუჰანსკის დათმობას უნდა გულისხმობდეს. ამას მოსკოვში არც მალავენ და ვაშინგტონსაც ხშირად ახსენებენ ალასკის შეხვედრას. თუმცა ორ პრეზიდენტს შორის მიღწეული ურთიერთგაგების შესახებ ინფორმაცია საჯარო არ ყოფილა. მოსკოვში სინანულით საუბრობენ იმაზე, რომ ალასკაში შეთანხმებული ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართ იმედიანად განწყობილნი არ არიან. თუმცა მხარეები მუშაობას აგრძელებენ ყველა მიმართულებით.
„ჩვენ გვეუბნებიან, რომ უნდა მოვაგვაროთ უკრაინის პრობლემა. მაგრამ აი, ანკორიჯში ჩვენ მივიღეთ პრეზიდენტ ტრამპის შეთავაზება, ანუ თუ კაცურად მივუდგებით ამ საკითხს, მათ შემოგვთავაზეს და ჩვენ დავთანხმდით. შესაბამისად, პრობლემა უნდა გადაიჭრას. რუსეთისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რას იტყვიან უკრაინაში ან ევროპაში. იქ გამოქვაბულების დონეზე მოქმედი რუსოფობიის შესახებ ჩვენთვის კარგადაა ცნობილი ევროკავშირის რეჟიმთა უმრავლესობაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო აშშ-ის პოზიცია“, — აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.
აშშ-ს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია მოსკოვის განცხადებაზე და არც დეტალებში შესულა, რა პირობები გასცა ან მიიღო ზაფხულში აშშ-ში გამართულ პრეზიდენტების შეხვედრაზე. ჯერჯერობით კიევისთვის იმედისმომცემად მხოლოდ ის უსაფრთხოების გარანტიები გამოიყურება, რომლებიც აშშ-ისა და ევროპელების ჩართულობით არის გამზადებული და მხოლოდ ხელმოწერას ელოდება. თუმცა ვიდრე ეს მოხდება, კიევს ყოველდღიურად სერიოზული რუსული იერიშების მოგერიება უხდება. რამდენიმედღიანი მორატორიუმის შემდეგ მოსკოვმა უკრაინის ქალაქების ენერგეტიკული, ლოგისტიკური თუ საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა სამიზნეში გაორმაგებული ძალებით ამოიღო.
„ამჟამად რუსეთის მხრიდან პრაქტიკულად ყოველდღიურად ხორციელდება თავდასხმები ჩვენს ლოგისტიკაზე, რკინიგზასა და სხვა ინფრასტრუქტურაზე. ზიანი დიდია, თუმცა ეს დაწესებულებები მუშაობას განაგრძობენ. მე მქონდა საუბარი თავდაცვის მინისტრთან, ჩვენს დიპლომატებთან და მომლაპარაკებელთა ჯგუფთან. ჩვენს ქვეყანაში ყველას მართებს იყოს მეტად აქტიური, რათა თებერვლის თვეში ერთი დღეც არ დაიკარგოს უკრაინის გაძლიერების საქმეში და ჩვენი უნარების გაზრდაში, რათა ღირსეულად შევძლოთ ამ ომის დასრულება. მიმდინარე კვირას გვექნება ხელშესახები საერთაშორისო ღონისძიებები უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებით. ევროპაში ჩვენი პოზიციები სიღრმისეულად იქნება წარმოდგენილი, იგივე ეხება აშშ-ს. ჩვენი მომლაპარაკებელთა ჯგუფი ყოველდღიურად მუშაობს დოკუმენტებსა და შეთავაზებებზე, რათა შედეგი მიღწეულ იქნას უკვე უახლოეს შეხვედრებზე. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და სანდო უსაფრთხოების გარანტიები — ესაა ერთადერთი ფუნდამენტი იმისთვის, რომ რუსეთმა არ დაარღვიოს შეთანხმებები დარტყმებითა თუ ჰიბრიდული ოპერაციებით“, – ამბობს უკრაინის ლიდერი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ყოველდღიურ მიმართვაში.
დარტყმები უკრაინის ქალაქებზე ამ ეტაპზე მასირებულად გრძელდება. ზაპოროჟიეს ოლქში დრონებით განხორციელებულმა შეტევამ ქალაქ ვოლიანსკში სერიოზული ზიანი მიაყენა, დაშავდნენ ადამიანები. საცხოვრებელი სახლები დაზიანდა ხარკივში განხორციელებული დრონების იერიშების დროს. ოდესის ოლქში გუშინ განხორციელებული იერიშის შედეგად დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რომლის აღდგენაც ამჟამად მიმდინარეობს.
ცივ ზამთარში უკრაინის მხარდაჭერისკენ მსოფლიოს მოუწოდა რომის პაპმა ლეო მეთოთხმეტემ. ვატიკანიდან გაგზავნილი 80 გენერატორი კიევში დღეს უკვე ჩავიდა.
ყველაფრის პარალელურად, მოგერიებული უკრაინული დრონების შესახებ იუწყებიან მოსკოვში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბელგოროდის, ასტრახანისა და კურსკის ოლქებში მოგერიებული ათამდე დრონის შესახებ იუწყება.

