უკრაინის დედაქალაქ კიევის ისტორიულ პოდილის რაიონში დილის სიჩუმეს საცხობ “სპელტას” ფანჯრიდან გამოსული თბილი ნათება არღვევდა. თუმცა უეცრად ელექტროენერგია გაითიშა და ღუმელებიც გამოირთო.
მეპურე იძულებული გახდა, გენერატორი ჩაერთო, რათა მუშაობა გაეგრძელებინა. ეს სცენა ყოველდღიურ რეალობად იქცა მათთვის, ვინც რუსეთის იერიშების შედეგად დაზიანებული ენერგოსისტემის ფონზე მუშაობის გაგრძელებას მაინც ცდილობს.
ბიზნესის წარმომადგენლების თქმით, გენერატორების შეძენა და ექსპლუატაცია აუცილებლობაა, თუმცა დიდ ხარჯთანაა დაკავშირებული. ამ პრობლემებს ემატება კადრების დეფიციტი, უსაფრთხოების რისკები, მომხმარებელთა შემცირებული რაოდენობა და გართულებული ლოგისტიკა. მცირე კაფეებსა და საოჯახო საწარმოებს განსაკუთრებით უჭირთ, რადგან მათ ნაკლები ფინანსური რესურსი აქვთ.
„ჩვენი მთავარი მიზანია, სტუმრებისთვის, უკრაინელებისთვის მართლაც მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნა და ამავე დროს, დიდი რაოდენობით სამუშაო ადგილის უზრუნველყოფა. ჩემი აზრით, ჩვენი მისიაა არსებულ პირობებში ავთენტური, ხელნაკეთი და ხარისხიანი პროდუქტის წარმოება და უკრაინელებისთვის იმის ჩვენება, რეალურად რამდენად კარგი შეიძლება იყოს ეს ჩვენთვის“ -ამბობს საცხობ Spelta-ს თანადამფუძნებელი და მთავარი მეპურე ოლჰა გრინჩუკი.

ზოგიერთი ობიექტი იხურება, ზოგი კი ზარალზე მუშაობს იმ იმედით, რომ ეს დროებითი მდგომარეობაა. ამავე დროს ბევრი ბიზნესი ადგილობრივი მოსახლეობისთვის დახმარების ცენტრად იქცა. ეს ე.წ. „გამძლეობის პუნქტებია“, სადაც მოქალაქეებს გათბობით, ელექტროენერგიითა და ელემენტარული მხარდაჭერით უზრუნველყოფენ.

„ყველაზე დაუცველი მცირე კაფეები და საოჯახო დაწესებულებები აღმოჩნდა, რადგან ასეთ ბიზნესებს ნაკლები რესურსი აქვთ, განსაკუთრებით ფინანსური. მაგალითად, თუ მთელი თვე ზარალზე მუშაობენ, ზოგჯერ უბრალოდ აღარ არსებობს საშუალება ამ ზარალის დასაფარად. ამას ემატება კადრების დეფიციტი და მომარაგების პრობლემები. მცირე საოჯახო ობიექტებისთვის ეს გამოწვევები კიდევ უფრო მძიმედ აისახება, რადგან მათ არ აქვთ რეზერვი, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დანაკარგი დააბალანსონ” – ამბობს „უკრაინის რესტორნების“ ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი ოლჰა ნასონოვა.
„იძულებული გავხდით, საქმიანობა შეგვეწყვიტა. გვჯერა, რომ ეს დროებითია. თავდაპირველად ვვარაუდობდით, რომ შეჩერება დაახლოებით ერთ კვირას გაგრძელდებოდა, თუმცა უკვე 11 დღე გავიდა. ამ ეტაპზე კვლავ გვეუბნებიან, რომ წყალმომარაგება შესაძლოა უახლოეს დღეებში აღდგეს. სამწუხაროდ, დეკემბერსა და იანვარში ბიზნესს დიდი ზარალი ჰქონდა. ამ დანაკარგის დაფარვას სხვა შემოსავლებით ვცდილობთ. ფაქტობრივად, ჩვენი მეორე კაფესა და საწარმოო მიმართულების ხარჯზე“ – ამბობს ყავის სახლის Best Way to Cup-ის თანადამფუძნებელი იანნა ბილიმი.

ეკონომისტების შეფასებით, ენერგოსისტემაზე შეტევები მოკლევადიან პერსპექტივაში ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ რისკად რჩება. მიუხედავად ამისა, მეწარმეები ამბობენ, რომ მათი მთავარი ამოცანა ახლა არა მოგება, არამედ გადარჩენაა. ომის პირობებში უკრაინაში ბიზნესი გამძლეობისა და წინააღმდეგობის კიდევ ერთ ფორმად იქცა.

