მთავარიევროპაუკრაინაუკრაინაში მოქალაქეებმა სამხედრო გადამზადების ერთთვიანი ინტენსიური კურსი გაიარეს

უკრაინაში მოქალაქეებმა სამხედრო გადამზადების ერთთვიანი ინტენსიური კურსი გაიარეს

უკრაინაში დასრულდა 2026 წლის პირველი საბაზისო სამხედრო გადამზადების  ერთთვიანი ინტენსიური  კურსი. პროგრამაში მონაწილეობდა 80 მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც საბრძოლო გამოცდილების მქონე ვეტერანებთან ერთად ღია პოლიგონებსა და რთულ საველე პირობებში გადიოდნენ წვრთნას.

მონაწილეებმა შეისწავლეს 15 ძირითადი დისციპლინა, მათ შორის: პირველადი სამედიცინო დახმარება, ტაქტიკა, სროლა, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება, კავშირი და კომუნიკაცია, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი.

ეროვნული წინააღმდეგობის კურსი ნებაყოფლობითია და უფასო, თუმცა უკვე დაამტკიცა თავისი მასშტაბი და ეფექტიანობა. მხოლოდ 2024 და 2025 წლებში კიევის ეროვნული წინააღმდეგობის სასწავლო ცენტრმა ამ მოდელით 10 000-ზე მეტი მოქალაქე გადაამზადა.

„იმის გამო, რომ სამხედრო სამსახურში ვიყავი, კარგად მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს სამხედრო უნარები. საბაზისო, მცირე სამხედრო ცოდნა საჭიროა არა მხოლოდ ჯარისკაცებისთვის, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობისთვისაც, რადგან, სამწუხაროდ, გვყავს მტერი, რომელიც არ ზრუნავს არც მშვიდობიან მოსახლეობაზე, არც ბავშვებსა და ქალებზე. ისინი ყველას ხოცავენ. სწორედ ამიტომ ჩვენს ქვეყანაში თითოეულმა ადამიანმა უნდა გაიაროს საბაზისო სამხედრო მომზადება იმისთვის, რომ მზად იყოს ყველაფრისთვის” – ამბობს უფროსი ინსტრუქტორი – ოლექსანდრ იეჰოროვი.

კურსის მონაწილეთა შორის არიან სტუდენტები, მოხალისეები და სხვადასხვა პროფესიული სფეროს წარმომადგენლები. რეგიონული ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრები ეტაპობრივად იქცა სამოქალაქო სამხედრო მზადყოფნის საყრდენ სისტემად, რომელსაც, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით, სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება.

„აქ იმიტომ ვარ, რომ თითოეული უკრაინელის პასუხისმგებლობაა, დაეხმაროს საკუთარ ქვეყანას, ივარჯიშოს და მზად იყოს საგანგებო ვითარებისთვის. თუ აქ ცხოვრებას აპირებ, ეს ცოდნა აუცილებელია. იმედი მაქვს,  რომ მშვიდობა ისევ აღდგება 1991 წლის საზღვრებით და სახლში დაბრუნებას ისევ შევძლებ“ – ამბობს მოხალისე მილანა ოლეფირენკო ბენეტი.

„ამ გამოცდილების მიღება ძალიან მინდოდა, რათა მეტის გაკეთება შემძლებოდა ჩვენი ქვეყნისთვის. მაშინაც კი, როცა სამხედრო ზონაში არ ხარ, არ უნდა გეგონოს, რომ საკუთარ სახლში უსაფრთხოდ ხარ, რადგან არ იცი, გექნება თუ არა ეს სახლი ხვალ“ – ამბობს მოხალისე ანასტასია კორენივსკა.

ოფიციალური პირების შეფასებით,  ეროვნული წინააღმდეგობის მომზადების კურსის მსგავსი პროგრამები ზრდის სამოქალაქო მოსახლეობის მზადყოფნას და კრიზისულ ვითარებაში საზოგადოების მდგრადობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უკრაინა სრულმასშტაბიანი ომის პირობებში უსაფრთხოების გამოწვევებს კვლავ უმკლავდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend