ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის, ნარგეს მოჰამადის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ შიმშილობის დაწყების შემდეგ მას დამატებით შვიდ-ნახევარი წლით მიუსაჯეს პატიმრობა. გადაწყვეტილება შაბათს, ირანის ქალაქ მეშჰედში რევოლუციურმა სასამართლომ მიიღო.
მოჰამადის ადვოკატის ინფორმაციით, მას ექვსი წელი „შეკრებასა და შეთქმულებაში“, წელიწად-ნახევარი კი „პროპაგანდის“ გავრცელების გამო მიუსაჯეს. მოჰამადს ასევე ორი წლით აუკრძალეს ქვეყნიდან გასვლა და დამატებით ორი წლით შიდა გადასახლებაში უნდა იყოს ქალაქ ხუსფში. მხარდამჭერების თქმით, მოჰამადი 2 თებერვლიდან შიმშილობს. ირანის ხელისუფლებას განაჩენი ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.
2022 წლის მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტის შემდეგ ირანის ხელისუფლება შიდა პროტესტსა და განსხვავებულ აზრზე ზეწოლას აძლიერებს. ამავე პერიოდში თეირანი შეერთებულ შტატებთან ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა სამხედრო დაძაბულობა აიცილოს თავიდან.
„ირანულ საზოგადოებას დემოკრატიამდე მისასვლელად სჭირდება ძლიერი ინსტრუმენტები, რომლებიც გააძლიერებს სამოქალაქო საზოგადოებას და განსაკუთრებით ქალთა მოძრაობას. სამწუხაროდ, ომი ამ ინსტრუმენტებს ასუსტებს და მათ ძალას ამცირებს. თუ დღეს თეირანის ქუჩებსა და უამრავ გზას შეხედავთ, ყველგან დაინახავთ რევოლუციური გვარდიის მკაცრ კონტროლს.
ფაქტობრივად, უსაფრთხოების თვითნებურ ძალებს. ქალაქი უსაფრთხოების მკაცრი კონტროლის ქვეშაა. სოციალური და სამოქალაქო მოძრაობები სუსტდება. ახლა ყველაზე მეტად იმაზე ვდარდობ, როგორ უნდა დავუბრუნდეთ ისეთ მდგომარეობას, რომ შესაძლებელი იყოს უსაფრთხოების ამ უკიდურესი რეჟიმიდან გამოსვლა“, – განაცხადა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატმა ნარგეს მოჰამადმა.
53 წლის ნარგეს მოჰამადი მანამდეც იხდიდა სასჯელს. მას 13 წლითა და 9 თვით ჰქონდა მისჯილი პატიმრობა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებისა და პროპაგანდის ბრალდებით. ის აქტიურად უჭერდა მხარს საპროტესტო მსვლელობებს, რომლებიც მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. მოჰამადის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. პატიმრობისას მას რამდენჯერმე ჰქონდა გულის შეტევა, 2022 წელს გადაუდებელი ოპერაციაც ჩაუტარდა.
ირანის სასამართლო და უსაფრთხოების სტრუქტურები აცხადებენ, რომ განსხვავებული აზრის მქონე პირების მიმართ, განურჩევლად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, მკაცრ პოლიტიკას გააგრძელებენ.


