მთავარიაზიაირანიირანის რეჟიმმა რეფორმისტული მოძრაობის ლიდერები დააკავა

ირანის რეჟიმმა რეფორმისტული მოძრაობის ლიდერები დააკავა

ირანის ხელისუფლებამ ქვეყნის რეფორმისტული მოძრაობის მაღალი რანგის წარმომადგენლები დააკავა, რითაც რეპრესიული კამპანია, რომელიც პროტესტის ძალადობრივი ჩახშობის შემდეგ დაიწყო, კიდევ უფრო გააფართოვა.

უსაფრთხოების ძალების მიერ სულ მცირე ოთხი ცნობილი რეფორმისტის დაკავების შესახებ მედია მოძრაობის შიდა წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. დაკავებები კი ტაქტიკის ცვლილებაზე მიუთითებს –  დემონსტრანტების დევნიდან ხელისუფლება პოლიტიკოსებზე გადავიდა.

დაკავებულებს შორის არიან რეფორმისტული ფრონტის ხელმძღვანელი, აზარ მანსური, და მოჰსენ ამინზადე – დიპლომატი, რომელიც რეფორმისტი პრეზიდენტის, მოჰამედ ხათამის მთავრობის წევრი იყო.

დაკავებულია იბრაჰიმ ასღარზადეც, რომელიც 1979 წელს ხელმძღვანელობდა თეირანში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შტურმით დაკავებას – საელჩოს შენობაში შეჭრილი სტუდენტების მიერ თანამშრომელთა დიდი ნაწილის მძევლად აყვანას, რასაც დიპლომატიური კრიზისი მოჰყვა. მაშინ ამერიკის შეერთებული შტატების ათობით მოქალაქემ ტყვეობაში 444 დღე გაატარა.

დაკავებები სავარაუდოდ, იანვარში გავრცელებულ განცხადებას უკავშირდება, რომლითაც რეფორმისტმა ლიდერებმა აიათოლა ალი ხამენეის გადადგომა მოითხოვეს.

ოთხი პირის დაკავება თეირანის პროკურატურამ დაადასტურა. ირანის სახელმწიფო მედიის თანახმად, უწყების განცხადებით, დაკითხვაზე სხვებიც დაიბარეს. პროკურორების თქმით, მაშინ, როცა ირანი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მხრიდან თავდასხმის საფრთხის წინაშეა დაკავებულები ქვეყნის დესტაბილიზაციას ცდილობდნენ.

International Crisis Group-ის ირანული პროექტის ანალიტიკოსი, ალი ვაეზი აცხადებს, რომ ეს დაკავებები ხელისუფლების მცდელობაა, გაანადგუროს ნებისმიერი, თუნდაც რეჟიმისადმი ერთგული ოპოზიციური ძალა ქუჩის დემონსტრაციების ჩახშობის შემდეგ.

„მას შემდეგ რაც რეჟიმმა დემონსტრაციები უკიდურესი სისასტიკით ჩაახშო და სიჩუმე დაამყარა, მან ყურადღება შიგნით გადაიტანა და მზერა საკუთარ ლოიალურ ოპოზიციას მიაპყრო“, – წერს ვაეზი.

ბუნდოვანია, აქვთ თუ არა რეფორმისტებს საზოგადოების მხარდაჭერა.

„სიკვდილი ხამენეის“ – ჩახშობილი პროტესტის ლოზუნგი იყო.

აქციებზე დემონსტრანტები მხარდაჭერას გამოხადტავდნენ ირანის ემიგრაციაში მყოფი მემკვიდრე პრინცის, რეზა ფეჰლევის მიმართ, რითაც, როგორც გამოჩნდა ისლამური რესპუბლიკაში მოქმედ ყველა პოლიტიკურ ძალას, მათ შორის რეფორმისტებსაც, უარყოფდნენ.

ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებისა და ირანში მყოფი წყაროების ინფორმაციით, პროტესტის ჩახშობისას დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა 30,000-ს აღემატებოდეს, თუმცა ზუსტი მონაცემები კვლავ უცნობია. დაკავებულია ათიათასობით პირი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend