ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ 11 თებერვალს ვაშინგტონში შეერთებული შტატების პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს შეხვდება. ისინი ირანთან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ ბოლო მოლაპარაკებებს შეაფასებენ.
ისრაელის პრემიერის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ირანთან მოლაპარაკებების დროს აუცილებლად უნდა იყოს განხილული მისი ბალისტიკური რაკეტების პროგრამის და რეგიონში შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერის შეზღუდვის საკითხებიც, რასაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი არ ეთანხმება.
„რაკეტებისა და თავდაცვის საკითხები ჩვენი უსაფრთხოების თემებია და განხილვას არ ექვემდებარება არც ახლა და არც მომავალში“, — ამბობს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი.
პარასკევს ომანში გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკება ორ ქვეყანას შორის პირველი დიპლომატიური შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა გასული წლის ივნისში ისრაელთან 12-დღიანი კონფლიქტის დროს ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიიტანა იერიში.
„არსებობს ძალიან დიდი უნდობლობა. ნდობის აღდგენა რთულია. ჩემი აზრით, ეს ადვილი არ არის. რა თქმა უნდა, ეს პროცესი შეერთებულმა შტატებმა შექმნა. მოლაპარაკებების წინა რაუნდში ჩვენ მათზე თავდასხმა არ მოვახდინეთ“, — აცხადებს აბას არაღჩი.
აშშ-მ ცოტა ხნის წინ რეგიონში ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნი“ და სხვა სამხედრო ხომალდები გაგზავნა. თეირანმა საპასუხოდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ბაზებს დაესხმებოდა თავს, თუ ამერიკა ირანის ტერიტორიაზე მიიტანდა იერიშს.

