მთავარიევროპაპორტუგალიაპორტუგალიის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე-ცენტრისტმა კანდიდატმა გაიმარჯვა

პორტუგალიის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე-ცენტრისტმა კანდიდატმა გაიმარჯვა

პორტუგალიელთა უმრავლესობის არჩევანი ორ საპრეზიდენტო კანდიდატს შორის ანტონიუ ჟოსე სეგუროზე შეჩერდა. ხმათა თითქმის 68%-ით სოციალისტების მხარდაჭერილმა მემარცხენე-ცენტრისტმა პოლიტიკოსმა, მზარდი პოპულარობის მქონე უტრამემარჯვენე ანდრე ვენტურა დაამარცხა და ახლა ის „ვარდისფერი სასახლის“ მთავარ სავარძელს ჩაიბარებს.

პორტუგალიის ახლადარჩეულ პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

„ეს არ არის ჩემი გამარჯვება, ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა – ყველას, ვისაც სჯეროდა და იმედი ჰქონდა უკეთესი, თანამედროვე და სამართლიანი პორტუგალიის, სადაც თითოეული ჩვენგანი თანასწორია; ქვეყნის, რომელიც წინ მიიწევს და არავის ტოვებს უკან.

მე გავხდები მამოძრავებელი ძალა ცვლილებებისკენ, რომლებიც მიმართული იქნება პასუხისმგებლობის კულტურის ჩამოყალიბებაზე, პორტუგალიელი ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესებასა და მათი პრობლემების გადაჭრაზე. ყველაფერი შეიცვლება. ჩვენ ვალდებული ვართ ეს გავაკეთოთ პორტუგალიელი ხალხისთვის. ყურადღებით ვიქნები, დავუსვამ რთულ კითხვებს და მოვითხოვ მათზე პასუხებს. ამას საჭიროებს დღეს ჩვენი ქვეყანა…“ – განაცხადა პორტუგალიის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ანტონიუ ჟოსე სეგურომ.

პორტუგალიის ახლადარჩეული პრეზიდენტი, ანტონიუ ჟოსე სეგურო – AP Photo/Ana Brigida

არჩევნების მეორე ტურში დამარცხება აღიარა პარტია „ჩეგეს“ ლიდერმა, ანდრეს ვენტურამ, რომელმაც საკუთარ ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ შედეგების მიუხედავად, როგორც პოლიტიკოსი, თავს დამარცხებულად არ თვლის.

ანდრეს ვენტურას თქმით, წინასაარჩევნო კამპანიამაც და მისი პარტიის პოლიტიკურმა საქმიანობამ ნათლად აჩვენა, რომ პორტუგალიაში ცვლილებები გარდაუვალია:

ანდრეს ვენტურა -AP Photo/Armando Franca

„ეს კამპანია დავასრულეთ მთელ პორტუგალიური პოლიტიკური სისტემის წინააღმდეგ ბრძოლით. სამართლიანი იქნება ვთქვათ, რომ დავიმსახურეთ ლიდერობა — პირველ ტურში მოვიპოვეთ გამარჯვება მთელ არასოციალისტურ ფლანგზე. მოვახერხეთ ქვეყნის ნაწილის მობილიზება ორპარტიული სისტემის წინააღმდეგ, რომელიც 50 წელია არსებობს.

პირველად შევძელით პორტუგალიელებისთვის გაგვეცხადებინა, რომ გაჩნდა ალტერნატივა, რომელიც არ არის დაკავშირებული არც სოციალისტურ და არც სოციალ-დემოკრატიულ პარტიებთან. ჩვენ სათავეში ჩავუდექით მემარჯვენე ფლანგს და მას ვუხელმძღვანელებთ პორტუგალიაში.

სამართლიანი იქნება ვთქვათ, რომ ბოლო ეროვნულ არჩევნებში გავუსწარით მთლიან დემოკრატიულ ალიანსს და, მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ვერ მოვიგეთ, პორტუგალიელებმა მიგვითითეს ქვეყნის მართვის გზაზე. გზავნილი ნათელია: ჩვენ ვლიდერობთ მემარჯვენეთა შორის და მალე ვუხელმძღვანელებთ ქვეყანას!“

პორტუგალიის პოლიტიკური ცხოვრებისთვის ნაკლებად დამახასიათებელია დაძაბული საარჩევნო რბოლა. ბოლო 40 წლის განმავლობაში ტენდენცია იყო მკაფიო – მარტივი იყო განსაზღვრა, ვინ ჩაუდგებოდა სათავეში ქვეყნის მთავრობას ან ვინ გახდებოდა პრეზიდენტი, ამიტომ კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა არც პოლიტიკოსებისთვის და არც ამომრჩეველთათვის არ იყო განსაკუთრებული ინტერესი.

2026 წელს ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა. ოთხი ათწლეულის განმავლობაში პირველად პრეზიდენტის არჩევა მხოლოდ მეორე ტურის მეშვეობით გახდა შესაძლებელი. ამომრჩეველთა აქტივობა ორივე ტურში საკმაოდ მაღალი იყო, მითუმეტეს პორტუგალიის მასშტაბით არსებული მეტეოროლოგიური პირობებისა და წყალდიდობის გათვალისწინებით.

ხმის მიცემის უფლების მქონე მოქალაქეებთან ერთად საარჩევნო უბნებზე 18 წელს მიუღწეველ პირებსაც შეეძლოთ საკუთარი ხმის დაფიქსირება – თუმცა ანიმაციური ფილმების პერსონაჟების ასარჩევად.

კენჭისყრისთვის განკუთვნილი უბნები გაიხსნა საზღვარგარეთ მყოფი 11 მილიონი პორტუგალიელისთვისაც.

ახლად არჩეულ პრეზიდენტს გარკვეულ კომპრომისებზე წასვლაც მოუწევს, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობისა და საკანონმდებლო ორგანოში განხილვაში არსებული სადავო საკითხების გათვალისწინებით. კომპრომისების გარეშე ქვეყნის მართვა პორტუგალიას ბოლო სამ წელიწადში მესამე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე მიიყვანდა. მარსელუ რებელუ დი სოზას მემკვიდრის მთავარი ამოცანა ახლა ქვეყანაში არსებული ტურბულენტური ვითარების დასტაბილურებაა.

ანტონიუ ჟოსე სეგურო უკვე დაჰპირდა მოსახლეობას, რომ ითანამშრომლებს მემარჯვენე-ცენტრისტულ ხელისუფლებასთან, თუმცა უარყო მისი ოპონენტის, ანდრე ვენტურას, ანტისამთავრობო და ანტისაიმიგრაციო შეხედულებები.

ქვეყნის ახლადარჩეული პრეზიდენტი თავის მემარჯვენე-ცენტრისტ წინამორბედს ოფიციალურად მარტში შეცვლის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend