ღაზასა და ეგვიპტეს შორის რაფაჰის სასაზღვრო პუნქტი, რომელიც ორწლიანი ომის შემდეგ პალესტინელებისთვის ,,იმედის ფანჯარაა“ გარე სამყაროსთან დასაკავშირებლად, შეზღუდულად და არასტაბილურად ფუნქციონირებს.
რაფაჰის საზღვრის გადასალახად ხანგრძლივი ადმინისტრაციული პროცედურების გავლაა საჭირო. ყოველდღიურად ასობით ადამიანს სურს ღაზაში დაბრუნება. შეთანხმების მიხედვით, ტერიტორიის დატოვების უფლება უნდა მიეღო 50 პაციენტს ორი პირის თანხლებით.
თუმცა, გაეროს მონაცემებით, საზღვრის გახსნიდან პირველ ოთხ დღეში ეგვიპტეში მხოლოდ 36 პაციენტი და 62 თანმხლები გადავიდა, მაშინ, როცა ღაზაში სამედიცინო ევაკუაცია დაახლოებით 20 000 ადამიანს სჭირდება.
„გზა ურთულესი იყო, ძალიან მძიმე. ორ საათზე მეტხანს ავტობუსებში ვისხედით, სანამ გავიდოდით. როგორც იქნა, დავიძარით, თუმცა უეცრად ჩვენ წინ ტანკი გამოჩნდა.
თითქმის ერთი საათი ვიყავით გაჩერებული, სანამ ტანკს გადაადგილების ნებართვა მისცეს. ტანკი დაიძრა, ჩვენც გადავკვეთეთ გზა და ცოტა წინ წავედით. დაახლოებით ხუთი წუთის შემდეგ კიდევ ერთი ტანკი შეგვხვდა. ვერ ვიჯერებდი. როცა მიწასთან გასწორებული ღაზა დავინახე, შოკში ჩავვარდი. ხელი თავში წავიშინე და ვთქვი:
„ნუთუ, ეს მართლა ღაზაა? დაუჯერებელია“, – ამბობს ღაზაში დაბრუნებული სიჰამ ომრანი.
საზღვარი ნაწილობრივაა გახსნილი. მგზავრები არასათანადო მოპყრობის შესახებ საუბრობენ. გაეროს წარმომადგენლებიც ამბობენ, რომ ისრაელის სამხედრო ძალები პალესტინელებს უდიერად ეპყრობიან, თუმცა ისრაელის მხარე ბრალდებას უარყოფს.
„თუ ნებადართულზე მეტი თანხა გაქვს, გართმევენ. თუ ზღვარს არ აჭარბებს, გიტოვებენ, ზედმეტს კი იღებენ. ყველაფერს გართმევენ. ვუთხარი: „პრობლემა არაა, რაც გინდათ, წაიღეთ, ოღონდ გაგვატარეთ, რომ დავბრუნდეთ“. შემოწმება ჩაგვიტარეს და ყველაფერი წესრიგში ჩანდა. შემდეგ შეგვკრიბეს და დარბაზში გამოგვკეტეს. ჩხრეკისა და ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ ისრაელის მხარეს უნდა გადავსულიყავით. შემოწმების დასრულების შემდეგ მოვიდნენ და ორივე ხელი შემიკრეს. მაშინ კიდევ უფრო შემეშინდა. თვალები ამიხვიეს და ხელბორკილები დამადეს. მეგონა, დამაკავებდნენ. დაახლოებით 15 წუთი მჩხრეკდნენ. მომთხოვეს საყურეების, სამაჯურისა და ბეჭდის მოხსნა და ყველაფრის ჩაბარება. ტელეფონი ჩანთაში ჩადეს, რომელზეც ჩემი სახელი ეწერა“, – ამბობს ღაზაში დაბრუნებული რანა ალ-ლუჰი.
მოლაპარაკებებში ჩართული მხარეები აცხადებენ, რომ მიმდინარე ეტაპი საპილოტეა და მისი შეფასების შემდეგ შესაძლოა გადაადგილების მასშტაბი გაიზარდოს.
„მე არმიამ წამიყვანა. მეგონა, დედას უბრალოდ ამოწმებდნენ, თითის ანაბეჭდებს უღებდნენ ან რაღაც მსგავსს. ხელბორკილები დამადეს, თვალები ამიხვიეს და დაკითხვის ოთახში გადამიყვანეს. არ ვიცი, რა გითხრათ… გვემუქრებოდნენ. მეუბნებოდნენ, რომ წამიყვანდნენ, დამაპატიმრებდნენ და ჩემს შვილებს ვეღარასდროს დავუბრუნდებოდი და ვეღარ ვნახავდი, თუ მათ კითხვებს არ ვუპასუხებდი. მისვამდნენ პოლიტიკურ კითხვებს, რომლებიც ჩვენ საერთოდ არ გვეხება. რიგითი მოქალაქისთვის ასეთი კითხვების დასმა გაუმართლებელია. ჩვენ ჩვეულებრივი მოქალაქეები ვართ; პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ გვაქვს. ისეთ რამეზე გვეკითხებოდნენ, რისი გაგებაც კი არ შეგვიძლია“, – ამბობს ღაზაში დაბრუნებული როტანა ალ-რეჯები.
რაფაჰის გადასასვლელი ღაზასთვის გარე სამყაროსთან ერთადერთი დამაკავშირებელი პუნქტია, რომელიც ისრაელის უშუალო კონტროლის ფარგლებს მიღმაა. ღაზის მოსახლეობისთვის მისი ფუნქციონირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.


