მთავარიევროპარუსეთიმოსკოვში საცხოვრებელ სახლთან GRU-ს გენერალს ესროლეს

მოსკოვში საცხოვრებელ სახლთან GRU-ს გენერალს ესროლეს

მოსკოვში, უცნობმა პირმა რამდენჯერმე ესროლა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დანაყოფის (GRU) ხელმძღვანელის მოადგილესა და ამ შტაბის კიბერდანაყოფის მეთაურს, ვლადიმერ ალექსეევს.

რუსული სახელმწიფო მედიის თანახმად, სამხედრო მაღალჩინოსანს მის საცხოვრებელს სახლთან დაესხნენ თავს და ის დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. მათივე ინფორმაციით, გენერალი გადარჩა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია, ხოლო თავდასხმაში ეჭვმიტანილმა პირმა შეძლო შემთხვევის ადგილიდან მიმალვა.

„სპეცსამსახურები თავიანთ სამუშაოს ასრულებენ და, რა თქმა უნდა, ანგარიშს აბარებენ პრეზიდენტს. გენერალს სიცოცხლესა და გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და, ვიმედოვნებთ, ასეც იქნება.

სრულიად ნათელია, რომ ასეთი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები და სამხედრო მეთაურები ომის დროს განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან, თუმცა კრემლის გადასაწყვეტი, როგორ უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება. ეს სპეცსამსახურების საქმეა…“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

გენერალს, რომელსაც 6 თებერვალს მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთში ესროლეს, 2011 წლიდან არის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რიგებში. ის მონაწილეობდა სირიაში მოსკოვის მიერ წარმოებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაშიც, რომლის მიზანი ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა და ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის შენარჩუნება იყო.

ვლადიმერ ალექსეევი ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებული კიდევ ერთი რუსი მაღალჩინოსანია. ევრობლოკმა და ლონდონმა ის დაადანაშაულეს 2018 წელს სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის „ნოვიჩოკით“ მოწამვლის ორგანიზებაში.

მის წინააღმდეგ ფინანსური და სავიზო შეზღუდვები აქვს დაწესებული ვაშინგტონსაც. ამ შემთხვევაში, საქმე ეხება აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კიბერთავდასხმების ორგანიზებას, რაშიც ვლადიმერ ალექსეევია მხილებული.

დასავლური სახელმწიფოებისგან განსხვავებით, მოსკოვისთვის ვლადიმერ ალექსეევი ამ საქმეში ეჭვმიტანილად მიჩნეული არ არის და კრემლმა მას 2019 წელს „სახელმწიფოს გმირის“ წოდება მიანიჭა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend