ვენესუელის საკანონმდებლო ორგანომ 5 თებერვალს დაამტკიცა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიერ წარდგენილი ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, რომლის მეშვეობითაც საპატიმროებიდან შესაძლოა ასობით პატიმარი გათავისუფლდეს, მათ შორის პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული ოპოზიციის ლიდერები, ჟურნალისტები და ადამიანის უფლებადამცველები.
კანონპროექტს, რომელიც შეერთებული შტატების სამხედროების მიერ ნიკოლას მადუროს დაკავებიდან რამდენიმე კვირაში წარადგინეს, სჭირდება მეორე მოსმენით დამტკიცება, რომელიც ჯერ ჩანიშნული არ არის.
დამტკიცების შემთხვევაში მას ხელი უნდა მოაწეროს როდრიგესმა, სანამ ის ოფიციალურად გამოქვეყნდება.
„ეს კანონი სისუსტის ნიშნად არ უნდა აღიქვათ, ის არ უნდა გამოიყენოთ ფარული დღის წესრიგის, პირადი ინტერესების ან პარტიული პოლიტიკური გათვლებისთვის. ეს ეხება ყველას, ჩავესის მიმდევრებსაც და ოპოზიციასაც. ჩვენ უნდა ვიყოთ გონიერები და ვაცნობიერებდეთ იმ პოლიტიკურ მომენტს, რომელსაც ხალხი ჩვენგან მოითხოვს. არავის არ უნდა მიეცეს საშუალება, რომ ეროვნული აღმასრულებელი ხელისუფლების ეს ინიციატივა დაუსჯელობის სიმბოლოდ აღიქვას.” – აცხადებს, ეროვნული ასამბლეის წევრი ხორხე არეასა.
შემოთავაზებულმა კანონპროექტმა ადამიანის უფლებადამცველ ჯგუფებში შეშფოთება გამოიწვია. მათი მოთხოვნაა, საბოლოო კენჭისყრამდე დოკუმენტის სრული ტექსტი გასაჯაროვდეს.
ადამიანის უფლებათა, განათლებისა და მოქმედების ვენესუელის პროგრამამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ხაზგასმულია, რომ კანონპროექტი სასწრაფოდ უნდა გასაჯაროვდეს, რათა დარწმუნებული იყვნენ, რომ მსხვერპლის უფლებები არ დაირღვევა და მას უარყოფითი გავლენა არ ექნება ვენესუელის საზოგადოებაზე.
„საუბარია პოლიტიკურ პატიმრებზეც, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხოლოდ რამდენიმეა პოლიტიკური პატიმარი, დიახ, ჩვენ ამ დებატებს სრული პასუხისმგებლობით გავმართავთ, მე კანონით ვხელმძღვანელობდი. ჩვენ პასუხი უნდა ვაგოთ იმაზე, თუ რას ვამბობთ და როგორ ვამბობთ. აქ ითქვა, რომ უნდა შედგეს სია იმ ადამიანებისა, რომლებიც ამ ამნისტიით ისარგებლებენ. თუმცა კონკრეტული ადამიანების სია არ უნდა იყოს. ამნისტიის შესახებ კანონში ჩამოთვლილია ფაქტები და ამ ფაქტების საფუძველზე განისაზღვრება, თუ ვის შეეხება ამნისტია.” – განაცხადა ეროვნული ასამბლეის წევრმა, პედრო ინფანტემ.
ამნისტიის შესახებ კანონი, რომელიც ოპოზიციისა და ადამიანის უფლებადამცველი ჯგუფების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, განსაკუთრებით აქტუალური ძალაუფლებიდან ნიკოლას მადუროს ჩამოშორების შემდეგ გახდა.
კანონპროექტი მოიცავს აწ გარდაცვლილ უგო ჩავესისა და მისი პოლიტიკური მემკვირდის ნიკოლას მადუროს ადმინისტრაციის პერიოდებს.
თუმცა გავრცელებული ცნობებით, კანონპროექტით ამნისტია არ შეეხება .მკვლელობაში, ნარკოტიკებით ვაჭრობაში და ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში მსჯავრდებულ პირებს.

