აშშ-ის მხრიდან „ენერგობლოკადის“ დაწესების შესახებ კუბის კომუნისტური ხელისუფლების ბრალდებებმა, ჰავანასა და ვაშინგტონს შორის ისეთად დაძაბული ურთიერთობა მეტად გააუარესა.
კუნძულოვანი ქვეყნის პრეზიდენტის მტკიცებით, მათ წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, ვაშინგტონთან დიალოგისთვის ყოველთვის იყვნენ მზად და მათი პოზიცია ახლაც უცვლელია, თუმცა მისთვის მიუღებელი რჩება ამერიკული მხარისგან მოლაპარაკებებისთვის წინაპირობების დაწესება, ზეწოლა, ასევე ქვეყნის სოციალისტური წყობის შეცვლა, რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს.
დიპლომატიურ ნაბიჯებზე საუბრის პარალელურად, კუბის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის მთავრობა აქტიურად ეძებს გზებს, ამერიკული სანქციებისთვის თავის ასარიდებლად, ასევე დასძენს, რომ, არსებული კრიზისული ვითარებისას, შესაბამის უწყებებს დაევალათ კუბის თავდაცვისუნარიანობაზე ზრუნვა, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო მზაობისთვის.
„კუბა აშშ-სთან, ნებისმიერ სამსჯელო საკითხზე ღია დიალოგის მზაობას გამოთქვამს, მაგრამ როგორ პირობებში? წნეხის გარეშე. ზეწოლის ქვეშ დიალოგი შეუძლებელია. ის საჭიროა წინასწარი დათქმების გარეშე – ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და თვითგამორკვევისადმი პატივისცემისა და თანასწორობის საფუძველზე.
კუბის მისამართით გაჟღერებული მუქარების გათვალისწინებით, ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად იქცა თავდაცვითი მზაობის გეგმის ამოქმედება. ეს მოიცავს მთელი ჩვენი ტერიტორიული დაცვის სისტემების მომზადებას ყველა დონეზე – დაწყებული მუნიციპალიტეტებისა და პროვინციების დონეზე თავდაცვითი მექანიზმებით, დასრულებული რევოლუციური შეიარაღებული ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროთი.
როგორ უნდა უზრუნველვყოთ ბავშვთა საკლასო ოთახების ფუნქციონირება საწვავის გარეშე? როგორ უნდა უზრუნველვყოთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების მუშაობა? როგორ მივაწვდით ხალხს სურსათს? როგორ შევძლებთ ხვნა-თესვას, მიწის დამუშავებასა და მოსავლის აღებას? როგორ უნდა გადავაადგილდეთ? ამიტომ ჩვენ მივიღებთ ზომებს, რომლებიც არ იქნება მუდმივი ხასიათის და დროდადრო გადაიხედება საწვავის ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით. ამ ზომების აღსრულება ძალისხმევას საჭიროებს.
ვიცი, რასაც იტყვიან ადამიანები – „კი, მაგრამ კიდევ მსხვერპლი?“ – თუ არ გავუწევთ წინააღმდეგობას, მაშ რა უნდა გავაკეთოთ? დავნებდეთ? ჩვენ ვამბობდით, რომ კუბისთვის კაპიტულაცია არ არის განსახილველი ვარიანტი…
ყველაფერზე ღიად ვერ ვისაუბრებთ, რადგან მტერი უთვალთვალებს იმ გზებსა თუ შესაძლებლობებს, რომლებიც, შესაძლოა, კუბისთვის გაიხსნას. თუმცა, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ კუბა არ არის მარტო. ასეთ მძიმე დროს არსებობს ბევრი ადამიანი, ხელისუფლება, ქვეყანა, დაწესებულება თუ კომპანია, რომელიც მზად არის კუბასთან თანამშრომლობისთვის…“ – განაცხადა კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიას-კანელმა.
აშშ-ის პრეზიდენტის შესახებ განცხადებების გაკეთებისას, თეთრი სახლი კუბის კომუნისტურ ხელისუფლებას „მეტი სიბრძნისა“ და „წინდახედულობისკენ“ მოუწოდებს.
ვაშინგტონის თანახმად, კუბის კრიზისი მათ ქმედებებთან არანაირად არ არის დაკავშირებული და ადგილობრივი მოსახლეობა პრობლემას ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკაში უნდა ეძებდეს, რომელიც, ამერიკული მხარის თქმით, მხოლოდ ძალაუფლებასა და გამდიდრებაზე ფიქრობს. თეთრი სახლი კუბის კომუნისტურ მმართველობას ურჩევს, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, „ვიდრე ჯერ კიდევ გვიანი არ არის“.
ვაშინგტონში ამბობენ, რომ დიალოგს არასდროს გაურბიან, სანამ არსებობს საკითხის დიპლომატიური გზით გადაჭრის რესურსი.
„ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ კუბის ხელისუფლება ცალ ფეხზე დგას, ქვეყნის ჩამოშლის აშკარა მანიშნებელია. ისინი მეტად დაკვირვებული უნდა იყვნენ, როდესაც ამერიკის პრეზიდენტის მისამართით რაიმე განცხადებას აკეთებენ, მაგრამ, როგორც ვთქვი, პრეზიდენტი ყოველთვის არის მზად დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის და ვთვლი, რომ სწორედ ასე იქცევა ის კუბის ხელისუფლების მიმართებითაც…“ – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლევიტმა.
არსებული დაძაბულობის მიუხედავად, აშშ-მა კუბის აღმოსავლეთ რეგიონებში, 2025 წლის ბოლოს დამანგრეველი შტორმის, „მელისას“ შედეგებთან საბრძოლველად, ჰუმანიტარულ პროდუქციასთან ერთად, 6 მილიონი დოლარის ოდენობის ფულადი დახმარებაც გამოყო.
2026 წლის იანვრის ბოლოს დონალდ ტრამპი დაიმუქრა იმ ქვეყნების საქონელზე ტარიფების დაწესებით, რომლებიც ყიდიან ან აწვდიან ნავთობს კუბას.
ბოლო ხუთი წელია, კუნძულოვანი სახელმწიფო ისედაც კრიზისის წინაშეა, თუმცა ვითარება ამერიკული სპეციალური სამხედრო ოპერაციის შემდეგ, ნიკოლას მადუროს დაკავებამ გაამწვავა, რადგან ვენესუელა კუბისთვის ნედლეულის ერთ-ერთი მთავარი მომმარაგებელი იყო.
დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ კუბა არშემდგარი სახელმწიფოა, რომელიც ჩამოშლის ზღვარზეა და რომელსაც გადასარჩენად მხოლოდ დაუყოვნებლივი მოლაპარაკებები სჭირდება. მის მუქარას ჩინეთის, მექსიკისა და რუსეთის დამგმობი განცხადებები მოჰყვა, რასაც აშშ-ის პრეზიდენტის პოზიცია მაინც უცვლელი დატოვა.
დიპლომატიურმა უთანხმოებამ, კუბის მოსახლეობის ყოველდღიურობა მეტად გააუარესა. ქვეყანა ენერგოკრიზისის წინაშეა, რადგან არ არის საწვავის საკმარისი მარაგები, ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყალმომარაგება კი საათობით, ზოგჯერ კი რამდენიმე დღით არის შეზღუდული.

