მთავარიაზიასირიასირიაში მდებარე ალ-ჰოლის ბანაკში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება განახლდა

სირიაში მდებარე ალ-ჰოლის ბანაკში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება განახლდა

გაეროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში მდებარე ალ-ჰოლის ბანაკი, სადაც ათიათასობით ქალი და ბავშვი ცხოვრობს და რომელიც ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არის დაკავშირებული, ეტაპობრივად აღადგენს  ფუნქციონირებას.

სირიის ცენტრალურმა ხელისუფლებამ  21 იანვარს ერთკვირიანი სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ჩამოართვა კონტროლი  ქურთულ ძალებს და ბანაკი დაიკავა.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, საბრძოლო მოქმედებების გამო ბანაკში ჰუმანიტარული მომსახურება ორი დღის განმავლობაში იყო შეწყვეტილი, თუმცა უკვე აღდგა ძირითადი სერვისები, მათ შორის წყლის, პურისა და სამედიცინო დახმარების მიწოდება.

„22 იანვრიდან ჩვენ ეტაპობრივად განვაახლებთ მუშაობას. შევძელით ბანაკში მყოფ დევნილებთან საუბარი და ვითარების შეფასება. სიტუაცია მთლიანობაში მშვიდია. მთავარი მოთხოვნაა ჰუმანიტარული დახმარება პურსა და წყალზე და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის აღდგენა. ზოგი ჰუმანიტარული ორგანიზაცია უკვე ანაწილებს საკვებ პაკეტებს“ – განაცხადა გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს პრესსპიკერმა სელინ შმიტმა.

ამჟამად ალ-ჰოლის ბანაკში დაახლოებით 24 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა ქალი და ბავშვია, მათ შორის არიან „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა ოჯახის წევრები. ბანაკში მცხოვრებნი ფორმალურად პატიმრები არ არიან, თუმცა მკაცრად კონტროლირებულ სივრცეში იმყოფებიან.

„ფინანსური მდგომარეობის გამო ნორმალურად ცხოვრება არ შეგვიძლია. საკვების პაკეტში ძირითადად ოსპია, ბავშვებს კი აღარ უნდათ მისი ჭამა. გვჭირდება დაკონსერვებული პროდუქტები. გათბობა ნაწილობრივ გვაქვს, მაგრამ სიცივე მაინც არის და ბუნებრივი აირის დეფიციტიც გვაქვს“ – ამბობს ალ-ჰოლის ბანაკში მცხოვრები მარიამ ალ-ისა.

„გვინდა, დაგვეხმარონ და ბავშვებისთვის რეაბილიტაციის სკოლა გახსნან. მათ სჭირდებათ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. ბავშვები იტანჯებიან, რადგან მათ ტერორისტებს უწოდებდნენ. თუ ვინმე დამნაშავეა, რა ბრალი მიუძღვით ბავშვებს  ისინი უდანაშაულოები არიან“ – ამბობს  ალ-ჰოლის ბანაკში მცხოვრები უმ ისჰაქმა.

გაეროს შეფასებით, სირიაში ბანაკისა და მსგავსი ობიექტების გრძელვადიანი პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა საერთაშორისო მხარდაჭერა და ინვესტიციები, რათა დაბრუნებულმა მოსახლეობამ შეძლოს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და სტაბილური შემოსავლის მიღება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend