მთავარიევროპაუკრაინა157 უკრაინელი რუსეთის ტყვეობიდან სამშობლოში დაბრუნდა

157 უკრაინელი რუსეთის ტყვეობიდან სამშობლოში დაბრუნდა

რუსეთის ტყვეობიდან 157 უკრაინელი სამშობლოში დაბრუნდა. ტყვეები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რუსეთსა და უკრაინას შორის გამართული მოლაპარაკების შედეგად გათავისუფლდნენ, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები შუამავლობდა. მოლაპარაკებებისას მხარეები ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ. უკრაინის ქალაქ ჩერნიჰივში სამშობლოში დაბრუნებულ უკრაინელებს ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.

გათავისუფლებული მეუღლის დასახვედრად ჩერნიჰივში მისული იყო ოლჰა კურტამალაევა.

„ჩემს ქმარს რუსლანი ჰქვია. სამი წელი და ათი თვეა, მის ტყვეობიდან დაბრუნებას ველი.  დღეს ის სახლში იქნება. რუსლანი მარიუპოლზე იერიშებისას ჩავარდა ტყვედ. 501-ე საზღვაო ქვეითთა ​​ბატალიონში მსახურობდა. აქ ყოველთვის მოვდიოდი ბიჭების დასახვედრად. დღეს კი სასიხარულო ამბავი გავიგე, რომ ჩემი ქმარი გაათავისუფლეს”, – ამბობს ოლჰა კურტამალაევა.

ოლჰა კურტამალაევა უკრაინულ დელეგაციას, რომელიც მოლაპარაკებებშია ჩართული მადლობა გადაუხადა.

„ვიცი, რომ უკრაინის წარმომადგენლები უზარმაზარ სამუშაოს ასრულებენ ჩვენი ხალხის დასაბრუნებლად. ჩვენ გვესმის, რომ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ იმ ადამიანებთან, რომლებიც ბავშვთა საავადმყოფოებს რაკეტებს ესვრიან. ასე რომ, მხოლოდ მათ და ღმერთმა იციან, როგორ ახერხებენ მოლაპარაკებას. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ”, – ამბობს ოლჰა კურტამალაევა.

ივან რომანი ჩერნიჰივში შვილის დასახვედრად მივიდა, რომელიც რუსმა სამხედროებმა ტყვედ ჩაიგდეს.

ივან რომანი, უკრაინელი პატიმრის მამა:

„მოლაპარაკებებს თვალყურს ვადევნებდი და ამას მომავალშიც გავაგრძელებ. ახლა ესაა ჩვენი ცხოვრება. სხვანაირად ვერ იქნება. ჩვენ ამ ყველაფერს თვალი უნდა ვადევნოთ. ეს თითოეული ჩვენგანის ნაწილია, მით უმეტეს, რომ ეს მოლაპარაკებები პირდაპირ გვეხება. დღეს ჩემი შვილი სახლში დაბრუნდა და ეს ერთ-ერთი პატარა ნაბიჯია“.

უკრაინის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, გათავისუფლებულთა შორის 150 სამხედრო მოსამსახურე და შვიდი მშვიდობიანი მოქალაქეა. გათავისუფლებული ჯარისკაცები ლუჰანსკის, დონეცკის, ხარკივის, ზაპორიჟიის, ხერსონის, სუმისა და კიევის ოლქებში იბრძოდნენ. ისინი უკრაინის სამხედრო დანაყოფების, ეროვნული გვარდიისა და სასაზღვრო დაცვის სამსახურის წარმომადგენლები არიან.

გასულ თვეს აბუ-დაბიში გამართულმა მოლაპარაკებებმა, რომლებიც აშშ-ის მიერ საბრძოლო მოქმედებების დასრულებას ითვალისწინებდა, გარკვეული შედეგი გამოიღო, მათ შორის ტყვეების გაცვლის ნაწილში, თუმცა ძირითად საკითხებში, როგორიცაა, მაგალითად, ტერიტორიების განაწილება, მხარეებს მნიშვნელოვანი პროგრესისთვის არ მიუღწევიათ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend