მინეაპოლისში საპროტესტო აქციების ძალადობრივად დაშლისა და ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ფედერალური საიმიგრაციო სამსახურის მიერ მიმდინარე სპეცოპერაციის ფონზე, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფთა წინააღმდეგ საბრძოლველად, ხელისუფლების პოლიტიკა უნდა შეიცვალოს.
„მივხვდი, რომ ალბათ ჩვენ უნდა შევარბილოთ მიდგომა, თუმცა, მაინც უნდა გამოვიჩინოთ სიმკაცრე. საქმე გვაქვს ძალიან სახიფათო კრიმინალებთან. თუმცა, მე დავურეკე ხალხს, დავურეკე გუბერნატორს, დავურეკე მერს და ვესაუბრე მას. შესანიშნავი კომუნიკაცია გვქონდა, შემდეგ კი ვხედავ, როგორ წუწუნებენ და ღრიალებენ ისე, თითქოს ზარი არც ყოფილა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-სთან ინტერვიუში.
თეთრი სახლის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ეს მათი მხრიდან არა უკან დახევის არამედ ეფექტურობის გასაზრდელად აუცილებელი ნაბიჯის დემონსტრირებაა.
„ჩვენ გვსურს, სრულიად გამჭვირვალენი ვიყოთ ჩვენს ქმედებებში. ამერიკელი ხალხი, რომელიც ეძებს და იმსახურებს პროფესიონალურ და სანდო სამართალდამცავ ორგანოებს, ასევე, მე და პრეზიდენტი ველით, რომ ნებისმიერი გადაცდომა არ იქნება დაშვებული და მასზე სწრაფად იქნება რეაგირება. ჩვენ მიერ განხორციელებული ცვლილებები, ასევე რესურსები ხელს შეუწყობს ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას და იმას, რომ მიზნობრივი სამართალდამცავი ოპერაციები ფოკუსირებული იყოს ეროვნული და საზოგადოებრივი უსაფრთხოების საფრთხეებზე. ისინი ეფექტურად და უსაფრთხოდ უნდა ჩატარდეს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის უფრო გონიერი აღსრულება და არა ნაკლებეფექტური…“ – განაცხადა აშშ-ის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა, ტომ ჰომანმა.
ბოლო დღეების განმავლობაში, მინესოტაში ფედერალური საიმიგრაციო სამსახურის აგენტების თანამშრომლების რაოდენობა 700-ით შემცირდა, თუმცა მათი რიცხვი მაინც 2 000-ს აღემატება, რის გამოც ადგილობრივთა უკმაყოფილება არ ცხრება.
განათლების სფეროში მომუშავეთა ნაწილმა აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რომლითაც ისინი მოითხოვენ, შეწყდეს ანტისაიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენელთა საქმიანობა სკოლებსა და საბავშვო ბაღებთან.
მათი თქმით, სამართალდამცავთა ქმედებები რადიკალურად ეწინააღმდეგება არამხოლოდ ამერიკულ, არამედ საერთაშორისო კანონმდებლობამაც.
„ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი მაგალითის მომსწრე გავხდით იმისა, რამდენად დიდი ზიანი მიაყენეს ჩვენს საზოგადოებას, პედაგოგებსა და მოსწავლეებს საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლების საქმიანობამ.
გამაღიზიანებელი ქიმიური საშუალებების გაფრქვევა უფროსკლასელების მისამართით, გაკვეთილების დასრულების შემდეგ მათი დაკითხვა საიმიგრაციო სტატუსთან დაკავშირებით, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, გარდა მათი კანის ფერისა და საბავშვო ბაღიდან შინ მიმავალი ხუთი წლის ბავშვის, როგორც სატყუარას გამოიყენება მისი მშობლების დაკავების მიზნით.
ეს ქმედებები არამხოლოდ შოკისმომგვრელი, არამედ უკანონოა. ისინი არამხოლოდ შეშფოთებას იწვევს, არამედ არღვევს უსაფრთხო გარემოს, რომელსაც ჩვენი მოსწავლეებისთვის პედაგოგები ქმნიან…“ – განაცხადა ორგანიზაციის, „მინესოტას განათლების“ პრეზიდენტმა, მონიკა ბაირონმა.
მინესოტაში მასშტაბური საპროტესტო აქციები 7 იანვარს დაიწყო, როდესაც ფედერალური საიმიგრაციო სამსახურის აგენტებმა 37 წლის რენი გუდი მოკლეს. თეთრი სახლის მტკიცებით, ის ერთ-ერთ მათგანზე მანქანით შეჯახებას ცდილობდა.
მორიგი მკვლელობა მოხდა 24 იანვარს. მაშინ 37 წლის ალექს პრეტის ლიკვიდაციის მიზეზად დასახელდა მის მიერ ფედერალური ძალების წარმომადგენლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ცეცხლსასროლი იარაღის ქონა, რომლითაც, გამოძიების ვერსიით, ალექს პრეტი სამართალდამცველებზე თავდასხმას გეგმავდა.
ორივე მოკლული აშშ-ის მოქალაქე იყო.
მასშტაბურ დემონსტრაციებს მინესოტას შტატში განლაგებულმა საპოლიციო ძალებმა ცრემლმდენი გაზის გამოყენებითა და დაკავებებით უპასუხეს.

