ქიმიური ნაერთის ე.წ. პიფასის PFAS-ი დიდი დოზით მოხმარება ზრდის კიბოს გარკვეული სახეობებით დაავადების რისკს, იწვევს შვილოსნობის უნარისა და იმუნიტეტის დაქვეითებას. ევროკავშირი ამკაცრებს თავისი რეგულაციების არსენალს, რათა წინ აღუდგეს გარემოს დაბინძურების ერთ-ერთ ყველაზე საშიშ საფრთხეს.
ოდესმე გსმენიათ რამე ე.წ. PFAS-ის, მარად უხრწნელი ქიმიკატის შესახებ? მისი სინთეტიკური მოლეკულების გამოყენება ძალიან მოსახერხებელია საყოფაცხოვრებო საგნებში, რადგან ისინი წყალგამძლეა, ადვილად ცილდება და ძალიან მდგრადია. და პრობლემაც სწორედ ეს არის. ეს მოლეკულები არ იხრწნებიან გარემოში და არც ჩვენი სხეულიდან გადიან.
მაგალითად ვენეტოში, ჩრდილოეთ იტალიაში ქიმიკატების ყოფილმა ქარხანამ გრუნტის სასმელი წყლით 300 ათასი ადამიანი მოწამლა. ეს ამბავი Miteni-ის სკანადალით არის ცნობილი, რადგან ასე ჰქვია ქარხანას, რომელიც 50 წლის განმავლობაში აწარმოებდა ამ მოლეკულებს. ქარხანა ახლა დახურულია, მაგრამ მისი დაღი ახლაც ატყვია ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ წყალსატევს.
ჯიოვანა იმ ჯგუფის წევრია, რომელსაც სახელად „დედები პიფასის წინააღმდეგ“ “(Mothers No PFAS”) ჰქვია. 2017 წელს მან აღმოაჩინა, რომ მისი ქალიშვილის სისხლი უხრწნელი კარცენოგენური ქიმიკატის პიფოეის PFOA შეიცავდა და მისი დონე დაშვებულ ზღვარს 40-ჯერ აღემატებოდა.
„მაშინვე შიშმა შემიპყრო. რომელიც სწრაფადვე ბრაზმა შეცვალა. საშინელმა სიბრაზემ“, – იხსენებს ჯოვანა.
„როდესაც გეუბნებიან, რომ წყალი უვნებელია და მერე უეცრად შენი შვილების სისხლში ასეთ საშიშ დონეს აღმოაჩენ, რომელიც თავად გადაეცი მათ საკუთარი პლაცენტით, ძუძუთი კვების დროს, აი, მაშინ ხვდები, რას ნიშნავს გაბრაზება“, – ამბობს “Mamme No PFAS” collective-ის კიდევ ერთი წევრი მიქელა პიკოლი.
შარშან ზაფხულში ისტორიული სასამართლო პროცესის შედეგად 11 მენეჯერი დააპატიმრეს, რომელთა სასჯელის საერთო ვადაც ჯამში 141 წელი გამოდის. რაც შეეხება დანადგარებს – ისინი ინდოეთში გაყიდეს.
„როგორც დედები, ჩვენ უზარმაზარ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ამასთან დაკავშირებით. გვინდა, გავაფრთხილოთ ინდოელი დედები, ვუთხრათ, რაც აქ მოხდა და დავარიგოთ, რომ მუდამ თვალი ეჭიროთ“, – განმარტავს მიქელა.
PFAS-ი სხეულში შესაძლოა რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში დარჩეს, გარემოში კი – საუკუნეებსაც უძლებს. აი, ეს არის მთავარი პრობლემა სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიებისთვის, რადგან ევროკავშირში ლიტრაზე PFAS-ის საერთო რაოდენობის დასაშვები ზღვარი ახლახან 100 ნანოგრამით შეამცირეს.
ალბერტო პიკოლი, კომპანია Viacqua-ს გენერალური დირექტორი
„ჩვენ ვამბობთ, რომ ამ წყალსატევში PFAS საერთო კონცენტრაცია ლიტრაზე დაახლოებით 2000 ნანოგრამია. აქ მხოლოდ ჯანდაცვისა და გარემოს დაბინძურების კუთხით კი არ არის საგანგაშო მდგომარეობა, არამედ ინფრასტრუქტურის დაბინძურების კუთხითაც“, – ამბობს ალბერტო პიკოლი, კომპანია Viacqua-ს გენერალური დირექტორი.
ზარალი ძალიან დიდია: ახალი წყლის მილების ქსელს აშენებენ, რათა წყალი სუფთა გარემოდან წამოიღონ. ქსელის დასრულებამდე კი ეს სასმელი წყლის ქარხანა, რომელიც საშიში ზონის შუაში მდებარეობს, 25 გააქტიურებული ნახშირბადის ფილტრით აღჭურვეს, რომლებიც გრძელი ქიმიური ჯაჭვის მქონე PFAS-ის მოლეკულებს ეფექტურად აკავებს.
მაგრამ წყლის მილების ქსელში შესაძლოა ახალი მოლეკულები მოხვდეს. კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ თავად ნახშირბადი ჯერდება PFAS-ით. ამიტომ ეს ფილტრები წელიწადში 10-ჯერ უნდა შეიცვალოს და დაიწვას – ეს კი გარემოსაც აზიანებს და ფინანსურ ზარალსაც აყენებს კომპანიას.
პაოლო რონკო, კომპანია Viacqua-ის კვლევისა და ინოვაციის განყოფილების ხელმძღვანელი:
„PFAS-ის გადატანა წყლიდან ფილტრებზე, საიდანაც ჰაერში ვრცელდება, არ აგვარებს პრობლემას საბოლოოდ. საჭიროა, ტექნოლოგიურად შევძლოთ მოლეკულების გახსნა და მინერალიზება, რათა მთელი საფილტრი სისტემა, განსაკუთრებით წყლისა – უფრო ეფექტიანი გახდეს. რადგან ამ ინფრასტრუქტურის ფასს მოქალაქეები იხდიან“.
ამ ქიმიური ნივთიერების საწინააღმდეგოდ სხვა გამოსავალი უნდა მოიძებნოს. თანაც ევროკავშირი ამ ქიმიკატის დონის გაკონტროლებას როგორც ნიადაგის ზედაპირზე, ისე გრუნტის წყლებსა და ნიადაგის სიღრმეში გეგმავს.
ქალაქ ვიჩენცის წყლით მომარაგების კომპანია მილანელ მეცნიერებთან თანამშრომლობს ევროპული პროექტის LIFE CAPTURE-ის ფარგლებში. ეს მეცნიერები ქმნიან პროტოტიპს, რომელიც ულტრაიისფერ სხივებს შეიცავს.
სილვია ფრანცი, მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი:
„სამწუხაროდ, მრეწველობამ PFAS-ის ისეთი ქიმიური ნაერთი შექმნა, რომ არ დაიშალოს. ამ რეაქტორებით ვცდილობთ PFAS-ის დაშლას, რათა ეს რთული ფორმულა გარდავქმანთ CO2-ად, წყლად და არაორგანულ იონებად“.
ამ პროცესს ანალიტიკური პრობლემაც ახლავს: მხოლოდ იმის გაზომვა შეგვიძლია, რასაც ვხედავთ. PFAS-ით დაბინძურებული დაახლოებით ოცი ადგილის მონიტორიგნი მიმდინარეობს. იმ ობიექტების რუკა, სადაც PFAS-ი მიწის ზედაპირზეა აღმოჩენილი აჩვენებს, რომ ეს ნივთიერება მთელ მსოფლიოშია მიმოფანტული.
„ეს მოლეკულები შესაძლოა ერთად დაგროვდეს გარემოში, რაც ჯანმრთელობას აზიანებს: ეს იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას, უშვილობას და რამდენიმე ტიპის კიბოს“, – ამბობს ემილიო ბრივიო სფორცა, მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი.
PFAS-ი 10 ათასი სახეობიდან მხოლოდ რამდენიმეა შეტანილი სტოკჰოლმის საერთაშორისო კონვენციის შავ სიაში. ევროპამ აკრძალა მათი გარკვეულ შემთხვევებში გამოყენება სპეციალური რეგულაციის ე.წ. REACH-ის (Registration, Evaluation, Authorisation and Restriction of Chemicals) ფარგლებში. მაგალითად, ეს ნივთიერება ახლახან აიკრძალა ხანძარსაწინააღმდეგო ქაფებში, რომლებიც დაბინძურების ძირითადი წყაროა. რეგულაციის გამკაცრებას კიდევ აპირებენ.
შვედეთი ერთ-ერთია იმ ხუთ ქვეყანას შორის, რომლებიც ევროპაში PFAS-ის სრულ აკრძალავს ითხოვენ. მაგრამ რამდენად შესაძლებელია ამის გაკეთება ისე, რომ ჩვენი ეკონომიკა არ დაზარალდეს?
PFAS შემცველი პროდუქტების გარეშე ცხოვრება არც ისე ადვილია. ისინი ყველგან არის ჩვენ ირგვლივ.
რომენ ფიგიერე, სტოკჰოლმის უნივერსიტეტის დოქტორანტი:
“ისინი ყველგანაა. კედლებზე, საღებავში, ყველა კაბელში, რომლებიც გარედან შეფუთულია. ყველა ტიპის ელექტროაპარატურაში, ჩემი ტელეფონის ნებისმიერ კომპონენტში. აი, ამ ჭიქაშიც იქნება PFAS-ი. ჩემი საქმეა, რომ დავაკვირდე თითოეულ მათგანს, გავარკვიო, რატომ არის გამოყენებული პიფასი PFAS და რამდენად არის შესაძლებელი, სხვა გზით მივიღოთ ის შედეგი, რომელსაც პიფასი PFAS-ი გვაძლევს“.
სანამ რამეს გადაწყვეტდა, ევროკავშირმა ევროპის ქიმიკატების სააგენტოს დაავალა, შეესწავალა, თუ რა სარგებელს ან ზარალს მიიღებდა ეკონომიკის თითოეული სექტორი PFAS-ის შეზღუდვით. რომენ ფიგიერესა და პროფესორ იან კაზინსის გუნდმა გამოთვალა, რომ პიფასის ინდუსტრიული მოხმარების მეოთხედი უკვე ჩანაცვლებულია. თუმცა უნდა დავრწმუნდეთ, რომ ალტერნატიული საშუალებებიც უსაფრთხოა. მაგრამ ზოგიერთი სტრატეგიული სექტორი ალტერნატივის წინააღმდეგია.
იან კაზინსი, სტოკჰოლმის უნივერსიტეტის პროფესორი:
„ეს, შესაძლოა, ეხებოდეს ელექტროსაქონელს, ენერგოსექტორს, სამედიცინო პროდუქციას. სწორედ ესენია ყველაზე ჯიუტი ინდუსტრიები. ისინი ამბობენ, რომ ეს ნივთიერება არსებითია და მისი ჩანაცვლება შეუძლებელია“.
„ ეს შესაძლოა ასე მოხდეს: მაგალითად, ელექტრომობილის მწარმოებელმა თქვას, რომ „მეტი დრო გვჭირდება, რათა ბატარეაში პიფასი ჩავანაცვლოო“. მაშინ მთავრობამ უნდა დაუყენოს პირობა, რომ პიფასის PFAs გამოყენება ელექტრომობილების ბატარეებში ექვსი წლის განმავლობაში აიკრძალოს“, – განმარტავს რომენ ფიგიერე.
PFAS-ზე უარი რომ ვთქვათ, მეტი კვლევა და მეტი მონდომებაა საჭირო. კომპანია Marshall-მა, რომელიც დინამიკებისა და ყურსასმენებისა წამყვანი მწარმოებელია, აზიელ მომწოდებლებთან რამდენიმეწლიანი თანამშრომლობის შემდეგ უკვე იპოვა PFAS-ის ალტერნატივა თავისი პროდუქციის უმეტესი ნაწილისთვის. არც ამ კაბელებისა და არც ამ ბატარეების პლასტმასის გარსი აღარ შეიცავს PFAS-ს. ეს კომპანია ახლა მუშაობს, რომ ბატარეა პიფასის PFAS გარეშე აწარმოოს.
ანა ფორსგრენი, Marshall Group-ის პროდუქციის შესაბამისობისა და მდგრადობის მენეჯერი:
„ჯერ კიდევ დარჩენილია პრობლემური პროდუქტები, როგორებიცაა, მაგალითად, ნახევრადგამტარები და ბატარეები, რომლებშიც ისევ გამოიყენება PFAS-ი… თუკი ყველა გავერთიანდებით და მოვითხოვთ პროდუქტს PFAS-ის გარეშე, ფასები დაიწევს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინოვაცია დავნერგოთ ნაცვლად იმისა, რომ ჩანაცვლებისთვის გარდამავალი პერიოდი მოვითხოვოთ“.
ავტორი: სირილ ფურნერისი

