„თქვენი ხალხი აქ არის. გვინდა, რომ დაბრუნდე“ – ამ შინაარსის ბანერებითა და გზავნილით კარაკასში, აშშ-ის სპეციალური სამხედრო ოპერაციის შედეგად, ვენესუელის დაკავებული პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს მხარდამჭერების აქცია გაიმართა.
დემონსტრანტები მის ამერიკული მართლმსაჯულებისგან გათავისუფლებასა და ვენესუელაში დაბრუნებას მოითხოვენ.
აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა ნიკოლას მადუროს ვაჟმა და, ამავე დროს ქვეყნის პარლამენტის წევრმა, რომელიც ამერიკელ ხალხს დებატებს სთავაზობს:
„ამერიკელ ხალხს ვიწვევთ დიალოგისთვის, კონსტრუქციული დებატების ფარგლებში, რაც საშუალებას მოგვცემს, ორივე მხარისთვის საუკეთესო მოცემულობაზე შევთანხმდეთ.
თუკი ამერიკას საკუთარი ხედვა აქვს, მას პატივს ვცემთ, თუმცა მოვუწოდებთ მათ მოსახლეობას და მოვითხოვთ მათგან, მოგვცენ უფლება, საკუთარი ხედვაც გვქონდეს, რათა მშვიდობიანად განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა…“ – თქვა ნიკოლას მადუროს ვაჟმა, ნიკოლას მადუროს გერამ.
„გვინდა, ჩვენი ქვეყანა ძლიერდებოდეს, ეკონომიკა საჭირო გზით ფუნქციონირებდეს, რომ თითოეულ სახელმწიფოს ჰქონდეს საკუთარი ეკონომიკური შესაძლებლობები საცხოვრებლით უზრუნველყოფის, მეწარმეობის და ახალგაზრდობის განვითარების მხრივ. ეს ფორმები ნამდვილად გვჭირდება როგორც თითოეულ ჩვენგანს, ისე ჩვენს სამშობლოს“, – თქვა ნიკოლას მადუროს ერთ-ერთმა მხარდამჭერმა, პატრისია სეგოვიამ.
ვენესუელის ხელისუფლების მაღალჩინოსანთა უმრავლესობა და ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი, ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის დასაკავებლად ჩატარებულ ამერიკულ სპეცოპერაციას „გატაცება“ უწოდებს.
მათვე დაიწყეს როგორც ონლაინკამპანია, ისე ქუჩის, შედარებით მცირერიცხოვანი პროტესტი ყოფილი პრეზიდენტისა და პირველი ლედის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად, თუმცა უკვე 1 თვეა, რაც ნიკოლას მადურო, მეუღლესთან ერთად სასჯელს ამერიკულ ციხეში იხდის.
5 იანვარს მანჰეტენის სასამართლომ ვენესუელის დაკავებულ პრეზიდენტს ბრალი წარუდგინა. გამოძიება მას ედავება ნარკოტერორიზმს, კოკაინის იმპორტის შეთქმულებასა და ავტომატური იარაღისა და ასაფეთქებელი საშუალებების ფლობას.
საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 17 მარტს უნდა გაიმართოს. გლობალურ ასპარეზზე, ვაშინგტონის სპეციალური სამხედრო ოპერაცია მოსკოვმა, პეკინმა და თეირანმა დაგმეს, თუმცა თეთრი სახლი აცხადებს, რომ მრავალჯერ გამართული უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ, გარდა სპეცოპერაციისა, მათ სხვა გზა აღარ დარჩათ.


