მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რომ მექსიკა კვლავ ეძებს დიპლომატიურ გზას, რათა კუბისთვის ნავთობის მიწოდება განაახლოს. მან ასევე დასძინა, რომ კუბა თავისი გადასახადებით სრულად ასრულებს ვალდებულებებს.
გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კუბასთან ნავთობის ვაჭრობაში ჩართულ ქვეყნებს ტარიფებს დაუწესებდა. თუმცა მექსიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ მანამდე, იანვარშივე, ყოველგვარი განმარტების გარეშე შეაჩერა კუბაში ნედლი ნავთობის მიწოდება.
,,პრობლემა, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ, არის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება, რომ ტარიფებს დაუწესებს იმ ქვეყნებს, რომლებიც კუბას ნავთობს მიჰყიდიან. სწორედ ამიტომ ვეძებთ იმ შესაძლო დიპლომატიურ გზას, რომელიც ამ საკითხს მოაგვარებს. რადგან არ გვსურს, ეს ვითარება მექსიკაზეც აისახოს. ამავდროულად, სანამ ნავთობის საკითხზე მოლაპარაკებები გრძელდება, ჩვენ კუბას კვლავ გავუგზავნით ჰუმანიტარულ დახმარებას. ზოგი უჭერს მხარს კუბის რეჟიმს, ზოგიც – არა, თუმცა თითოეული მათგანი კუბელია. მექსიკა კი არ მიატოვებს არავის, არც თავის ხალხს და არც გაჭირვებაში მყოფ სხვა ხალხს“ – განაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა.
მექსიკის ხელისუფლება გეგმავს, ამ კვირაში კუბას დამატებითი ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნოს, რადგან კუნძულზე საწვავის დეფიციტი და გართულებული ეკონომიკური პირობებია.

