ევროკავშირსა და ავსტრალიას შორის სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად და მის ირგვლივ 2023 წელს ჩიხში შესული ვითარების საბოლოოდ დასაძლევად, ურსულა ფონ დერ ლაიენი ავსტრალიაში ჩასვლას გეგმავს.
ევროკომისიის პრეზიდენტი კანბერას, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოსთვის ეწვევა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის დასრულების შემდეგ, რითაც შეეცდება ევროგაერთიანებისთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო გარიგების მიღწევას, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ინდოეთთან გაფორმებული შეთანხმება ჯერ რატიფიცირებას საჭიროებს, მერკოსურის შეთანხმება კი ევროპელ ფერმერთა და პოლიტიკოსთა შორის უთანხმოების საგნად რჩება.
თუმცა, ურსულა ფონ დერ ლაიენის ვიზიტის გეგმები დამოკიდებულია, რამდენად წარმატებული იქნება ვაჭრობის საკითხებში ევროკომისრის, მაროშ შეფჩოვიჩის შეხვედრა მის ავსტრალიელ კოლეგასთან, რომელიც მომდევნო კვირაში ბრიუსელში უნდა შედგეს.
ავსტრალიასა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობები წლებია, მჭიდრო თანამშრომლობას ეფუძნება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, მომსახურება და კრიტიკული მინერალები. მხარეები აქტიურად მუშაობენ სრულფასოვან სავაჭრო შეთანხმებაზე, რომელიც მიზნად ისახავს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასა და ორმხრივი სარგებლის მიღებას.
არც ავსტრალია და არც ევროკავშირი არ დავობენ, რომ სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმება ურთიერთსასარგებლო იქნება, თუმცა, ამის მიუხედავად, 2023 წელს „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ მოლაპარაკებები ჩაიშალა და მხარეებს შორის დაძაბულობა გამოიწვია.
კანბერამ ბრიუსელი დაადანაშაულა, რომ ევროკავშირი ვერ უზრუნველყოფდა ბაზრის ხორცის, რძის პროდუქტებისა და შაქრის საკმარისი მარაგებით დაკმაყოფილებას.
სწორედ სოფლის მეურნეობა რჩება ძირითად წინაღობად, რის გამოც შეთანხმება მესამე წელია, ჩიხშია შესული, თუმცა ბრიუსელში ავსტრალიას როგორც თანამოაზრესა და სტრატეგიულ მოკავშირედ მიიჩნევენ და ამიტომ ვარაუდობენ, რომ, ერთი შეხედვით, დაუძლეველი პრობლემა, უმოკლეს ვადებში გადაიჭრება.
აშშ-სა და ევროკავშირს შორის ბოლო დროს არსებული დაძაბული ურთიერთობისა და ვაშინგტონის მხრიდან პერიოდული „სატარიფო მუქარების“ ფონზე, რასაც ჩინეთის ეკონომიკური გავლენების გაძლიერება ემატება, ევრობლოკი ცდილობს, ახალი ბაზრები ეძებოს და სავაჭრო შეთანხმებები გააფორმოს როგორც აზიურ, ისე ინდო-წყნარი ოკეანის სახელმწიფოებთან.

