ილონ მასკი თავისი კოსმოსური და ხელოვნური ინტელექტის კომპანიების გაერთიანებას წლის ბოლომდე გეგმავს. მისმა ავიაკოსმოსურმა კომპანიამ SpaceX-მა 2 თებერვალს გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომ მან ხელოვნური ინტელექტის კომპანია xAI შეიძინა.
ილონ მასკმა არაერთხელ ისაუბრა იმ ტექნოლოგიების განვითარების დაჩქარების აუცილებლობაზე, რომლებიც კოსმოსში მონაცემთა ცენტრებს მუშაობის საშუალებას მისცემს. კოსმოსური ტექნოლოგიების სტარტაპკომპანიის Madari Space-ის, აღმასრულებელი დირექტორი შარიფ ალ რომაითი ამბობს, რომ ეს კოსმოსში მონაცემთა ცენტრების წარმატებით მუშაობისთვის წინგადადგმული ნაბიჯია.
„კომპანია თითქმის სამი წლის წინ დავაარსეთ, სამი გლობალური კომპანიიდან ჩვენ ერთ-ერთი ვიყავით, რომელიც მონაცემთა კოსმოსური ცენტრების განლაგებაზე მუშაობდა. დღეს კი უკვე ისეთი კომპანიები არსებობს, როგორებიცაა ილონ მასკის კომპანია, Google და ჯეფ ბეზოსის Blue Origin. ყველა ერთი და იმავე მიზნისთვის მუშაობს. ეს ნამდვილად დიდი მხარდაჭერაა ინვესტორებისთვის როგორც რეგიონში, ისე გლობალურად”, – ამბობს შარიფ ალ რომაითი, რომლის კომპანიაც, Madari Space, კოსმოსში მონაცემთა ცენტრებზე მუშაობს.
შარიფ ალ რომაითი ამბობს, რომ კოსმოსში რთული გარემოა ტექნიკისთვისაც და პროგრამებისთვის.
„კოსმოსში წარმატებული ოპერაციების უზრუნველყოფის მიზნით ორ მთავარ პუნქტზე, თერმული მართვის გადაწყვეტილებებსა და რადიაციაზე ვამახვილებთ ყურადღებას. ამ საკითხებზე ვაწარმოებთ კვლევას. როდესაც საქმე სარგებელს ეხება, რა თქმა უნდა, არსებობს უფასო მდგრადი ენერგიის 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა. ჩვენ შეგვიძლია, გავაფართოოთ ჩვენი თანავარსკვლავედი ისე, რომ დააკმაყოფილოს ბაზრის საჭირო მოთხოვნები მომავალში. მე ვიტყოდი, რომ 10-15 წლის შემდეგ შევძლებთ, რომ მასშტაბი ილონის ამბიციებს შეესაბამებოდეს“, – ამბობს შარიფ ალ რომაითი.
ილონ მასკის კოსმოსური კომპანიის SpaceX-ის მიზანია ხელოვნური ინტელექტის სისტემების შექმნითა და მართვით დედამიწაზე ელექტროენერგიისა და სხვა რესურსების უზარმაზარი ხარჯები შეამციროს.


