NASA-ს მიერ დიდი ხნის ნანატრი და დაგეგმილი ადამიანური მისია მთვარეზე, სავარაუდოდ, მარტამდე გადაიდო, რადგან მისი ახალი გიგანტური რაკეტის, SLS-ის საცდელი გაშვების რეპეტიციის დროს, წყალბადის საწვავის გაჟონვა გამოვლინდა.
ეს პრობლემაა, რამაც სამი წლის წინაც შეაფერხა Space Launch System-ის (SLS) რაკეტის დებიუტი. მაშინ პირველი საცდელი ფრენა თვეების განმავლობაში გადაიდო წყალბადის გაჟონვის გამო — საწვავის, რომელიც ძლიერ აალებადია და უკიდურესად საშიშია.
„ამ ტესტმა საშუალება მოგვცა, სრულად გამოგვეცადა ყველა საჭირო სისტემა. ვფიქრობ, რეალურ დროში ნანახის საფუძველზე უკვე ნათელია, რომ Artemis 2-ის გაშვებას მარტამდე ვერ დავგეგმავთ. მისიის ასტრონავტები დღეს დილით კარანტინიდან გათავისუფლდნენ. ისინი ჰიუსტონში რჩებიან.
პირველ სრულმასშტაბიან ტესტსა და მეორე ასეთივე ტესტს შორის საკმაოდ დიდი დრო გავიდა. რა თქმა უნდა, ამ ხნის განმავლობაში ჩვენ სხვადასხვა კონფიგურაციაში ვატარებდით გამოცდებს. ეს აპარატი, ყოველ შემთხვევაში ჩვენი სატესტო პროგრამის ფარგლებში, სწორედ ასეთი სრულმასშტაბიანი ტესტებისთვის არის შექმნილი.
თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ეს მაინც ექსპერიმენტული პროცესია, რადგან მთვარეზე გაფრენა ამ კონფიგურაციით, განსაკუთრებულია. ასეთი სისტემა უნიკალურია“,- აცხადებს NASA-ს ასოცირებული ადმინისტრატორი, ამიტ ქშატრია.
NASA-ს ოფიციალურმა პირებმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ რაკეტის გაშვების დაახლოებით ერთთვიანი გადადება, სააგენტოს გუნდს საშუალებას მისცემს, კიდევ ერთი ტესტი ჩაატაროს, სანამ ოთხ ასტრონავტს — სამ ამერიკელს და ერთ კანადელს — მთვარის გარშემო შემოვლითი მისიისთვის გაუშვებენ. ჯერჯერობით უცნობია, როდის შეიძლება რეპეტიცია განმეორდეს.
„ჩვენ ვცდილობთ, ტესტირება მაქსიმალურად ჰგავდეს რეალურ ფრენას, თუმცა საწვავის ავზსა და ხომალდის შეერთების ეს კვანძი ძალიან რთულია. როცა საქმე წყალბადს ეხება, უნდა გვახსოვდეს, რომ ის ძალიან მცირე მოლეკულაა და მაღალენერგიულია. სწორედ ამიტომ მოგვწონს ის და მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველაფერი სწორად გავაკეთოთ. თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვა, ამჯერად ეს ჩვენთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. თავდაპირველი შეფასებებისა და ტექნიკური გუნდის დასკვნის მიხედვით, გვეგონა, რომ საქმე ასე რთულად ნამდვილად არ იქნებოდა. თუმცა, ზოგჯერ ასეც ხდება,“- განმარტავს Artemis II მისიის გუნდის ხელმძღვანელი, ჯონ ჰანიკატი.
Artemis 2 ათდღიანი მისიაა და 4 ასტრონავტის მთვარის გარშემო შემოვლას ითვალისწინებს.
ეს ისტორიული მომენტია, რადგან, Apollo-დან Artemis-ამდე რამდენიმე ათწლეული ისე გავიდა, რომ მთვარეზე მხოლოდ ზონდებს ვგზავნიდით. სამაგიეროდ, კოსმოსური სააგენტოები ამ ციური სხეულის ათვისების გეგმებს უკვე აქტიურად აწყობს და იქ ბაზების მოწყობა სურთ.
Artemis 2 ასეთი მომავლისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

